Jump to content
Planeta.Ge

„ხალხმა აიტაცა, უნდოდათ, მას უკეთ ეცხოვრა“ - ბინა 4 წლის ლუსისთვის


შოვის ღვარცოფში დაღუპული სოფო ბაკურაძის გოგონას ხალხმა ბინის საყიდელი ფული შეუგროვა. 4 წლის ლუსის სოფო მარტო ზრდიდა.

გლოლელი სოფო ბაკურაძე 23 წლის მარტოხელა დედა იყო, შოვის კოტეჯებში დამლაგებლად მუშაობდა და 4 წლის შვილს ზრდიდა. მისი გოგონა ახლა ახლობლებთანაა. ბავშვისთვის არ უთქვამთ, რომ დედა დაიღუპა, არც დაკრძალვას დაასწრეს.

„ბავშვის როგორ უნდა ვუთხრათ, არც ვიცით, ჯერ ვერც გაიგებს. რამდენიმე ფსიქოლოგს ვესაუბრე, კიდევ დავუკავშირდები მომავალში.

23 წლის იყო ჩემი და. ამ ასაკში იწყებს ხალხი ცხოვრებას. მხოლოდ ბავშვი დატოვა, სამი წელიც ვერ მოასწრო მასთან ყოფნა.

ხატვა უყვარდა. სკოლის მერე სამხატვრო აკადემიაში უნდოდა ჩაბარება, მაგრამ ბოლო გამოცდაზე დააგვიანდა და ის წელი გაუცდა. შემდეგ გათხოვდა, ბავშვი გააჩინა და ვეღარ მოახერხა“, - ჰყვება სოფოს ძმა გიორგი.

სოფოს მშობლები და ორი სტუდენტი ძმა გლოლაში ცხოვრობენ. ლუსიზე მეურვეობის აღებას ოჯახი აპირებს.

სტიქიის ზონა
სტიქიის ზონა

ბავშვის დასახმარებლად ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აქცია წამოიწყო. თვითონვე გაუკვირდათ, ფული ისე მალე შეგროვდა.

„თავიდან გვინდოდა ელემენტარული თანხა მაინც შეგვეგროვებინა, რომ როგორმე ოჯახს დავხმარებოდით. პოსტი სამჯერ დავდეთ და მეტი არაფერი დაგვჭირვებია. ხალხმა აიტაცა, თავისით ავრცელებდნენ და აზიარებდნენ. უნდოდათ, ლუსის უკეთ ეცხოვრა“, - ამბობს „რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის“ წარმომადგენელი ლამარა ბოჭორიშვილი.

შეგროვებული ფულით ბავშვისთვის თბილისში პატარა ბინის ყიდვას აპირებენ. სანამ ლუსი გაიზრდება, მის მეურვეებს სახლის გაქირავება შეეძლებათ.

„უკვე შევარჩიეთ სტუდიო ბინა დიდ დიღომში. გარემონტებული ბინაა. რომ გაიგეს, რისთვის გვინდოდა, კომპანიის წარმომადგენელი დაგვპირდა, ჩვენ მოგიწყობთო. ეს ბინა სოფოს დედის სახელზე გაფორმდება“, - ამბობს ნანა სოხაძე, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი“.

ლუსის დედა სოფო ბაკურაძე გლოლაში 15 აგვისტოს დაკრძალეს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...