უკრაინა: "აზოვი" ფრონტზე დაბრუნდა და ლისიჩანსკთან იბრძვის
უკრაინის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა მიკოლა ურჩილოვიჩმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სპეცდანიშნულების ბრიგადა "აზოვი" ფრონტზე დაბრუნდა და ამჟამად ლისიჩანსკიდან ჩრდილო-დასავლეთით, სერებრიანი-ლესნიშესტვოს რაიონში იბრძვის.
"აზოვის" პოლკი 2022 წლის გაზაფხულზე თითქმის ორი თვის განმავლობაში ინარჩუნებდა თავდაცვის პოზიციებს "აზოვსტალის" ქარხანაში, მარიუპოლში. მაისში "აზოვსტალის" მცველებმა ქარხნის ტერიტორია დატოვეს, მეთაურთა ბრძანებით. რუსეთის არმიის ტყვეობაში აღმოჩნდა ათასამდე უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც მარიუპოლს იცავდნენ - მათგან ბევრი "აზოვის" მებრძოლი იყო.
ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ხელმძღვანელები აპირებდნენ "აზოვის" მებრძოლთა საჯაროდ გასამართლებას. გასული წლის სექტემბრის შემდეგ "აზოვის" 300 მებრძოლზე მეტი უკრაინაში დაბრუნდა, პატიმართა გაცვლის გზით.
"აზოვის" პოლკი 2014 წელს შეიქმნა, როგორც ნებაყოფლობითი გაერთიანება და მის სათავეებთან იდგნენ ულტრამემარჯვენე შეხედულებების აქტივისტები. 2015 წელს აშშ-ის კონგრესმა აკრძალა პოლკისთვის დახმარების გაწევა, ნეონაცისტურ ჯგუფებთან სავარაუდო კავშირების გამო. ამჟამად "აზოვი" წარმოადგენს უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილს.
რუსეთში უმაღლესმა სასამართლომ პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და აკრძალა. ამასთან, "აზოვს" რუსეთის პროპაგანდა რეგულარულად იყენებს იმის მტკიცებულებად, რომ უკრაინაში ნეონაციზმი სახელმწიფო დონეზეა მხარდაჭერილი.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.