Jump to content
Planeta.Ge

აშშ-ის ელჩი: ვართ საქართველოსთან ერთად 30 წელზე მეტია და წასვლას არსად ვაპირებთ


აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რომელსაც ამ პოსტზე თავისი საქმიანობის ვადა ეწურება, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსული და პრორუსული დეზინფორმაციით ცდილობენ ორ ქვეყანას შორის პარტნიორულ ურთიერთობას ძირი გამოუთხარონ.

"ისინი [ხალხი] მიეჩვივნენ ამ სახის რუსულ და პრორუსულ დეზინფორმაციას და ვფიქრობ, შეუძლიათ დაინახონ, როდის ცდილობენ ადამიანები დააზიანონ საქართველოს პარტნიორობა თავის უახლოეს მეგობრებთან, ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორებთან... აქ ვართ, საქართველოსთან ერთად 30 წელზე მეტია და არსად წასვლას ვაპირებთ. ვიდგებით საქართველოს გვერდით მანამდე, ვიდრე საქართველოს ხალხი დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვის", - ამბობს ელჩი.

საქართველოში საქმიანობის განმავლობაში კელი დეგნანი, აშშ-ს სხვა ელჩებთან შედარებით, ყველაზე ხშირად გამხდარა პოლიტიკოსების კრიტიკის ობიექტი. რადიო თავისუფლებამ მას ჰკითხა, რა იყო, მისი შეფასებით, ამის მიზეზი.

"პოლიტიკოსები ამბობენ, რაც უნდა თქვან - მაშინაც კი, როცა იციან, რომ ეს არ არის სიმართლე. მე ამას პირადულად არ აღვიქვამ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რას ამბობს საქართველოს ხალხი, რაც არის ძალიან მკაფიო - მათ სურთ ევროპა და ეს მკაფიოდ გამოხატეს არაერთხელ სხვადასხვა დროს, იქნებოდა ეს 2020-ში, 2022-ში, მარტში, გემთან დაკავშირებით თუ იმ წუხანდელ [The Killers-ის] კონცერტზე. სრულიად ნათელია, რა სურს საქართველოს ხალხს. ასევე ნათელია, რა არ სურს მას და ვფიქრობ, ადამიანებმა ესეც ბევრჯერ მკაფიოდ გამოხატეს...

მიმაჩნია, რომ ჩვენი საქმიანობა აქ სრულიად ნათელია. როგორც აღვნიშნე, საითაც უნდა გაიხედო ამ ქვეყანაში, დაინახავ მტკიცებულებას, რომ 30 წლის განმავლობაში აშშ სწორედ ამას აკეთებს საქართველოში, საქართველოსთან ერთად - როგორც საქართველოს მთავრობასთან, ისე ხალხთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ასეთივე შედეგიანი ურთიერთობა გვექნება მომავალ წლებშიც", - თქვა ელჩმა.

 

რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, ნინო გელაშვილის ინტერვიუ კელი დეგნანთან მალე გამოქვეყნდება.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...