საარსებო მინიმუმი 250 ლარია - გეეჭვებათ? აგიხსნით, რატომაა თქვენი ეჭვი საფუძვლიანი
საქსტატის მონაცემებით, წელს, ივლისში, ივნისთან შედარებით, საარსებო მინიმუმი შემცირდა და ზრდასრული კაცისთვის* 250 ლარი გახდა.
სტატისტიკის სამსახური 20 წელზე მეტია, ერთი და იმავე, უკვე მოძველებული მეთოდოლოგიით ითვლის საარსებო მინიმუმს, - იმის მიუხედავად, რომ წლების წინ მის შეცვლას, ბოლოს კი გაუქმებასაც აპირებდა.
საარსებო მინიმუმი პროდუქტების ფასების შესაბამისად იცვლება. ეს იმიტომ, რომ საარსებო მინიმუმი გამოითვლება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე.
მარტივად აგიხსნით,
რა არის საარსებო მინიმუმი და სასურსათო კალათა?
რას ითვლის საქსტატი?
რატომ არის საარსებო გაანგარიშების გზა მოძველებული?
რას „აფუჭებს” არასწორი დათვლა?
რა არის საარსებო მინიმუმი და სასურსათო კალათა?
საარსებო მინიმუმი არის სახელმწიფოს მიერ გამოანგარიშებული თანხა, რომლითაც, სახელმწიფოს წარმოდგენით, ერთ ადამიანს თვეში უნდა ეყოს იმისათვის, რომ ცოცხალმა გაიტანოს თავი.
ეს თანხა გამოითვლება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე.
მინიმალური სასურსათო კალათა არის ყველა იმ პროდუქტის ერთობლიობა, რომელიც, საქსტატის განმარტებით, ზრდასრულ ადამიანს „ფიზიოლოგიურად აუცილებლად“ სჭირდება „ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის“.
რა „აწყვია“ ამ კალათაში, ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანება განსაზღვრავს და მასში 40 დასახელების პროდუქტია შეყვანილი, ყოველდღიური ულუფების მითითებული რაოდენობებით:
250 გრამი პური
70 გრამი ხორბლის ფქვილი,
40 გრამი სიმინდის ფქვილი,
40 გრამი ხორცი,
40 გრამი თევზი
25 გრამი მაწონი,
15 გრამი ხაჭო
50 გრამი სხვადასხვა დასახელების ხილი და ა.შ..
პროდუქტების წონები პირობითად ისეა გადანაწილებული, რომ დღეში 2300 კილოკალორია გამოვიდეს.
საქსტატის ფასების სტატისტიკის დეპარტამენტი:
40 პროდუქტის ფასს ყოველთვიურად ითვლის საქართველოს ხუთ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში;
ამ მონაცემებზე დაყრდნობით ითვლის თითოეული პროდუქტის საშუალო ფასს მთელს ქვეყანაში;
და საბოლოოდ ითვლის მინიმალური სასურსათო კალათის თვიურ ღირებულებას.
მე-20 წელია ამ კალათაში ერთი და იგივე აწყვია, თუმცა, წლებისა და თვეების განმავლობაში, იცვლება პროდუქტების ფასები.
თუკი ქვეყანაში მაღალი ინფლაციაა - ესე იგი, პროდუქტები საგრძნობლად ძვირდება, როგორც ბოლო 2 წელიწადში - საარსებო მინიმუმიც იზრდება. და პირიქით - ინფლაციის შემცირებისას საარსებო მინიმუმიც მცირდება.
ინფლაციის მნიშვნელობა
ინფლაციის ზრდა განსაკუთრებით მძიმედ ყველაზე ღარიბ ფენაზე აისახება. საქართველოს რეალობაში:
სოციალურ შემწეობას 670 ათასამდე ადამიანი იღებს - ქვეყნის საერთო მოსახლეობის 17.9%;
მათი შემოსავლების, მთლიანი თუ არა, დიდი ნაწილი მაინც სოციალური ტრანსფერებია - პენსიები და სოციალური დახმარებები;
სახელმწიფოს დაწესებული პენსიები და დახმარება სწრაფად არ იზრდება, ინფლაციის გამო კი მცირედი თანხით იმაზე ნაკლები პროდუქტის ყიდვას შეიძლება, ვიდრე ინფლაციამდე.
ასე რომ, საარსებო მინიმუმის ნომინალური მაჩვენებლის ზრდა იმას კი არ ნიშნავს, რომ ვინმეს კეთილდღეობა გაიზარდა - არამედ იმას, რომ მცირედი შემოსავლის მქონე ადამიანს, - რომელსაც არც პენსია გაზრდია და არც შემწეობა, - კიდევ უფრო მეტად გაუჭირდება თავის გატანა.
შევაჭრების კოეფიციენტი და არასასურსათო კალათა
მაგრამ საარსებო მინიმუმის გაანგარიშება სასურსასო კალათის თვიური საშუალო ღირებულების გაანგარიშებით არ სრულდება. ეს რიცხვი კიდევ ორჯერ უნდა შეიცვალოს.
პირველ რიგში, ის უნდა გამრავლდეს „შევაჭრების კოეფიციენტზე“, რაც არის 0.865.
საქსტატის წარმოდგენით, ადამიანები, გამყიდველთან შევაჭრების შემდეგ, თითქმის 14%-ით იაფად ყიდულობენ.
მიღებული ღირებულება კიდევ უნდა გაიყოს 0.7-ზე.
ეს იმიტომ, რომ, საარსებო მინიმუმიდან სასურსათო ხარჯების წილი განისაზღვრება 70%-ით.
უხეშად რომ ვთქვათ, საქსტატის წარმოდგენით, ადამიანი თავისი შემოსვლის 70%-ს ხარჯავს საკვებ პროდუქტებში, ხოლო დანარჩენი 30% სხვა ყველანაირ ხარჯში მიდის.
ეს მეთოდოლოგია მოძველებულია
რამდენიმე მიზეზის გამო:
პირველ რიგში იმიტომ, რომ სინამდვილეში არასასურსათო, ანუ ყველა სხვა ხარჯს 30%-ზე გაცილებით მეტი უკავია.
მაგალითად, მედიკამენტები, კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტი, ტანისამოსი, სწავლის გადასახადი თუ სხვა ნებისმიერი რამ, მათ შორის მკურნალობა, დასვენება, გართობა.
საქსტატის 2022 წლის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ სამომხმარებლო ხარჯების მხოლოდ 41% მოდის სურსათზე (ამაში შედის სასმელი და თამბაქო), ხოლო დანარჩენი 59% - ტანსაცმელ-ფეხსაცმელზე, საოჯახო მოხმარების საქონელზე, ჯანმრთელობაზე გაწეულ ხარჯებზემ, სახლის საჭიროებებზე, კომუნალურ გადასახადებსა და განათლებაზე.
შევაჭრების კოეფიციენტი, რაც კალათის ღირებულებას 13.5%-ით ამცირებს, სულ უფრო და უფრო კარგავს აზრს:
თუკი წლების წინ ბაზარში კლიენტი გამყიდველს შეევაჭრებოდა, ახლა, ეს წარმოუდგენელია. უმეტესობა პროდუქტს სუპერმარკეტში ყიდულობს.
2300 კილოკალორია, რაც ამ მეთოდოლოგიითაა განსაზღვრული, ჩამორჩება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო რეკომენდაციებს:
ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანებაში ენერგეტიკული ღირებულების დღიური ნორმა სხვა და სხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის 2270-დან 4200კკალ-მდე მერყეობს;
ბრიტანული NHS-ის თანახმად, ჩვეულებრივ, კაცებისთვის საჭირო კალორიების რაოდენობას დღიურა 2500 კკალ-ია.
40-პროდუქტიან სასურსათო კალათაში ძირითადად შეტანილია ისეთი პროდუქტები, რომელთაც მაღალი კალორიული ღირებულება კი აქვთ, მაგრამ ნაკლები კვებითი ღირებულება აქვთ და ჯანმრთელობისთვისაც ნაკლებადაა სასარგებლო. ამას სახალხო დამცველის აპარატი ჯერ კიდევ 2016 წელს ამბობდა.
რას „აფუჭებს“ არასწორი დათვლა?
სახელმწიფო 1997 წელს მიღებული კანონით ამბობს, რომ საარსებო მინიმუმი არის ორიენტირი, რომელიც გამოიყენება, სხვა მიზნებთან ერთად, ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური პაკეტების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის.
ანუ თუ საარსებო მინიმუმი მაღალია, გაზრდილია სახელმწიფოს სოციალური ვალდებულებებიც - სახელმწიფოს მოუწევს აღიარება, რომ დახმარებების რაოდენობა უნდა გაზარდოს.
წლებია, ექსპერტები, სოციალური პოლიტიკის მკვლევრები და სტატისტიკოსები ამბობენ, რომ ეს მეთოდოლოგია მოძველებულია. პოლიტიკური თანამდებობის პირებიც კი აღიარებენ ამ ნაკლოვანებებს.
ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა 2019 წელს განაცხადა, რომ საარსებო მინიმუმი:
„არასწორი საზომია“, რომელიც საბჭოთა დროიდან ინერციითაა გადმოყოლილი;
იგი არ შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკას და ახლაც მხოლოდ ერთეულ ქვეყნებს აქვთ.
საქსტატიც ამბობს, რომ ამ კრიტიკას იზიარებს.
გამოსავალი?
საქსტატის გენერალურმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ შარშან თებერვალში პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი უწყება ყველა სხვა სტატისტიკურ მაჩვენებელს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ითვლის, გარდა საარსებო მინიმუმისა.
„ვფიქრობთ, რომ რახან ამ მაჩვენებლის გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკა არ არსებობს, ის უნდა ჩანაცვლეს საერთაშორისო ანალოგით“, - თქვა გოგიტა თოდრაძემ და ასეთ ალტერნატივად აბსოლუტური სიღარიბის ზღვარი დაასახელა.
აბსოლუტური სიღარიბე მცირდება - რა ხდება ფართო სურათში?
ასევე ნახეთ
აბსოლუტური სიღარიბე შემცირდა - როგორ „მდიდრდება“ საქართველო?
მან ასევე განაცხადა, რომ „უახლოეს მომავალში ეს ინდიკატორი აუცილებლად უნდა გაუქმდეს, რადგანაც წარსულის გადმონაშთია“.
ამ საპარლამენტო მოსმენის შემდეგ წელიწად-ნახევარი გავიდა, თუმცა ეს პოლიტიკა არ შეცვლილა.
2023 წლის 15 აგვისტოს საქსტატმა კვლავ გამოაქვეყნა ყოველთვიური განახლება, რომლის თანახმადაც შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2023 წლის ივლისში 249.8 ლარით განისაზღვრა.
თუკი თქვენც გიჭირთ, წარმოიდგინოთ, როგორ შეიძლება ადამიანმა იცხოვროს ამ თანხით, გაეცანით ექსპერიმენტს რადიო თავისუფლების არქივიდან:
ასევე ნახეთ
მოგიყვებით, როგორია საარსებო მინიმუმით ცხოვრება
ექსპერიმენტი მესამე კვირას კრახით დამთავრდა…
---
* საქსტატი ამჟამად საარსებო მინიმუმს ითვლის მხოლოდ შრომისუნარიანი მამაკაცისთვის და „საშუალო მომხმარებლისთვის“. ამ რიცხვებს შორის განსხვავებას აუცილებელი კალორიების რაოდენობა განაპირობებს - კაცებისთვის აუცილებელი კალორიები მეტია, ვიდრე ქალებისა და ბავშვებისათვის.
წლების წინ უწყება ამ მონაცემს მრავალსულიანი ოჯახებისთვის ცალკეც ითვლიდა ხოლმე, მაგრამ ბოლო სამი წელია, მხოლოდ ორ მაჩვენებელზე შეჩერდა. რახან საქსტატის მეთოდოლოგია მხოლოდ „შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმის ღირებულების გაანგარიშების მეთოდს“ აღწერს, ჩვენც ამ მაჩვენებლის მაგალითზე აგიხსენით მისი პრობლემები.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.