Jump to content
Planeta.Ge

„ეხო მასკვის“ ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ თბილისში მოწამლეს


„ეხო მასკვის“ ჟურნალისტი ირინა ბაბლოიანი ვარაუდობს, რომ თბილისში ყოფნის დროს მოწამლეს. ამის შესახებ ბაბლოიანმა გამოცემა The Insider-ს მოუყვა.

The Insider-მა ვრცელ მასალაში თავი მოუყარა რამდენიმე ჟურნალისტისა და აქტივისტის ისტორიას. ყველა მათგანს აერთიანებს ის, რომ მათი ვარაუდით, ევროპის სხვადასხვა ქალაქში ყოფნისას, სავარაუდოდ, კრემლთან დაკავშირებულმა სტრუქტურებმა მოწამლეს.

რას ჰყვება ირინა ბაბლოიანი?

როგორც „ეხო მასკვის“ ჟურნალისტი ირინა ბაბლოიანი იხსენებს,  2022 წლის ოქტომბერში მოსკოვიდან თბილისში გადმოვიდა და ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა. ის იხსენებს, რომ 25 ოქტომბერს, საღამოს, თავი ცუდად იგრძნო, დილას კი უფრო მეტი სისუსტითა და თავბრუსხვევით გაიღვიძა. 26 ოქტომბრის საღამოს მას გამოუვლინდა კიდევ ერთი სიმპტომი – ხელის მტევანი მკვეთრად გაუწითლა და აეწვა – „თითქოს ცეცხლი გიჭირავს ხელში“. იგივე იგრძნო ტერფებზეც. ამ სიმპტომების მიუხედავად, 27 ოქტომბერს ირინა მაინც გაემგზავრა ერევანში. თუმცა მგზავრობისას მისი მდგომარეობა გაუარესდა – მას უკვე აღარ შეეძლო კონცენტრირება.

„განცდა მქონდა, რომ სხეული არ მეკუთვნოდა, ყველაფერი დამიბუჟდა, გამიჩნდა ძლიერი შფოთვა“, — იხსენებს ის.

ერევანში ჩასვლის შემდეგ ჟურნალისტი სასტუმროში გაჩერდა, სადაც იმ მომენტისთვის თერმომეტრი არ ჰქონდათ. მალევე ნომერში ავიდა, თუმცა ვერ დაიძინა. მუცლის ზემოთ დაეწყო ძლიერი ტკივილი და გულისრევა. ეს ორივე სიმპტომი ასევე ჰქონდა „ნოვაია გაზეტასა“ და „მედუზას“ ჟურნალისტ ელენა კოსტიუჩენკოს, რომელსაც „ნოვაია გაზეტას“ წყაროების ცნობით, უკრაინაში „კადრიოველები“ უპირებდნენ მოკვლას.

ელენასგან განსხვავებით, ირინა პირში გრძნობდა მეტალის გემოსაც. ჟურნალისტი იხსენებს, რომ მას შემდეგ დღემდე პერიოდულად კანი უწითლდება. სისუსტე, ტკივილი და უძილობა კი 2 დღის შემდეგ გაქრა.

ირინას ისტორიის თანახმად, მოწამვლის შემდეგ არ მიუმართავს ტოქსიკოლოგისთვის, რადგან არც დაუშვია, რომ ვინმეს მისი მოწამვლის სურვილი ჰქონდა. მაშინ შეემოწმა ალერგიაზე – თუმცა პასუხი ყველა ცნობილ ალერგენზე ნეგატიური იყო. ბერლინში ჩასვლის შემდეგ ტოქსიკოლოგიური კვლევისთვის მკლინიკა „შარიტეში“ სისხლი ჩააბარა, თუმცა ამბობს, რომ კლინიკის თქმით, ჩაბარებული სისხლი „დაიკარგა“, ამასთანავე, მას გაესაუბრა გერმანული პოლიციაც.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ხელახლა ჩააბარა სისხლი ტოქსიკოლოგიურ კვლევაზე, თუმცა ამ ეტაპისთვის უკვე შეუძლებელი იყო ტოქსინების კვალის პოვნა.

The Insider ამბობს, რომ ირინას სიმპტომები სპეციალისტებს შეაფასებინა. მათი თქმით, რთულია იმის თქმა, მოწამლეს თუ არა ირინა ბაბლოიანი, რადგან კლინიკური დოკუმენტები არასაკმარისია. თუმცა, ჟურნალისტის სიმპტომების აღწერის შედეგად, ექსპერტების თქმითვე, უფრო სავარაუდოა, რომ მოწამვლა გარე ნივთიერების შედეგად დადგა.

გარეკანი ფოტო: ნოვაია გაზეტა

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...