Jump to content
Planeta.Ge

ჩვენი მიზანი არ არის ამ პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობა – დაუშვილი საგამოძიებო კომისიაზე


პარტია „საქართველოსთვის“ ამ ეტაპზე არ უჭერს შოვის სტიქიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს.

საგამოძიებო კომისისიის შექმნას საპარლამენტო ოპოზიციიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააყენა.

როგორც პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, ენმ ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, თავად კი ამ „პოლიტიკურ ფარსში“ მონაწილეობას არ მიიღებენ.

„საგამოძიებო კომისიის მთავარი მიზანი სიმართლის დადგენა უნდა იყოს, თუ რა მოხდა რეალურად: სად და რამდენად იყო დისფუნქციური სახელმწიფო ინსტიტუტები, გამოვლინდნენ პასუხისმგებელი პირები და, შესაბამისად, მოხდეს ამ პასუხისმგებლობის დაკისრება. ჩვენ მთავარი მიზნიდან უნდა ამოვიდეთ და ეს არის სიმართლის დადგენა.

ჩვენ დღეს რეალურად ვხედავთ, რომ ერთი მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს უმძიმესი ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, პოლიტიკური დივიდენდებისა და სარგებლის მისაღებად. მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ ამ მავნებლურ საქციელს გამოიყენებს იმისთვის, რომ ამ უმძიმეს ტრაგედიაზე არასათანადო რეაგირებაზე პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს. ჩვენი მიზანი არ არის ამ პოლიტიკურ ფარსში მივიღოთ მონაწილეობა“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

დაუშვილის თქმით, ვიდრე ენმ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდოდა, პარტიის „საქართველოსთვის“ წევრებს შოვის სტიქიასთან დაკავშირებით უკვე გაგზავნილი ჰქონდათ სადეპუტატო კითხვები პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრისთვის.

„ათობით კითხვა დავუსვით ცალკე პრემიერ-მინისტრსა და ცალკე შს მინისტრს. ფაქტობრივად, წინასაგამოძიებო მოქმედებები დავიწყეთ საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით, რათა ჭეშმარიტება დადგინდეს. თუ ჩვენ კითხვებზე პასუხებს ვერ მივიღებთ ან მივიღებთ უშინაარსო პასუხებს, რა თქმა უნდა, ეს საგამოძიებო კომისიის შექმნის ლეგიტიმური საფუძველი შეიძლება გახდეს“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...