Jump to content
Planeta.Ge

მოლდოვამ 22 რუს დიპლომატს ქვეყანა დაატოვებინა


მოლდოვამ 22 რუს დიპლომატს ქვეყანა დაატოვებინა. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, დიპლომატებთან ერთად მოლდოვის დატოვება უწევს რუსეთის საელჩოს ტექნიკური პერსონალის 23 წარმომადგენელსა და მათ ოჯახებს.

მოლდოვური მედიის ცნობით, დიპლომატებმა და საელჩოს თანამშრომლებმა ქვეყანა უკვე დატოვეს.

მანამდე მოლდოვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის საელჩოს პერსონალი 80-დან 25-მდე უნდა შემცირებულიყო. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ჟურნალისტური გამოძიება, რომლითაც გაირკვა, რომ რუსეთის საელჩოს შენობას მოლდოვის ოფიციალური პირების მოსმენისთვის იყენებდნენ. კერძოდ, ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, კიშინოვში რუსეთის საელჩოს შენობის სახურავზე ათობით ანტენა და სატელიტური თეფში აღმოაჩინეს, რომლის საშუალებითაც რუსეთის სპეცსამსახურები მოდლოვის ოფიციალურ პირების საუბარს უსმენდნენ.

როგორც მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ განაცხადა, რუსეთის საელჩოს წარმომადგენლების შემცირების მიზანია, რომ მოლდოვაში ნაკლები ადამიანი იყოს ჩართული ქვეყნის დესტაბილიზაციაში.

კიშინოვიდან დიპლომატების გაძევებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მას გაუმართლებელი გადაწყვეტილება უწოდა. რუსული მხარის განცხადებით, მოლდოვის ეს გადაწყეტილება „ფართომასშტაბიანი ანტირუსული კამპანიის“ ნაწილია.

რუსეთის საგარეოს განცხადებით, მოლდოვის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს მოსკოვსა და კიშინიოვს შორის ურთიერთობებზე. მათი განცხადებით, ამაზე პასუხისმგებლობა მოლდოვას ეკისრება.

რუსული მხარის განცხადებით, მათი საელჩოს პერსონალის შემცირების გამო ისინი ვეღარ შეძლებენ სათანადოდ უზრუნველყონ საკონსულო მომსახურება.

„ოფიციალური კიშინიოვის ამ არამეგობრულ ნაბიჯს აუცილებლად მოჰყვება შედეგები რუსეთ-მოლდოვის ურთიერთობებზე. უპირველეს ყოვლისა, ეს გავლენას მოახდენს ორივე ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის საკონსულო მომსახურებაზე. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდება საქმიანი და კულტურული კავშირების შენარჩუნება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...