აქციაზე გომელაურის გადადგომის მოთხოვნით 2 ადამიანი დააკავეს – აქტივისტები
მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს 2 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ადგილზე მყოფი აქტივისტები იუწყებიან.
განახლება: აქტივისტების ცნობითვე დაკავებულები პოლიციის განყოფილებიდან, დაახლოებით, 11:10 საათზე გაათავისუფლეს.
ვიდეოში, რომელსაც ადგილზე მყოფი მოქალაქეები ავრცელებენ, ჩანს რომ პატრული მიდის დემონსტრანტთან და უთითებს, რომ მისი პლაკატი შეურაცხმყოფელია. შემდეგ ერთ-ერთი პოლიციელი დემონსტრანტს პლაკატს ართმევს.
დემონსტრანტებსა და პოლიციის წარმომადგენლებს შორის ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, აქციის ერთ-ერთ მონაწილეს აკავებენ.
გუშინ, 13 აგვისტოს ვახტანგ გომელაური შოვში, სტიქიის ზონაში ჩავიდა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კითხვაზე, თუ რატომ არ იფრინა 3 აგვისტოს ღამით ვერტმფრენმა, მან განაცხადა:
„რაც შეეხება კითხვას, რატომ არ დაფრინავდნენ ღამე – ამაზე ასჯერ მაქვს ახსნილი, ვინც ერკვევა ავიაციაში ყველას კარგად ესმის. გვაქვს ღამის ფრენის საშუალებები, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა, არის ძალიან დიდი რისკი, ასე რომ ვთქვათ და თუ ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმწამს რაღაც, რომ გარისკოს პილოტებმაც – არ არის მიზანშეწონილი, არ არის დაშვებული. შეიძლება დილით გამოვიყვანოთ 3 საათში ადამიანები, გავრისკოთ და პილოტები დავღუპოთ,“ – ამბობს ვახტანგ გომელაური,“.
ამ და მის სხვა განცხადებებს საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. განცხადებების შემდეგ, აქტივისტებმა გუშინ და დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციები გამართეს.
ამას გარდა, აქტივისტებმა ასევე გააპროტესტეს ირაკლი კობახიძის განცხადებებიც. ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიაში მოყოლილი ადამიანების მონათხრობი, რომელთაც თავიანთი რესურსით გადარჩენა მოახერხეს, ეჭვქვეშ დააყენა. მან თქვა, რომ სპეკულაციებია, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.