Jump to content
Planeta.Ge

ვერტმფრენების ჩართვას არ ჰქონდა დამატებითი რაციონალური საფუძველი – კობახიძე შოვზე


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შოვში სტიქიის ღამეს სამაშველო ვერტმფრენების ჩართვას რაციონალური საფუძველი არ ჰქონდა, რადგან ტერიტორია შესაბამისი დრონებით უკვე დათვალიერებული იყო.

ამის შესახებ მან დღეს, 14 აგვისტოს, ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შს მინისტრ ვახტაგნ გომელაურის კომენტარი განმარტა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვერავითარი დამატებითი რესურსის ჩართვით მეტი ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდებოდა.

„არსებობს დრონები, რომლებიც აქვს სამაშველო სამსახურს, ასევე ვერტმფრენები. როდესაც საუბარია ვერტმფრენებზე, ღამის ხედვის საშუალებით, აქ საუბარი არ არის მაინცდამაინც პროჟექტორებზე, არის სპეციალური აპარატურა, რომელიც დამონტაჟებულია ვერტმფრენში და იძლევა უბრალოდ ობიექტების იდენტიფიცირების საშუალება. ეს არის და ეს. ზუსტად იგივეს გაკეთება, ბუნებრივია, შეუძლია დრონს. ვერტმფრენი თავის ღამის ხედვის აპარატურით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საჭიროა იდენტიფიცირება და ამ იდენტიფიცირებული ობიექტის ლოკაციიდან მყისიერად გამოყვანა.

გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორია სრულად იყო დათვალიერებული მანამდეც, დრონების საშუალებით ყველა ოპერაციის ჩატარება იყო შესაძლებელი და ვერტმფრენების ჩართვას უბრალოდ არ ჰქონდა დამატებითი, რაციონალური საფუძველი. ეს არის ის, რაც განმარტა შს მინისტრმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, „არსებული ვითარების სპეციფიკის გათვალისწინებით“, არც სხვა ქვეყნების დახმარების საჭიროება იყო.

„საღამოს 20:00 საათისთვის იყო საშუალება სრულად დათვალიერებულიყო როგორც ღვარცოფის მასის არეალი, ასევე დამატებით გარშემო სივრცეც, როგორიც არის ტყის მასივი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ამაზე საუბრობდა შს მინისტრი, რომ ყველა რესურსი იყო გამოყენებული, ყველაფერი, რისი იდენტიფიცირებაც იყო შესაძლებელი. მოხდა ყველაფრის იდენტიფიცირება, ამიტომ აღარ იყო საჭირო რაიმე დამატებითი რესურსის ჩართვა. რომ ყოფილიყო მაგალითად ვერტმფრენები ღამის ხედვის აპარატურით, თუნდაც მეზობელი ქვეყნებიდან შეიძლებოდა ამის მობილიზება, მაგრამ ამის საჭიროება არსებული ვითარების სპეციფიკის გათვალისწინებით, უბრალოდ არ არსებობდა“, – განაცხადა კობახიძემ.


3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეთერთმეტე დღეა, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია 24 დაღუპულის შესახებ, 9 ადამიანის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...