„თუ გამოძიება დაწყებული არაა, როგორ უნდა ვითანამშრომლო?“ — რაზმაძე საგამოძიებოს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გოგა რაზმაძეს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. გოგა რაზმაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელია, რომელიც ხელმძღვანელობას დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებს.
თუმცა გოგა რაზმაძე აცხადებს, რომ გაუგებარია, როგორ უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, როცა ის დაწყებული არაა.
რაზმაძის მიმართ მოწოდება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 10 აგვისტოს გაავრცელა. უწყების განცხადებით, გოგა რაზმაძემ განმეორებით 4 აგვისტოს მიმართა და შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე რეაგირების მოხდენა ითხოვა.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახური მზად არის, დაიცვას გოგა რაზმაძის უფლებები და ინტერესები, რისთვისაც აუცილებელია მან ითანამშრომლოს გამოძიებასთან და განცხადებაში მოყვანილი გარემოებების ირგვლივ, გამომძიებელთან გასაუბრების გზით, მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია და გააკეთოს განმარტებები.
გოგა რაზმაძემ იგივე ფაქტთან დაკავშირებით სამსახურს პირველად 2023 წლის 14 ივლისს მიმართა. განცხადებაზე რეაგირების მიზნით იგი დაბარებული იქნა საგამოძიებო ორგანოში, სადაც მან არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და არ ისურვა გამომძიებელთან გასაუბრება“, – ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მზად არიან, კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ყველა საჭირო პროცესუალური მოქმედება ჩაატარონ.
„თუ გამოძიება დაწყებული არაა, გამოძიებასთან როგორ უნდა ვითანამშრომლო“
ზემოთ აღნიშნული განცხადების პასუხად გოგა რაზმაძე აცხადებს, რომ საგამოძიებო სამსახურში პირველივე გამოძახებისთანავე მისი ნებით გამოცხადდა და ე.წ. გასაუბრების ოქმში წერილობითაც დავაფიქსირა, რომ მზად იყო გამოძიების ფარგლებში დეტალური ინფორმაციის მისაწოდებლად.
რაზმაძის თქმით, თანამშრომლობის სურვილი რომ არ ჰქონოდა, არც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავდა და არც მათთან მივიდოდა.
„რომელ „გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ“ მომიწოდებთ?! სადაა გამოძიება? გამოძიებასთან თანამშრომლობა შეიძლება მაშინ, როცა გამოძიებაა დაწყებული. თუ გამოძიება დაწყებული არაა, გამოძიებასთან როგორ უნდა ვითანამშრომლო, ჩემთვის სრულიად გაუგებარია“, — აცხადებს გოგა რაზმაძე.
რაზმაძის თქმით, საგამოძიებო სამსახურთან უარი განაცხადა „სამართლებრივ აბსურდში“ მონაწილოებაზე, რადგან გამოძიება არ იყო დაწყებული, თავად კი გამოძიების დაუყონებლივ დაწყება მოითხოვა, ვინაიდან მათ „საკმარისზე მეტი ინფორმაცია“ მიაწოდა წერილობითი განცხადებით.
„მეორედ თქვენგან შემეხმიანა გამომძიებელი მას შემდეგ , რაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილება გამოძიების არდაწყებაზე გავასაჩივრე ამავე სამსახურის უფროსთან და პროკურორთან (სხვათა შორის, არც ერთისგან ჯერ პასუხი არ მიმიღია). კერძოდ, 2023 წლის 9 აგვისტოს მომწერა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა, რომელმაც მთხოვა დაკავშირება. მე მას ავუხსენი მიზეზები, რის გამოც მასთან საუბარს ვერ შევძლებდი და ვთხოვე ჩემს ადვოკატთან დაკავშირება (რომლისთვისაც არ დაურეკავთ). თუ თქვენ რეალური სამართლებრივი პროცედურები გაინტერესებთ, 2 ადვოკატი მყავს და შეგეძლოთ, რომელიმესთვის დაგერეკათ“, – აცხადებს გოგა რაზმაძე.
რაზმაძის თქმით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სურს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და თავიანთი უკანონო გადაწყვეტილება გაამართლოს.
რაზმაძის განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის წერილობით აქვს მიმართული, რომ მათი გამომძიებლის უარი გამოძიების დაწყების თაობაზე უხეშად არღვევს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნებს.
„რა გასაუბრებაზე მესაუბრებით? ჩემთან გასაუბრებაც იმიტომ ხომ არ გინდათ, რომ ეს ე.წ. „გასაუბრების ოქმიც“ ისევ გენერალურ ინსპექციაში გადაგზავნოთ, რომლის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ამ ეტაპზე თავად დავით მინდიაშვილია‼️“, – აცხადებს გოგა რაზმაძე.
გოგა რაზმაძის თქმით, გამოძიების დაწყებაზე უარის თქმით სპეციალურმა სამსახურმა არა მხოლოდ დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმა, რომელიც გამოძიების დაწყებას ავალდებულებს, დიდი ალბათობით, მოსპო დავით მინდიაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა.
„ვინაიდან ამ მტკიცებულებებზე უკვე ხელი მიუწვდება სწორედ დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელიც არათუ ჩამოშორებულია საქმიანობას, ამ ეტაპზე გენერალური ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელია. ამ საქმეზე გამოძიების დროულად დაწყებას ჰქონდა/აქვს არსებითი მნიშვნელობა.
მაღალია ყველა იმ მტკიცებულების განადგურების საფრთხე, რომელიც დაადასტურებს ჩემ მიმართ დანაშაულის ჩადენის ფაქტს (მაგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში არსებული ვიდეოკამარების ჩანაწერები, სადაც ზუსტად იქნება ასახული ჩემი შესვლის და გამოსვლის დრო, სხვა
მნიშვნელოვანი მტკიცებულებები).
ჩემთვის გაუგებარია, რა გარემოებები შეაფასა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა და დანაშაულის რომელი ნიშანი დააკლდა გამოძიების დასაწყებად. პასუხი, რომელიც მე მივიღე, დაუსაბუთებელია. შეფასების პროცესი კი სრულად აცდენილია სისხლის სამართლის კანონმდებლობას“, – აცხადებს გოგა რაზმაძე.
რაზმაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელთან მიმოწერასაც, რომელმაც მისი თქმით, თხოვნის მიუხედავად, არც კი დაურეკა მის ადვოკატს.
საგამოძიებო სამსახურის განცხადება საზოგადოების შეცდომაში შემყვანია – საია
საზოგადოების შეცდომაში შემყვანად აფასებს სპეციალური საგამოძიებო სასმსახურის განცხადებას საია, რომელიც გოგა რაზმაძის უფლებებს იცავს.
ორგანიზაციის განცხადებით, თუკი სპეციალური საგამოძიებო სამსახური რეალურად მოწოდებულია გოგა რაზმაძის ინტერესების დაცვისკენ, მას აქვს ყველა შესაძლებლობა, გააკეთოს ეს კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმებით.
კერძოდ, საიას განცხადებით, უწყებას შეუძლია დაიწყოს გამოძიება ნაცვლად იმისა, რომ ითხოვს საკანონმდებლო დონეზე არარსებულ „გასაუბრებაში მონაწილეობას“.
როგორც საია აცხადებს, გოგა რაზმაძეს არასოდეს განუცხადებია უარი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და იგი მზადაა, გამოძიების დაწყების შემთხვევაში, მას მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია.
„27 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არ დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, გოგა რაზმაძის საქმეზე იმ დასაბუთებით, რომ მისი განცხადება არ შეიცავდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განხილვას დაქვემდებარებული დანაშაულის ნიშნებს და განცხადება გამოძიების დაწყების თაობაზე გადაუგზავნა იმავე უწყების უფროსს, რომლის მოადგილის მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებაზეც ითხოვდა გამოძიების დაწყებას გოგა რაზმაძე.
ამასთან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი წერილში უთითებდა იმას, რომ გოგა რაზმაძემ არ ისურვა გამომძიებელთან გასაუბრება გამოძიების დაწყებამდე. რეალურად, გამოძიების დაწყებამდე „გასაუბრებას“ არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, უკანონო „საგამოძიებო მოქმედებაში“ მონაწილეობაზე უარი არასწორად იქნა აღქმული თანამშრომლობაზე უარად.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის 27 ივლისის წერილის პასუხად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც კიდევ ერთხელ, მკაფიოდ გახმიანდა, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაში გოგა რაზმაძე მზად იყო გამოძიებისთვის მიეწოდებინა სრულყოფილი ინფორმაცია“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.
საის განცხადებით, 4 აგვისტოს გოგა რაზმაძემ განცხადებით მიმართა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს – კოკა კაციტაძეს და მოითხოვა, მათ შორის, მის განცხადებასთან დაკავშირებით გამომძიებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება და მის განცხადებაში მითითებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების ეფექტიანი გამოძიება.
ასევე, საიამ განცხადებით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორს და მოითხოვა გამოძიების დაწყება გოგა რაზმაძის საქმეზე.
„ამ განცხადებაშიც აღნიშნულია გოგა რაზმაძის მზაობა, ითანამშრომლოს გამოძიებასთან. გოგა რაზმაძის 4 აგვისტოს კოკა კაციტაძისთვის გაგზავნილი წერილის საპასუხოდ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის Facebook გვერდზე განთავსდა განცხადება, სადაც გაჟღერებულია მოწოდება, რომ გოგა რაზმაძემ ითანამშრომლოს გამოძიებასთან. აღნიშნული განცხადება სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ვინაიდან გამოძიება არ დაწყებულა. შესაბამისად, ბუნებრივია, გოგა რაზმაძე ვერ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, რომელიც არ არის დაწყებული“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი გოგა რაზმაძე აცხადებს, რომ ხელმძღვანელობა დისკრიმინაციულად ეპყრობა განსხვავებული მოსაზრებების და კრიტიკის დაფიქსირების გამო. მისივე თქმით, შსს გეგმავს აღნიშნული დეპარტამენტის რეორგანიზაციას, რათა არასასურველი თანამშრომლები სისტემიდან გაუშვას.
რაზმაძის თქმით, დეპარტამენტში მიმდინარე მოვლენებსა და დაგეგმილი აუდიტის შესახებ საუბარი არაერთხელ სცადა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან, რომლის კურატორად დანიშვნის შემდეგაც შეიცვალა დეპარტამენტისა და მისი თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულება, თუმცა, უშედეგოდ. ამიტომ გადაწყვიტა, რომ დარახველიძესა და დეპარტამენტის მენეჯმენტისთვის მეილი გაეგზავნა.
12 ივლისს, შუაღამისას გამოქვეყნებულ პოსტში გოგა რაზმაძე წერს, რომ საჯაროობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სამინისტროში „ყველა ეტაპი გადავლახე და არაერთი მცდელობის მიუხედავად, სამართალი ვერ ვიპოვე“.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე გოგა რაზმაძის ბრალდებებს „სრულ ტყუილსა და აბსურდს“ უწოდებს. დარახველიძის თქმით კი, რაზმაძის განცხადება არანაირ მტკიცებულებას არ ეფუძნება.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გოგა რაზმაძის საქმეზე გამოძიება არ დაიწყო და მისი განცხადება რეაგირებისთვის შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსთან გააგზავნა, ანუ უწყებაში, რომელსაც განმცხადებელი დისკრიმინაციას ედავება.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.