ირაკლი ქარსელაძე - რიკოთთან დაკავშირებით თვალს ვადევნებდით კამპანიას, რომლის ამოცანა პოლიტიკურია - ეს კეთდება მოსახლეობის დაშინებისთვის, ხელოვნური სიმძაფრის შეტანისთვის და მით უფრო შოვის ტრაგედიის ფონზე
გუშინ ჩვენ ვადევნებდით თვალს კამპანიას, რომლის ამოცანა არის პოლიტიკური. ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი მოსახლეობის დაშინებისთვის, ხელოვნური სიმძაფრის შეტანისთვის და მით უფრო შოვის ტრაგედიის ფონზე, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რიკოთთან დაკავშირებით განაცხადა.
ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, შოვის ტრაგედიის ფონზე ასეთი საკითხების წამოწევა და რაღაც პარალელების გავლება არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და უადგილო.
ამასთან, მისივე განცხადებით, ბრალდება, რომ რიკოთის გვირაბი დაკეტილია, არასწორია, რადგან რეალურად რიკოთზე სპეციალური რეჟიმი მოქმედებს და გადაადგილება უსაფრთხოა.
„სამწუხაროდ მოვისმინე ძალიან ბევრი ტყუილი და ძალიან ბევრი დაუსაბუთებელი, უსამართლო ბრალდებები, იყო ცილისწამება და თანმიმდევრობით გავყვები ამ ძირითად საკითხებს: რიკოთის მონაკვეთი შედგება ოთხი მონაკვეთისგან და ჯამში ეს არის 52 კილომეტრამდე გზა. 51 გვირაბიდან 45 უკვე დასრულებულია, ხოლო 97 ხიდიდან 81 უკვე აშენებულია. აქედან 12 გვირაბით და 22 ხიდით უკვე 8 თვეა ვსარგებლობთ. მთლიანი პროექტის პროგრესი არის 86%. გამორჩეულად დაწინაურებულია 2 მთავარი მონაკვეთი, რომელიც ხევიდან ზესტაფონამდეა და აქ არის 90% და 96% პროგრესი. ეს ის ორი მონაკვეთია, რომელთა გახსნაც დაგეგმილი გვაქვს მიმდინარე წელს. დანარჩენ მონაკვეთებზე გრძელდება სამუშაოები და 2024 წელს დასრულდება.
პირველი ბრალდება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ რიკოთი დაკეტილია, რიკოთი არ არის დაკეტილი, რიკოთზე მოქმედებს სპეციალური რეჟიმი, რომლის გამომწვევი მიზეზიც არის შემდეგი, 149-ე კილომეტრზე არსებული ძველი გზიდან დაახლოებით 200 მეტრში აღმოჩენილი იქნა პოტენციური მეწყრის კერა, რომლის ანალიზიც და შესწავლაც მოხდა სპეციალისტების მიერ და მიჩნეულ იქნა მომეტებული საფრთხის მქონედ. მყისიერად იქნა მიღებული გადაწყვეტილება რიკოთის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით. გაფართოვდა გზა, გასამმაგდა დამაგროვებელი ბუფერი და ასევე მოეწყო შესაბამისის კედელი და ამ პირობებში უკვე ჩვენ შეგვეძლო შესაბამისი სპეციალური რეჟიმის დაწესების პირობებში მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ცალსახად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ რიკოთზე, 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ განვითარებულა. უფრო მეტიც, საუბარია იმაზე, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 24 საათიანი მონიტორინგის შედეგად დღიდან კერის აღმოჩენისა, გაუკეთა უზრუნველყოფა იმას, რომ მინიმუმამდე ყოფილიყო შესაძლო რისკი და გადაადგილება ყოფილიყო უსაფრთხო. ვრცელდებოდა ინფორმაცია გუშინ, რომ რეჟიმი დაწესებულია 7 საათამდე, არამედ არის დილის 6 საათიდან საღამოს 9 საათამდე და შემდგომ 10 საათიდან დილის 5 საათამდე არის სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის. ეს არის მაგალითი, რაც საპირისპიროა იმ ბრალდების, თითქოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს არ შეუძლია, მართოს პროცესები და კომპეტენციის პრობლემაა. კეთდებოდა მსგავსი შეფასებები, რომლებიც ელემენტარულად არის უსაფუძვლო და არის ცილისმწამებლურიც. ეს არის ის მაგალითი, როდესაც დეპარტამენტმა სწორედ წინმსწრებად, ვიდრე განვითარდებოდა, მიიღო შესაბამისი ადეკვატური ზომები, რეაგირება იყო მყისიერი და ეფექტური, რომ ძალიან მალე მოხდა სპეციალური რეჟიმით რიკოთის მონაკვეთის გახსნა და დღესაც ამ რეჟიმით ვსარგებლობთ.
დღეს უკვე შემსუბუქებული რეჟიმით ვმოქმედებთ რამდენიმე თვეა და ამდაგვარი მიდგომა გაგრძელდება და შეიძლება, გამოიწვიოს კიდევ უფრო შემსუბუქება, ან საერთოდ ამ რეჟიმის მოხსნა. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმ შეფასებებზე, რომლებიც სპეციალისტებისა და ექსპერტების მიერ იქნება განხორციელებული“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.