ანაკლია გაუკაცრიელებულია, ყველა პროექტი გაჩერებული – DRI
“ანაკლია გაუკაცრიელებულია, ყველა ძველი და ახალი პროექტი გაჩერებულია”, – ვკითხულობთ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის [DRI] ახალ ანგარიშში, რომელიც 2023 წლის ივლისში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული ვითარებას შეეხება.
ორგანიზაციის ცნობით, მათ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების შესწავლის მიზნით წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სოფლები – განმუხური, ხურჩა, ორსანტია, რუხი, ტყაია, რიყე, ანაკლია, მუჟავას თემი, ფახულანის თემი, ფოცხო-ეწერის დევნილთა ჩასახლება და გადასასვლელი საგუშაგოები შეისწავლეს.
“ანაკლიაში ადგილობრივების განცხადებით, არ არსებობს სახლი, საიდანაც ოჯახის ერთი წევრი მაინც არაა წასული ემიგრაციაში. ანაკლიის ქუჩებში ახალგაზრდები არ შეგვინიშნავს. ადგილობრივები საარჩევნო პერიოდში მომეტებულ კონტროლზე და ზეწოლაზე საუბრობენ. გვთხოვეს, არჩევნებზე ჩავიდეთ და თავად დავრწმუნდეთ, რა ხდება ადგილზე”, – წერენ ანგარიშის ავტორები.
ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, ანაკლიაში ელექტროენერგია და წყალი ამინდის გაუარესებისას უწყდებათ, წვიმის დროს – სახლ-კარი ეტბორებათ, სანიაღვრე სისტემები გაუმართავია, ადგილობრივების ნაკვეთებსა და ეზოებში ნალექი გროვდება და ვერ მიდის ზღვისკენ, რადგან დიდი სასტუმროების მშენებლობის დროს ზღვის მხარე ამაღლდა და ეზოები დაბლა დარჩა.
“წარსულში ანაკლიის მაცხოვრებლებისთვის შემოსავლის ძირითადი წყარო თევზით ვაჭრობა იყო. ახლა ადგილობრივებს თევზის მოპოვება ფაქტობრივად აკრძალული აქვთ, ვინაიდან გართულებული პროცედურების გამო თევზაობის ნებართვის აღებას ვერ ახერხებენ. როგორც წესი, ნებართვა თევზსაჭერ გემებზე გაიცემა, რამაც ადგილობრივებს შემოსავლის წყარო წაართვა”.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.