მედია - გერმანია უკრაინისთვის შორი მოქმედების Taurus-ის რაკეტების გადაცემისთვის ემზადება
გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის შორი მოქმედების Taurus-ის რაკეტების გადაცემისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა T-Online გერმანიის მმართველი „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიიდან წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, გერმანიის მთავრობა Taurus-ის რაკეტების გადაცემის შესახებ განცხადების გაკეთებას “უახლოეს მომავალში” გეგმავს.
“ახლა კანცელარია ამ საკითხის გადაწყვეტაზე გერმანიის უმნიშვნელოვანეს მოკავშირესთან და უკრაინის უდიდეს მხარდამჭერთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მუშაობს,” - წერს გამოცემა.
წყაროების ინფორმაციით, გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა, ასევე, “მწვანე შუქი” მისცეს გერმანული Taurus-ის რაკეტების გადაცემას.
გამოცემა წერს, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, არა მხოლოდ გერმანული ფრთოსანი Taurus-ის რაკეტების, არამედ ამერიკული ATACMS-ის რაკეტების გადაცემაც გამოიწვიოს.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, კოორდინირებული მიდგომა, განსაკუთრებით კი აშშ-სთან, აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ გერმანიის კანცლერი უკრაინისთვის შეიარაღების ახალი სისტემების გადაცემას დათანხმდეს.
interpressnews
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.