"ჩემი ბიძაშვილის ბავშვებს ვეძებდი, ვერ ვიპოვე... მერე ხრამში ჩავვარდი და ძლივს ამოვედი" - რას ჰყვება კაცი, რომლის ფოტომ ინტერნეტი მოიცვა
3 აგვისტოს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ სტიქიის ზონაში გადაღებულმა ფოტომ, რომელიც "ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტმა გიორგი ნიკოლიშვილმა გადაიღო, სრულიად ინტერნეტი მოიარა. კადრში ასახულია შუა ხნის მამაკაცი, რომელიც მეწყრის ადგილზე სამძებრო სამუშაოებშია ჩართული.
ფოტოზე სოფელ გლოლას მკვიდრი ელგუჯა გუტაშვილია, რომელიც ბიძაშვილის, გელა გუტაშვილის ოჯახის წევრებს ეძებდა.
როგორც ამბობს, როცა ტრაგედია დატრიალდა, თბილისში იყო. მას შემდეგ, რაც ინტერნეტში ეს ამბავი გაიგო, რაჭაში ტაქსით წამოვიდა, რათა ოჯახის ახლობელს შვილების ძებნაში დახმარებოდა.
"ტყე-ტყე ვიარე... ტყის თავს ვეძახით, სათიბია... მივყვებოდი და ერთი ადამიანის ნაკვალევი ვიპოვე, არ ვიცი, ვისი იყო… კინაღამ ტყის თავამდე ავედი… იქ რაღაც მეწყერივით იყო, დამიცურდა ფეხი და ჩავვარდი დაბლა, არ ვიცი, თუ აქვთ კადრი გადაღებული. როგორც იქნა, ამოვფოფხდი და გადმოვედი და ფეხით ჩამოვედი. ჩემი ბიძაშვილია გელა გუტაშვილი და იმის ბავშვებს ვეძებდი. ვერ ვიპოვე, ჩავვარდი ხრამში და ძლივს ამოვედი" - იხსენებს ელგუჯა გუტაშვილი "ფორმულასთან" საუბრისას.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში უდიდესი ტრაგედია მოხდა. იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც სასტუმრო "სანსეთ შოვი" და კოტეჯებია განთავსებული, მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე ათობით დამსვენებელი იმყოფებოდა. ბოლო ინფორმაციით, მეწყერს 19 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველები 20-ზე მეტ დაკარგულს ეძებენ.
ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 11 ადამიანის ცხედარი. ესენი არიან - გიორგი გოგინაშვილი, ნინო კენჭაძე, ქსენია ტრიჩევა, დავით ბერიაშვილი, 7 წლის ლუკა დუდაშვილი, და-ძმა მეგი და გიგი გუტაშვილები, გიორგი ყარალაშვილი, ალინა პოლიკოვსკაია, მარი მაისურაძე, შორენა ბიჭაშვილი...
როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო: ეს არის 116-ე მუხლი - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და 240-ე მუხლი - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.
ambebi.ge
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.