დაატოვებინებენ თუ არა თანამდებობას მწერალთა სახლის დირექტორს? – სამინისტროდან არ პასუხობენ
მწერალთა სახლის დირექტორი ნატა ლომოური აცხადებს, რომ უფლებამოსილება გუშინ ამოეწურა, თუმცა სამინისტროდან ამ დრომდე არ მიუღია პასუხი ვადის შესაძლო გაგრძელების შესახებ.
როგორც ლომოური „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აცხადებს, რამდენიმე დღის წინ მას კულტურის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ 5 დღეში თანამდებობაზე ყოფნის ოთხწლიანი ვადა ეწურებოდა, რის შემდეგაც უწყებას წერილობით მიმართა, რომ დაინტერესებული იყო უფლებამოსილების გაგრძელებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია:
„არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა ისევე, როგორც ბოლო 2 წლის განმავლობაში სამინისტროსთან თითქმის არ ყოფილა ურთიერთობა ჩვენსა და სამინისტროს შორის“ — აცხადებს ნატა ლომოური.
მისი თქმით, „მწერალთა სახლის“ დირექტორის თანამდებობაზე 2019 წლის 4 ნოემბერს დაინიშნა, შესაბამისად, აღნიშნული ზარი მისთვის მოულოდნელი იყო.
ლომოური განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც 2019 წელს კულტურის სამინისტრომ „მწერალთა სახლი“ და „წიგნის ეროვნული ცენტრი“ გააუქმა, რასაც მწერლებისა და გამომცემლების პროტესტი მოჰყვა, სამინისტრომ ლიტერატურული ფონდი შექმნა, რომლის დირექტორადაც საზოგადოების პროტესტის შედეგად 7 აგვისტოს კვლავ ნატა ლომოური დაინიშნა:
„ეს ბრძანება თარიღდება 7 აგვისტოთი. ამის შემდეგ სამინისტრომ ახალი ბრძანება გამოსცა, როდესაც „მწერალთა სახლი“ ხელახლა შექმნა. ახალი ბრძანება იყო პირველი ბრძანების ცვლილება. მე ამის თაობაზეც მივწერე სამინისტროს. კეთილი ნების შემთხვევაში შეიძლებოდა 4 ნოემბრამდე ჩემი უფლებამოსილების გაგრძელება, თუმცა, როგორც ჩანს, სამინისტროს ერთი სული ჰქონდა [გავეთავისუფლებინე]“ — აცხადებს ნატა ლომოური „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.
3 აგვისტოს ნატა ლომოურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კულტურის სამინისტროდან დაურეკეს და უთხრეს, რომ 5 დღეში ეწურებოდა მწერალთა სახლის დირექტორობის ვადა:
„მაქვს შეგრძნება, რომ მიწევს დავტოვო მშობლიური სახლი, სადაც, ჩემს გუნდთან ერთად, 12 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთე დიდი სიყვარულით და ერთგულებით. ზოგადად ვთვლი, რომ სახელმწიფო სექტორი უნდა უფრთხილდებოდეს ისეთ ადამიანებს, ვისაც ასეთი განსაკუთრებული ერთგულება აქვთ თავისი საქმის მიმართ, რადგან ეს სიყვარული ყოველთვის ითარგმნება დიდ ძალისხმევაში და პროფესიონალიზმში,” — წერდა ლომოური.
მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში დაიწყო რეორგანიზაცია, შედეგად კი, უწყებებიდან თანამშრომლებს, მათ შორის სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს ათავისუფლებენ.
კულტურის მინისტრმა არაერთხელ გააკრიტიკა მწერალთა სახლი. მან განაცხადა, რომ დღეს მწერალთა სახლში არ უშვებენ მწერლებს, რომლებიც „მწერალთა კავშირის“ წევრები არიან და ამ შენობიდან წინა ხელისუფლების დროს სპეცრაზმმა გამოყარა.
„ნეტგაზეთი“ აღნიშნულთან დაკავშირებით, შეეცადა კულტურის სამინისტროსთან დაკავშირებას, თუმცა უწყების პრესსამსახურში ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.