დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ გამოაქვეყნა სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის მიერ სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას. ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
მთავრობის ინფორმაციით, ჯეიმს კლევერლიმ სანქციები დააწესა რუსეთის ფარგლებს გარეთ 22 პირისა და სუბიექტის წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში. სანქციები ასევე შეეხო სამ რუსული კომპანიას, რომლებიც ელექტრონიკის იმპორტს ახდენდნენ, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსული სამხედრო აღჭურვილობისთვის.
სანქციების ქვეშ ასევე მოექცა ორი თურქული კომპანია და დუბაიში მოქმედი კომპანია, რომელიც უპილოტოების მასალებს რუსეთს აწვდიდა.
ამას გარდა, დიდმა ბრიტანეთმა გაახანგრძლივა სანქციები ირანისა და ბელარუსიის წინააღმდეგ. სანქციების სიაში შედიან ირანელი ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც მონაწილეობენ „ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსისთვის“ უპილოტო საფრენი აპარატების კვლევაში, განვითარებასა და წარმოებაში, ისევე როგორც ბელარუსის თავდაცვის ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებული არიან ბელარუსის რეჟიმისთვის სამხედრო ტექნოლოგიების წარმოებასთან, რაც პირდაპირ უწყობს ხელს რუსეთის უკანონო ქმედებებს.
ამასთან, ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია მთლიანად ორიენტირებულია ომზე.
„დასავლურ კომპონენტებზე წვდომის გარეშე, რუსი სამხედროები ცდილობენ, აწარმოონ საკმარისი მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა და ახლა უიმედოდ ეძებენ უცხოურ იარაღს. რუსეთი უკვე იძულებულია, მოახდინოს საბჭოთა პერიოდის ტანკების მობილიზება. დღევანდელი პაკეტი მიზნად ისახავს, რომ არ მისცეს რუსეთს შესაძლებლობა, გვერდი აუაროს და დააკომპენსიროს დიდი ბრიტანეთისა და მისი მოკავშირეების სანქციების აშკარა შედეგები“, – აღნიშნულია ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციაში.
სანქციების ამ პაკეტის ფარგლებში დიდი ბრიტანეთი ასევე დგამს შემდგომ ნაბიჯებს იმ ქვეყნებთან საბრძოლველად, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს პუტინს იარაღითა და სამხედრო კომპონენტების მიწოდებით, მათ შორის არიან ირანი და ბელარუსი.
ავტორი - თამარ მუშკუდიანი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.