ვაშინგტონი კიევს შეიარაღებისთვის კიდევ 200 მილიონ დოლარს გამოუყოფს
8 აგვისტოს შეერთებული შტატები უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფას გამოაცხადებს. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
ახალი პაკეტი მოიცავს ნაღმებისგან გაწმენდის აღჭურვილობას, საზენიტო-სარაკეტო სისტემა „პეტრიოტისთვის“ განკუთვნილ საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს „ჯაველინებს“, სარაკეტო სისტემა „ჰაიმარსის“ რაკეტებს და სხვა სახის აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალას.
ეს თანხები გამოთავისუფლდა ბუღალტრული შეცდომის შედეგად - შეცდომა ადრე გამოყოფილი 6.2 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტით გათვალისწინებული სამხედრო აღჭურვილობის ღირებულების დათვლის პროცესში იქნა დაშვებული.
მაისში პენტაგონმა განაცხადა, რომ შეცდომით შეაფასა კიევისთვის მიწოდებული იარაღის ღირებულება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა დამატებითი დახმარების გამოყოფა.
ამავე დროს, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მუშაობს უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფაზე, რომელიც კონგრესზე განსახილველად შემოდგომისთვის იქნება მზად. ამის შესახებ CNN-ი აშშ-ის არმიის შესყიდვების დეპარტამენტის უფროს დუგ ბუშზე დაყრდნობით იუწყება.
მანამდე ტელეკომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სექტემბრის ბოლოს, ფისკალური წლის დასრულებამდე, თეთრი სახლი არ აპირებს კონგრესს მიმართოს უკრაინისთვის დამატებითი თანხების მოთხოვნისთვის. ამას მოჰყვა შეშფოთება იმაზე, რომ თანხები შესაძლოა, ზაფხულის შუა რიცხვებში ამოიწუროს.
გასულ წელს ადმინისტრაციამ კონგრესისგან ოთხჯერ მოითხოვა დამატებითი დაფინანსება უკრაინის მხარდასაჭერად – მარტში, მაისში, სექტემბერსა და დეკემბერში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ 7 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბარში ითხოვა შორი რადიუსის რაკეტების მიწოდება.
თხოვნის ფონია რუსეთის არმიის მიერ რაკეტებით სასიკვდილო იერიშის მიტანა დონეცკის რეგიონში მდებარე ქალაქ პოკროვსკზე, რასაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. თხოვნის ფონია ასევე უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებები, რომ, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და ხერსონის რეგიონებზე რუსეთის შეტევების შედეგად.
radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.