„ბახმაროს რაჭაზე უარესი დაემართება!“ ჩოხატაურის მერი: „უკანონოდ არავინ არაფერს არ აკეთებს“
შოვში დატრიალებული საშინელი ტრაგედიის შემდეგ, განსაკუთრებით აქტუალური თემა გახდა მაღალმთიანი დასახლებები, სადაც სტიქიური მოვლენების გარკვეული რისკები არსებობდა და ყოველთვის იარსებებს.
რამდენჯერ ყოფილა საუბარი, რომ გურიის მდინარეებზე უკანონო თუ კანონიერი გზებით ქვა-ღორღის ამოღება ხდება, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს და რომელიც აზიანებს არსებულ გარემოს, მდინარის კალაპოტს იერსახეს უცვლის და მეწყრისა თუ სხვა სტიქიური მოვლენების რისკს ზრდის. ასეა მდინარე სუფსაში, ასეა გუბაზოულზე და ა.შ.
ამ ბოლო ხანს აქტუალურია კურორტ ბახმაროს თემა, სადაც ბოლო წლებია, კატასტროფულად იმატებს ახალი შენობები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, უკანონოდაა აშენებული ბობოლა ჩინოვნიკების მიერ, რის გამოც იქაური უნიკალური ლანდშაფტი ძალიან დიდ ცვლილებებს განიცდის.
ბახმარო სუფთა ჰაერითაა სახელგანთქმული და ბევრი იქ დამსვენებელი სამართლიანად აპროტესტებს კურორტზე არსებულ მშენებლობებს და სატვირთო მანქანების შედეგად წარმოშობილ ეკოლოგიურ სიბინძურეს, რომლის შედეგად, როგორც დამსვენებლები თუ უბრალოდ, კურორტზე სტუმრად ასული ადამიანები ამბობენ, მალე მივალთ სავალალო შედეგებამდე, რამეთუ არც ბახმარო იქნება ისეთი, როგორიც იყო და არც იქ დამსვენებელთა ცხოვრება იქნება უსაფრთხო.
შოვში დატრიალებული ტრაგედიის ფონზე კი ბახმაროში, მდინარე ბახვის კალაპოტში მიმდინარე სამუშაოებთან მიმართებით, მოქალაქეებში უფრო მეტად გაჩნდა კითხვები და ითხოვენ გარკვევას, რა ხდება ბახმაროში. ამ თემაზე სოციალურ ქსელშიც აქტიურად მიდის პოლემიკა.
„ჩოხატაურის მერიას მივმართავ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ბახმაროდან ხრეშის გატანა! ქუდზე კაცი დადგება, ამ ამაზრზენ ქმედებაზე თვალს არავინ დახუჭავს. გზას აკეთებენ _ ესაა მოტივი. მთას ძირს უთხრიან. ყველანი პასუხისმგებლობას დაგაკისრებთ თითოეულ თქვენგანს. რაჭაზე უარესი დაემართება ბახმაროს. რაც უბედურება ხდება, ყველა მასეთი დაუდევრობით. დროულად შეწყვიტეთ გატანა!“ _ ფეისბუქგვერდის საშუალებით მიმართავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მოქალაქე თამრიკო კილაძე.
„ამ ტრაგედიის ფონზე, ვკითხულობ მაინც, რა სამუშაოები ტარდება ბახმაროში და გეოლოგები თუ არიან ჩართული?
ბავშვობიდან მოყოლებული ბახმაროში ვისვენებ და აქ მდინარის კალაპოტი იყო. ახლა მოასწორეს მდინარეც, მისი ნაპირიც და კალაპოტიც.
რა ხდება, ვინმემ იცის?
ვერ გაიგო ამ ადამიანებმა, რომ ასეთ ადგილებს არ უყვართ ადამიანის ხელის ჩარევა. ბახმარო თავისი ბუნებრივი გარემოთი არის უნიკალური“, _ წერს ლელა ჩხაიძე.
ვაჟა გობრონიძე: „მდინარეს რომ კალაპოტს შეუცვლი, მე მგონი, არ უნდა იყოს კაი ამბავი მაგი. ბახმაროს იმდენს უჩხიკინებენ, რაცხა სასწაულს მოახდენენ“.
ნანა ჭკუასელი: „ბახმაროში ადგილი აღარ დატოვეს, ყველგან კოტეჯია ჩადგმული და ფასები ისეთი აქვს კიდევ, თბილისში იყიდის ადამიანი ბინას. ჰოდა, ვიღაცას ადგილი უნდა ეტყობა და ასუფთავებენ და მთასთან თამაში რომ არ შეიძლება, ვეღარ გაიგო ამ ხალხმა“…
ლელა გობრონიძე: „სილამაზის წყაროზე ისე ჩახვალ, ნაძვი აღარ შეგხვდება. მთლიანად არის გაჩეხილი და უშუალოდ წყაროზე ჩასასვლელამდეა კოტეჯები ჩადგმული… იმ ფერდობს რა ამაგრებს, არ ვიცი… მდინარის ხეობაა თან, ბახვისწყლის. იმ სიღრმეზეა კოტეჯები ჩადგმული, ის მიკვირს, ყოველდღიურად დამსვენებელმაც იქ როგორ უნდა იაროს, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. მეორე, რომ არანაირად არ შეიძლება და დიდი საფრთხის შემცველია. შარშან ამბობდნენ, აპირებენ ბევრი უკანონო კოტეჯის აღებასო, მაგრამ უკვე გაჩეხილ ფერდობს რა ეშველება. მეტიც, შარშან, მოპირდაპირე ფერდობზე, იმავე ხეობაში, ზედ მდინარის ნაპირთან სადღაც 10 მეტრშიც არა, უფრო ახლოს, კიდევ დიდი კოტეჯი შენდებოდა. რა ვიცი, იქ რამ უნდა დააძინოს ღამით“.
ნანა კამლაძე: „დაინგრევა, მოისპობა ყველაფერი და მერე იტყვიან სტიქიური უბედურებაა და ყველგან ხდებაო..“
ირინა ლომაშვილი: „ასეთი ამბავია ყველა მდინარის პირას. იღებენ ხრეშს. ამუშავებენ ეგრეთ წოდებული „დრაბილკები“ და გადათხრილს და გაუბედურებულს ტოვებენ სანაპიროს“.
თამო მალანია: „მერე გამოვლენ და იტყვიან, ბუნებრივი სტიქიაა, ყველგან ხდება, ბუნების კანონებთან უძლურები ვართო. ჭრიან ხე-ტყეს, ძირს უთხრიან, ყიდიან, ფულს აკეთებენ. ვის ანაღვლებს, შემდეგ ამ ყველაფერზე ვის მოუწევს პასუხისგება სიცოცხლის ფასად“…
ირკვევა, რომ ბახმაროში მიმდინარე სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროექტით ხორციელდება და მათი ინფორმაციით, “მიმდინარეობს ბახმარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. კერძოდ, რეაბილიტაცია უტარდება ჩოხატაური-ბახმაროს გზის 16 კმ-იან (კმ34-კმ50) მონაკვეთს. ამ ეტაპზე, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია და მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულება დაგეგმილია წლის ბოლოსთვის. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 16 211 200 ლარია”.
მოსახლეობის მხრიდან გაჟღერებულ კითხვაზე _ თუ რა ხდება ბახმაროში, პასუხის მისაღებად „გურია ნიუსი“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პირველ პირს, დავით შარაშიძეს დაუკავშირდა.
„მოგეხსენებათ, რომ თებერვალში, დიდთოვლობის გამო, ამ ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა, რამაც 35 სახლი დააზიანა, ფაქტობრივად, მიწასთან გაასწორა. ამის შემდეგ, როცა უკვე თოვლი აღარ იყო და ოთხდღიანი ძლიერი წვიმების შედეგად სტიქია მოხდა გურიაში, ბახვის წყალი ადიდდა და დიდი მოცულობის ხეები, სილა, ნარჩენი მასალა ჩამოიტანა ბახმაროში. ადგილზე ტურისტები და დამსვენებლებიც იმყოფებოდნენ.
ბახვის წყლის ადიდებამ გამოიწვია ის, რომ პიონერისა და უჩხუბის ქუჩები მთლიანად ჩაიკეტა და მდინარის მეორე მხარეს მყოფ ხალხს აქეთ გადმოსვლა აღარ შეეძლოთ.
საქართველოს გზების დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი იყო ბახმაროს დარჩენილი გზის რეაბილიტაცია (ჩინურმა კომპანიამ რაც დაამთავრა, იმის შემდეგ რა მონაკვეთიც რჩებოდა). გამოცხადდა ტენდერი, გაიმარჯვა კონკრეტულმა ფირმამ და ჩვენ ამის შემდეგ მუნიციპალიტეტიდან, გუბერნიის ჩართულობით, წერილობით მივმართეთ გზების დეპარტამენტს, რომ მომხდარიყო ბახვისწყლის კალაპოტის გასწორხაზოვნება, ჯებირებისა და გაბიონების მოწყობა, რაც თავიდან პროექტში არ იყო გათვალისწინებული და დამატებით შევატანინეთ, ვინაიდან ცენტრალური გზა როცა გაკეთდებოდა, ძლიერ წვიმებსა და უხვ ნალექს კიდევ არ შეექმნა საფრთხე გზისთვის.
ჩვენ ახლა, ამ წუთებში ვახორციელებთ კალაპოტის ფორმირებას, მდინარის ერთ კალაპოტში მოქცევას. ალბათ, დაკვირვებული იქნებით, რომ ბახვისწყალი რამდენიმე კალაპოტად მოდიოდა და შემდეგ ერთდებოდა ერთ მდინარედ. ახლა ვაქცევთ ერთ კალაპოტში, ვაკეთებთ ჯებირებსა და გაბიონებს, ამასთან კალაპოტსაც ვუღრმავებთ მაქსიმალურად, რომ საზოგადოებას საფრთხე არ შეექმნას. ამის შემდეგ კი დავიწყებთ სამანქანო ხიდის პროექტზე მუშაობას.
ამ წუთისთვის საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ მშვიდად, წყნარად შეხვდეს ამ ყველაფერს, ვინაიდან უკანონოდ არავინ არაფერს არ აკეთებს. პროექტი ეკუთვნის ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტს და ზედამხედველობას უწევს, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე, მუნიციპალიტეტის მერია“, _ ამბობს დავით შარაშიძე „გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბარში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.