26 წლის ნიკა კაკაბაძე 3 აგვისტოს ორ მეგობართან ერთად რაჭაში, ბუბას მთაზე სალაშქროდ მიდიოდა - იქ, საიდანაც სტიქია დაიწყო. რახან ბუბა-თბილისას მარშრუტი სასაზღვრო ზონაშია, ონში, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტისგან წინასწარი თანხმობა და საშვის აღება სჭირდებოდა.
უძირო ტბა სოფლების, გლოლასა და შოვის მახლობლად მდებარეობს, - ბუბასა და თბილისას მოპირდაპირე მხარეს. ნიკა კაკაბაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მეგობრები ურჩევდნენ, უკან დაბრუნებულიყვნენ, „ამ მთაზე ასვლა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო“. სამივენი გადარჩნენ.
კაკაბაძე წერს, იმის მიუხედავად, რომ ონში, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტში ჩაიწერეს სამივე მათგანის მონაცემები და იცოდნენ, რომ „ზუსტად იქ მივდიოდით, სადაც ტრაგედიის ეპიცენტრი იყო, ამ დღეების განმავლობაში, არავის მოვუკითხივართ“:
„არც ის ვიცი, დაკარგულ ადამიანთა რიცხვი რა პრინციპით ითვლებოდა, რადგან თუკი ჩვენთან არ გადაამოწმეს, მაგ სიაში უნდა ვყოფილიყავით. უძირო ტბიდან დაბრუნების შემდეგ, თავად მივწერეთ, რომ უვნებლად ვიყავით და თბილისში დავბრუნდით“.
კაკაბაძის თქმით, პასუხი ასეთი იყო: „უი, თქვენ ხომ აიღეთ შოვის საშვები და როგორ ხართ“?
რას ეყრდნობა ინფორმაცია 16 დაკარგულზე?
7 აგვისტოს რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში უთხრეს, რომ:
-
18 ადამიანის ცხედარი ნაპოვნია;
- მათგან 14 იდენტიფიცირებულია;
- 4-ის ვინაობა ჯერ დაზუსტებული არაა;
- ეძებენ კიდევ 16 ადამიანს.
- დაღუპულთა და დაკარგულთა ჯამი 34 გამოდის.
უწყების ცნობითვე, 16 დაკარგული ადამიანის შესახებ ინფორმაცია ეყრდნობა:
- 112-ზე შესულ ზარებს,
- სპეციალურად შექმნილ ცხელ ხაზზე შესულ ზარებს და
- „საპოლიციო დანაყოფების მუშაობისას გამოვლენილ გარემოებებს“.
ვინ იპოვეს და ვის ეძებენ?
რადიო თავისუფლების ხელთ არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის შემდეგ 11 ადამიანი:
- ნატო ჭელიძე და მისი ერთ-ერთი მცირეწლოვანი შვილი, ლუკა დუდაშვილი
- და-ძმა მეგი და გიგი გუტაშვილები
- სამირა ისაევა
- მარინა ხორბალაძე
- დავით ბერიაშვილი,
- ალინა პოლიკოვსკა, უკრაინელი ჟურნალისტი
- ქსენია ტრიჩევა, რუსეთის მოქალაქე
- გიორგი გოგინაშვილი, რომელიც წარსულში „რიონის ხეობის მცველი“ იყო
- ნინო კენჭაძე.
რადიო თავისუფლება ფლობს ინფორმაციას კიდევ 14 ადამიანზე, რომლებიც კვლავ დაკარგულებად მიიჩნევიან. ესენი არიან:
- ნატო ჭელიძის დანარჩენი ორი მცირეწლოვანი შვილი;
- ალინა პოლიკოვსკას მეუღლე, ზაზა მესხი და მათი სამი შვილი;
- გიორგი და სოფო ყარალაშვილები
- თემურ ჩარკვიანი და ნიკა ჩალაძე სოფელ ლაგვანთიდან
- გვანცა ბუბაშვილი და სალომე ხეთაგური.
- ქეთევან ლობჟანიძე
- გენადი (გენო) სულთანიშვილი - სოფელ გლოლის მკვიდრი, კოტეჯების სასადილოს მზარეული და ანსამბლ „ბუბას“ წევრი.
ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, ცხედრების ამოცნობის პროცესს სირთულეები ახლავს თან - გარდაცვლილების სხეულები დაზიანებულია და ოჯახის წევრებს რიგ შემთხვევებში მათი ამოცნობა უჭირთ. ასეთი შემთხევებში დნმ-ის ანალიზით ცდილობენ გარდაცვლილების ვინაობის დადგენას.
radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.