რას [ვერ] ვიგებთ გარემოს სააგენტოს პირველადი შეფასებიდან შოვის სტიქიაზე – ინტერვიუ
შოვში სტიქიიდან რამდენიმე დღეში გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მომხდარის გამომწვევი მიზეზების შეფასების პირველადი დასკვნა გამოაქვეყნა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიური, გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრამ გამოიწვია.
უფრო კონკრეტულად, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მდ. ბუბისწყლის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურებას განაპირობებს რელიეფის მაღალენერგეტიკული პოტენციალი:
- მკაცრი კლიმატური პირობები – ნივალურ ზონაში ტემპერატურის ამპლიტუდის მკვეთრი ცვლილებები და მასთან დაკავშირებული ქანების ყინვით-მექანიკური გამოფიტვისა და სოლიფლუქციური მოვლენების ინტენსიური მიმდინარეობა;
- გამოფიტვის გამომწვევი აგენტების მიმართ ვულკანური და დანალექი ქანების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება;
- ტერიტორიის გეოლოგიური აგებულება, ტექტონიკური და სეისმური პირობები;
- კლდეზვავური და ეროზიულ-გრავიტაციული მოვლენების შედეგად დიდძალი ღვარცოფმაფორმირებელი კერების ჩასახვა/განვითარება, როგორც ხეობის სათავეებში და მის კალაპოტში, ასევე მდ. ბუბისწყლის შენაკადების ბორტებზე;
- მყინვარული ეროზია, ფლუვიოგლაციალური და მორენული წარმონაქმნების დიდი მოცულობის დანაგროვების არსებობა ხეობის სათავეებში;
- მყინვარული საფარის ინტენსიური დნობის შედეგად წარმოქმნილი ნადნობი წ####ბი, უხვი ნალექის და გრუნტის წ####ბის მიერ, მდინარის სათავეებში და მისი შენაკადების კალაპოტებში დაგროვილი ღვარცოფმაფორმირებელი კერების ჭარბი გაწყლოვანება;
- უკანასკნელ პერიოდში კლიმატის ცვლილებით (დათბობა, ატმოსფერული ნალექების რეჟიმის ცვლილებები და სხვა) გამოწვეული ნეგატიური ზემოქმედება.
იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს შეფასების დოკუმენტი, რა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს და რა ხარვეზებზე მიუთითებს – ნეტგაზეთი ესაუბრა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსს, ლაშა სუხიშვილს.
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ანგარიშიდან შევიტყვეთ?
წინასწარი შეფასებიდან გავიგეთ, რომ სტიქიის ჩამოყალიბების ნიშნები არსებობდა – მაგალითად, ჰაერის ტემპერატურის მუდმივი ზრდა (მათ შორის, კლიმატური თვალსაზრისით), მზიანი დღეების რაოდენობის ზრდა და სხვა – ეს პარამეტრები მნიშვნელოვანია, რადგან მყინვარული წარმოშობის მდინარეზეა საუბარი. ასევე, ამ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ადგილის დათვალიერებით გამოიკვეთა ერთი დეტალი – სათავეში მყინვართან დიდი რაოდენობით იყო მობილიზებული მასალა, რომელიც ციცაბო ფერდობის გათვალისწინებით ჩამოვიდა შემდგომ შოვში.
ამხელა სტიქიის გამომწვევი მასალის მობილიზება მყისიერად არ ხდება. კლიმატის პარამეტრის დადგენას, ბუნებრივია, ათწლეული უნდა და მიმდინარე ამინდის პარამეტრებიც რომ სითბოსკენ მიდის, ბუნებრივია, მალევე ხდება ამის აღქმაც. ერთი სიტყვით, ამ ანგარიშში ჩანს, რომ ბუბისწყლის აუზში საფრთხეები იყო არაჯეროვნად შეფასებული, რადგან ინდიკატორები ყოფილა თურმე, რომ რაღაც სტიქია მწიფდებოდა.
როდის დაიწყებოდა ეს სტიქია – ამის შეფასება ურთულესია. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობდა წინასწარი სიგნალები სტიქიის ხელშემწყობი ფაქტორების ჩამოყალიბების შესახებ ამ აუზში, უნდა არსებულიყო სასიგნალო სისტემა.
ამას გარდა, წინასწარ შეფასებაში ნათქვამია, რომ სტიქიური პროცესების გააქტიურებიდან ვიდრე შოვამდე მოაღწევდა ეს ნაკადი, დასჭირდებოდა დაახლოებით 8-10 წუთი. ეს ნიშნავს, რომ ნაკადმა იარა საშუალოდ 70 კმ/სთ სიჩქარით, რაც ნონსენსი არ არის, თეორიულად დასაშვებია, მაგრამ მე ვუსმინე სხვა სპეციალისტების შეფასებასაც, რომლებიც თვლიან, რომ ზოგიერთ ადგილებში სიჩქარე 30 კმ/სთ-ს მიაღწევდა. ეს სიჩქარე იქნებოდა 30 კმ/სთ თუ 70 კმ/სთ, ნიშნავს იმას, რომ ერთ შემთხვევაში 8-10 წუთი ექნებოდა დროითი დისტანცია, მეორე შემთხვევაში -დაახლოებით 20 წუთი. სასიგნალო სისტემების არსებობის შემთხვევაში, თუ მაშინვე იცი, რომ ზედა ნაწილში პრობლემაა შექმნილი, 8 წუთი საკმარისია ადამიანისთვის, რომ შოვის პირობებში 300 მეტრი გაიარო და რელიეფის შედარებით მაღალ ადგილას ახვიდე.
რაკი ეს დოკუმენტი პირველადი შეფასებაა, რა მნიშვნელოვანი მონაცემებისა თუ გარემოებების დამატებას/შეცვლას ელოდებით თქვენ?
რაც ძალიან საინტერესოა და რაც არ ვიცით ახლა, მნიშვნელოვანია დადგინდეს.. ანგარიშში არ ეწერა, მაგრამ ინტერვიუს ვუსმენდი ბატონი მერაბ გაფრინდაშვილის [გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი] და ინტერვიუში მან ახსენა მილიონ-ნახევარი კუბური მეტრი წყალი, რომელიც საჭირო იყო იმისთვის, რომ მყარი მასალა შოვამდე ჩამოსულიყო. მილიონ-ნახევარში კი ბატონო, ვეთანხმებით, უბრალოდ საინტერესოა – სად ყალიბდებოდა ეს მილიონ-ნახევარი მეტრ-კუბი წყალი, რა ადგილას გროვდებოდა.
ვარაუდია ანგარიშში გამოთქმული, რომ ეს წყალი შესაძლოა ყოფილიყო მყინვარის ტერიტორიაზე, ოღონდ მყინვარის ნატეხებით დაფარული და ამიტომ არ ჩანდა სატელიტიდან – კი, დასაშვებია. უბრალოდ, მანდ გასათვალისწინებელია ამ მყინვარის ტიპი, რომ საკმაოდ ციცაბო ფერდობზე ჩამოკიდებული მყინვარი იყო.. თუმცა არ ვიცი, თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ვერსია, რომლის დადასტურებაც შეგვიძლია, თუ საიდან მოვიდა ეს წყალი, არ გაგვაჩნია. დამამტკიცებელი საბუთები არ გაგვაჩნია – ეს არის ღია კითხვა.
ასევე ღია კითხვად რჩება სიჩქარის საკითხი, იმიტომ, რომ აქაც დასაზუსტებელია, იარა ნაკადმა 70 კმ/სთ სიჩქარით, თუ არა.
და მესამე ღია კითხვა ეხება კლდეზვავს, რომელზეც საუბარი იყო ანგარიშში. თეორიულად, შესაძლებელია, რომ კლდეზვავით დაწყებულიყო ეს პროცესი, უბრალოდ, ამის დასადასტურებელი მონაცემი საპოვნია. ეს მონაცემი არც წინასწარ შეფასებაში იყო, არც ჩვენ გვაქვს – ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობა გასაგრძელებელია.
როგორ აგროვდა ეს მონაცემები?
წინასწარ შეფასებაში მოცემული მონაცემები, როგორც იქ აქვთ აღნიშნული, შეგროვებულია: 1. შოვის მეტეოსადგურიდან; 2. ჭანჭახის ჰიდროლოგიური სადგურიდან და 3. როგორც მივხვდი, ვერტმფრენით დათვალიერებისას.
მონაცემთა აგროვებაზე საუბრისას ასევე საინტერესოა მდინარე ბუბისწყლის დაშრობის ეპიზოდი. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ რამდენიმე დღე დამშრალი იყო, სააგენტოს შუალედურ შეფასებაში მოცემულია მონაცემი, რის მიხედვითაც ამბობენ, რომ ბუბისწყალი არ დამშრალა. მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა – ეს მონაცემი არდაშრობის შესახებ მდინარე ჭანჭახის ჰიდროლოგიური სადგურიდანაა აღებული. ჭანჭახი უფრო დიდი მდინარეა, ვიდრე ბუბისწყალი. დამაკლდა ამ შეფასებაში ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება ვიმსჯელოთ ჭანჭახის მონაცემებით ბუბისწყლის მონაცემზე. როგორ უნდა ასახულიყო ბუბისწყლის დაშრობა ან/არდაშრობა ჭანჭახის მონაცემზე.
ჩვენ ვისაუბრეთ სტიქიის ჩამოყალიბების სავარაუდო გარემოებებზე – ზოგადად, ამ საფრთხეების გათვალისწინებით, როგორ ხდება ხოლმე შოვის მსგავსი ტერიტორიის მონიტორინგი? და ჩვენთან თუ მიმდინარეობს ის?
როდესაც საუბარია გლაციალურ პროცესზე – მყინვარული წყლის გასკდომაზე ან კლდეზვავზე, მყინვარის ჩამოშლაზე და ა.შ. – ეს არის ძალიან სწრაფი პროცესი და ამაზე პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. ამიტომ საჭიროა, რომ არსებობდეს როგორც მეტეოსადგურები, ასევე მდინარეზე ჰიდროლოგიური სადგურები, ფერდობის მონიტორინგი უნდა არსებობდეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ შორის, რადარული მონიტორინგი – იქ კლდეზვავი იქნებოდა თუ მყინვარის ჩამოშლა, მყისიერად, რეალურ დროში გადმოგვცემდა სიგნალს, რომ მოხდა ჩამოშლა და იქიდან დაიწყებოდა ევაკუაციის დროის ათვლა. ხაზს ვუსვამ, რომ ეს არ არის პროგნოზი, ეს არის უკვე მომხდარის დაფიქსირება და რეალურ დროში სიგნალის გადმოცემა.
დაბოლოს, სხვა ქვეყნების მაგალითზე, სასიგნალო მექანიზმი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, როგორ მუშაობს?
სასიგნალო მექანიზმის პირველი აპარატურული ნაწილი არის, რომელზეც ახლა ვისაუბრე – რადარები და სხვა. ხოლო მეორე ნაწილი არის რეაგირება. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ 8, 10 ან 20 წუთზე, იქ, ბუნებრივია, სამაშველო ჯგუფის ჩასვლაზე და სამაშველო ოპერაციის ორგანიზებაზე ლაპარაკი ზედმეტია – არ ესწრება. ამიტომ, როდესაც ასეთი პატარა მდინარეა, დახრილობა აქვს, სწრაფი ნაკადებია – მანდ მთავარი ფოკუსი გადადის ხოლმე ადგილობრივი მოსახლეობის, იქ მომუშავე პერსონალის და ტურისტების ელემენტარულ დონეზე ინფორმირება.
აქ არაა საუბარი რაღაც განსაკუთრებულზე, უბრალოდ უსაფრთხოების ზომების გაცნობაზე და ინფორმირებაზე, რომ თუ გაისმა სიგნალი, თუ მოგივიდათ შეტყობინება, ამ ბილიკით მიდიხართ ამა და ამ ადგილზე უსაფრთხოებისთვის.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.