შოვში დაღუპულებს შორის 7 წლის ლუკა დუდაშვილი ამოიცნეს
შოვში დაღუპულებს შორის 7 წლის ლუკა დუდაშვილი ამოიცნეს. ინფორმაციას ამის შესახებ დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ლუკა შოვში დედასა და და-ძმასთან ერთად ისვენებდა, რომლებსაც მაშველები სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ.
ლუკას მამა, გიორგი დუდაშვილი საზოგადოებამ სტიქიის პირველივე დღეს გაიცნო. გიორგი დუდაშვილი მედიასთან აცხადებდა, რომ ცოლსა და სამ მცირეწლოვან შვილს ეძებდა:
„მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი. არ ვიცი, რა სიტუაციაა, როგორ არიან… არ გვინდა ეს სამი მცირეწლოვანი ბავშვი? დაიღუპონ მანდ? ხალხო, რამე ქენით, გამოგზავნეთ ერთი ვერტმფრენი მაინც, რომ ვიპოვოთ.
დღისით, პირველ თუ თორმეტ საათზე [ველაპარაკე] არ მახსოვს. მერე აღარ გამოდიან კონტაქტზე, ვინც მანდ იყვნენ, არ ვიცი. შოვის ტერიტორიაზე კოტეჯებში იყვნენ”, — აცხადებდა გიორგი დუდაშვილი 3 აგვისტოს საღამოს ჟურნალისტებთან საუბრისას.
რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მეოთხე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს, შოვში მეწყრის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს.
ბოლო ცნობებით, სტიქიას შოვში 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან, სამირა ისაევა, დავით ბერიაშვილი, გიორგი გოგინაშვილი, უკრაინის მოქალაქე ალინა პოლიკოვსკასია და რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მაშველები 17 ადამიანს ეძებენ. დაკარგულებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.