შოვში მომხდარი სტიქიის შესახებ დასკვნის პირველად დეტალებს გარემოს ეროვნული სააგენტო ხვალ გაასაჯაროებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, შოვში მომხდარი სტიქიის შესახებ დასკვნის პირველად დეტალებს გარემოს ეროვნული სააგენტო ხვალ გაასაჯაროებს.
როგორც თანდილაშვილი განმარტავს, სპეციალისტები ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. მინისტრის მოადგილის თქმით, შოვში, რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრას ჰქონდა ადგილი.
„პირველ რიგში, გარდაცვლილის ოჯახებს მინდა მივუსამძიმრო, ნამდვილად, უმძიმეს ტრაგედიასთან გვაქვს საქმე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტთა 6 ჯგუფი მუშაობს ადგილზე, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები გახლავთ - გეოლოგები, ჰიდროლოგები, გლაციოლოგები და რა თქმა უნდა, ნაწილი ჯგუფისა ადგილზე ვიმყოფებით და ვმუშაობთ ყველა მიღებულ ინფორმაციაზე, რომელიც ჩვენი სპეციალისტებისგან ხეობიდან მოდის. ვამუშავებთ, მაქსიმალურ ანალიზს ვუკეთებთ ყველა ინფორმაციას იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ხეობაში განვითარდა, იმისათვის, რომ საზოგადოებას ამ მძიმე დროს, როცა ასეთი მაღალია ემოციური ფონი, მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით, ჩვენ არც ერთი წუთით მუშაობა არ შეგვიწყვეტია. დღეს, დილით ჩვენი სპეციალისტები კიდევ ერთხელ შეფრინდნენ ხეობაში, ძალიან დეტალურად მოხდა ხეობის სრულად დათვალიერება. ხვალ გვექნება ოფიციალური დასკვნა, რომელიც საზოგადოებას გაეცნობა და ეს იქნება დასკვნა, რომელიც კონკრეტულ მონაცემებს და ინფორმაციას ემყარება, მაგრამ ამ ეტაპისთვის შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან უცაბედ, მყისიერი მოვლენის განვითარებას ჰქონდა ადგილი, ეს არის მყინვარული დნობის პროცესი, კლდე-ზვავური მასის ჩამოშლა მოხდა, ძალიან სწრაფად განვითარდა ხეობაში ეს პროცესები, რასაც ღვარცოფული და მეწყრული პროცესები დაერთო, რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრასთან გვქონდა ერთობლიობაში საქმე და საბოლოო ჯამში ეს მძიმე სურათი მივიღეთ, რასაც ხეობაში ვხედავთ. მინდა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მოვუწოდო ყველას, როცა ასეთი რთული ემოციური ვითარება არის, ჩვენ სპეციალისტებს უნდა მოვუსმინოთ, მონაცემებს დავეყრდნოთ და არ გავავრცელოთ ისეთი ინფორმაციები, რაც საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს და ამ მძიმე ემოციურ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს. სპეციალისტებს სჭირდებათ დრო იმისათვის, რომ მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია მივცეთ საზოგადოებას და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გავცეთ“, - განაცხადა თანდილაშვილმა.
კითხვაზე, თუ რამდენად იყო შესაძლებელი აღნიშნული მოვლენის პროგნოზირება, მინისტრის მოადგილე ასე პასუხობს:
„მსგავსი მოვლენის წინასწარ პროგნოზირება, როცა რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრა ხდება, რაც საბოლო ჯამში, ასეთი მასშტაბური ხასიათის სტიქიას იწვევს, ფაქტობრივად, შეუძლებელია“.
„ჩვენ ყველანაირ მონაცემს ვუკეთებთ ანალიზს, მათ შორის, მონიტორინგის სადგურებიდან მიღებულ ინფორმაციას, რაც ჩვენ ხეობაში გვაქვს. მსგავსი მასშტაბის სტიქიის წინსწრებით პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. სატელიტური ინფორმაციები, რომელიც გავრცელდა და სოციალურ ქსელს ვირუსულად მოედო, თუ საზოგადოება კარგად დააკვირდება და ანალიზს გააკეთებს, ნათლად ჩანს, რომ წინა დღეებში, ამ ხეობაში პროცესების ცვლილებას ადგილი არ ჰქონია, ყოველ შემთხვევაში, ხილულად ეს სატელიტზე არ ჩანს“, - განაცხადა თანდილაშვილმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.