თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულებიდან 7 პირია იდენტიფიცირებული
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპული 15 პირიდან 7-ის იდენტიფიცირება მოხერხდა.
მღებრიშვილის თქმითვე, დაკარგულთა სამძებრო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება.
„ამ დროის მონაცემებით, დღეს 4 ცხედარია ნანახი, გადასვენებული არიან პროზექტურაში. საერთო ჯამში, სტიქიის ზონაში 15 ცხედარია მოძიებული და მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება. ერთი და იმავე ლოკაციაზე, ე.წ. კოტეჯის ლოკაციაზე ხდება აღნიშნული ცხედრების მოძიება. დღეს, დილიდან აქტიური სამუშაოების შედეგად მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი რკინის კონსტრუქციის ხიდი, რაც საშუალებას გვაძლევს, ყველა საჭირო ტექნიკა გადავისროლოთ. მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად გავაგრძელებთ საძიებო სამუშაოებს. ამ დროისთვის, 7 ცხედარია იდენტიფიცირებული, თუმცა, პროცესი გრძელდება და დღის ბოლომდე ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც სიახლეები გვექნება“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, დაღუპულია 15 პირი.
შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.