შოვში ძებნისთვის საჭირო სამუშაოები დაიწყო
რაჭაში, შოვში, იქ, სადაც 3 აგვისტოს ღვარცოფი და მეწყერი ჩამოწვა, დაიწყო დაკარგული ადამიანების ძებნისთვის საჭირო სამუშაოები. მძიმე ტექნიკა მუშაობს იმისთვის, რომ მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასავლელი ხიდი მოეწყოს.
ადგილზე იმყოფება თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძეც - ამ სამუშაოებში ჯარია ჩართული.
"გზა იჭრება იმისთვის, რომ ამ მეწყრულ მასას ორივე მხრიდან მიუდგნენ მაშველები. დაახლოებით 8 ერთეული ტექნიკა მუშაობს ერთ მხარეს, იმ ლოკაციაზე, სადაც გუშინ ძირითადად იპოვეს ცხედრები. მძიმე ტექნიკა მუშაობს სამაშველო სამსახურის ქვეითებთან ერთად, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ სამუშაოებს ვაწარმოებთ იმ დათქმით, რომ ვიპოვოთ ცოცხალი ადამიანები", - ამბობს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი.
ბოლო მონაცემები 12 საათზე მეტია არ შეცვლილა - ნაპოვნია 11 დაღუპული და 25-ზე მეტ ადამიანს ეძებენ.
3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. გუშინ, 4 აგვისტოს კი სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარი ჩაერთო.
radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.