მეორე დღეა, ათობით ადამიანი სოფელ შოვში მეწყრისა და ღვარცოფის შემდეგ მშობლებს, შვილებს, და-ძმებს, ნათესავებსა და მეგობრებს ეძებს.
ეძებენ, ვისაც როგორ შეუძლია.
ზოგი ფიზიკურად, სტიქიის ადგილას, ზოგი ოდნავ მოშორებით. პოლიციელები ხალხს ტრაგედიის ადგილზე არ უშვებენ.
ზოგი ჟურნალისტების დახმარებით და ფეისბუკით ეძებს ახლობლებს.
რაჭის თემატურ ჯგუფებში დღეში რამდენჯერმე აახლებენ დაკარგულთა სიას. “არაფერია ახალი?” - ეკითხებიან ერთმანეთს.
ვინ არიან ისინი ვისაც ახლობლები სტიქიის ზონაში ეძებენ?
აი, ვისი ვინაობა დაადგინა რადიო თავისუფლებამ.
თემურ ჩარკვიანი და ნიკა ჩალაძე სოფელ ლაგვანთიდან
დაკარგულთა შორის არიან თემურ ჩარკვიანი და ნიკა ჩალაძე. დეიდაშვილები სოფელ ლაგვანთიდან. ეს სოფელი შოვიდან მანქანით დაახლოებით ნახევარი საათის სავალზეა. ბოლოს მათ გუშინ დილით ელაპარაკნენ ტელეფონით.
თემურს და ნიკას ეძებს დეიდაშვილი, ნათია ჩუბინიძე. მისი ინფორმაციით, ღვარცოფის მოვარდნისას ორივე მამისონის კოტეჯების ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყვნენ.
ქეთევან ლობჟანიძე
ოჯახი ეძებს ქეთევან ლობჟანიძეს, რომელიც, მისი ქმრის ბიძაშვილის ცნობით, “სანსეტ შოვის” ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
ზაზა მესხი, მისი მეუღლე და სამი შვილი
ჯერაც ეძებენ ზაზა მესხსა და მის მეუღლეს 3 შვილთან ერთად. ოჯახი, რომელიც ჰოლანდიაში ცხოვრობს, ორშაბათიდან ისვენებდა უწერაში, - სოფელში, რომელიც შოვიდან დაახლოებით 25 წუთის სავალზეა. ისვენებდნენ ავთო ყავლაშვილის კოტეჯში. შოვში ხუთშაბათს მანქანით ავიდნენ.
გუტაშვილებისა დამაისურაძეების ოჯახი, ერთად 9 ადამიანი
დაკარგულები არიან და-ძმა, მეგი და გიგი გუტაშვილები.
მათი დეიდა და დეიდაშვილები, - შორენა ბიჭაშვილი და მარიამ და კოტე მაისურაძეები.
მათი ბიძაშვილი, ნატო ჭელიძე სამი მცირეწლოვანი ბავშვით.
“კაბინეტებში სხედხართ მაინც და გეგმა ჩამომიწერეთ როგორ გავაგრძელო ცხოვრება ამის მერე . მარტო მე ვრჩები ოჯახიდან ცოცხალი” - მიმართავს მეგის და გიგის უფროსი და, მარიტა გუტაშვილი ონის მერიას და სხვა მაღალჩინოსნებს.
ნატო ჭელიძეს თავისი დაც ეძებს, ნათია ჭელიძე. სამ დისშვილთან - ლუკასთან, ანდრიასა და ანასტასიასთან ერთად.
სამი მეგობარი - გვანცა ბუბაშვილი, სალომე ხეთაგური და ნინო კენჭაძე
ეძებენ მეგობრების ჯგუფს - გვანცა ბუბაშვილს, სალომე ხეთაგურსა და ნინო კენჭაძეს.
მათი მეგობარი, ბაია გეგეშიძე წერს, რომ ბოლოს კალცის წყალზე იყვნენ, ასე, 4-ის 20 წუთზე. “იმის შემდეგ არაფერი გაგვიგია”, - წერს იგი.
და-ძმა და მათი მეგობარი
ოჯახის წევრები ეძებენ დასასვენებლად ჩასულ სოფო და გიორგი ყარალაშვილებს.
და ეძებენ მათ მეგობარს, დავით ბერიაშვილს.
ოთხშაბათ საღამოს შოვიდან მთების ფოტო დაპოსტა და დაწერა: “ამ მთავრობის პირობებში მთებშიც აღარ დარჩა თავისუფლება”.
რაჭაში სტიქიას, დაზუსტებული ინფორმაციით 11 ადამიანი ემსხვერპლა. ყველა მათგანის ვინაობა ჯერ არ არის დაზუსტებული. ცხედრების ნაწილი ჯერ არც გადმოუსვენებიათ სტიქიის ზონიდან.
შსს-ის ბოლო ცნობებით, ნაპოვნია 11 ცხედარი და ეძებენ კიდევ 25 ადამიანს. დაღუპულთა ვინაობა დაზუსტებული ჯერ არ არის. ახალი დეტალების დაზუსტების შემდეგ სტატია განახლდება.
შენიშვნა: მასალა დაზუსტების მიზნით განახლდა.
radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.