შოვში დაკარგულ ოჯახს ეძებენ - „ზაზა მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად ჩემს კოტეჯში იყო და ვეღარ ვუკავშირდებით, ჩამოსულები არიან ჰოლანდიიდან"
შოვში დაკარგულ ოჯახს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ზაზა მესხი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად რაჭაში ჰოლანდიიდან იყო ჩამოსული. მათთან კავშირზე გასვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
„ზაზა და მისი ოჯახი ჩამოსულები არიან ჰოლანდიიდან, ისვენებდნენ რაჭაში, უწერაში, ჩემს კოტეჯში, ორშაბათიდან. გუშინ 12 საათზე, ზაზა ცოლთან და 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად წავიდნენ შოვში, დასათვალიერებლად და საღამოს აღარ მობრუნებულან. ვეღარც ტელეფონზე ვუკავშირდებით, გათიშულია. ამ დრომდე არაფერი ვიცით მათ შესახებ.
ახლობელი ქალბატონი ელოდება კოტეჯში. სამწუხაროდ ფოტო არ მაქვს ოჯახის, მხოლოდ ზაზას ფოტო მაქვს. ზაზას მეუღლეს ალინა ჰქვია, უკრაინელი ქალბატონია. ბავშვები მცირეწლოვანებია, სამივე ბიჭებია, სახელები არ ვიცი", - ამბობენ „ambebi.ge"-სთან.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა. სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ. კურორტ შოვში მეწყერს 6 ადამიანი ემსხვერპლა.
შსს-ის ცნობით, 3 აგვისტოს შოვში სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონიდან 140-მდე მოქალაქე გამოიყვანეს და უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ბოლო ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მყოფ 35 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება.
რეზონანსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.