კინოაკადემიის პრეზიდენტი, მინდია ესაძე თანამდებობას ტოვებს
საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი, კონსტანტინე (მინდია) ესაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს კინოაკადემიის facebook-გვერდზე გამოქვეყნდა. გადაწყვეტილების მოტივად ესაძე საზღვარგარეთ მოღვაწეობას ასახელებს.
„მსურს მივმართო კინოაკადემიის ძვირფას წევრებს, პატივცემულ კოლეგებს. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო კინოაკადემიის პრეზიდენტის თანამდებობა. მოგეხსენებათ, ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო პოზიციაა. კინოაკადემიას სჭირდება თავდაუზოგავი შრომა და ყოველდღიური ჩართულობა მის ფუნქციონერებაში.
სამწუხაროდ, თუ, პირადად ჩემთვის, საბედნიეროდ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, უმეტესად, მიწევს საზღვარგარეთ მოღვაწეობა – როგორც მოქმედ კინოოპერატორს არ აღმომაჩნდა საკმარისი დრო, მივიღო სრულფასოვანი მონაწილეობა კინოაკადემიის ცხოვრებაში.
ჩემი პრეზიდენტობის ორი წლის განმავლობაში მრავალი კეთილი საქმე გაკეთდა და ამისი უშუალო შემოქმედი და შემსრულებელი იყო აკადემიის ვიცე პრეზუდენტი ნიკა აბრამიშვილი. ვუხდი მას განსაკუთრებულ მადლობას გვერდში დგომისა და ასეთი ზრუნვისთვის, უამრავი სიკეთისთვის, რაც გაკეთდა. მადლობა ყველას, ვინც დამიჭირა მხარი წინა არჩევნებში. იმედი მაქვს, დანიშნული არჩევნების შემდეგ მოსული ახალი პრეზიდენტი ღირსეულად გაართმევს თავს მის მოვალეობას და მრავალ ახალ ინიციატივას შესთავაზებს აკადემიის წევრებს და კინომოღვაწეებს.
ვუსურვებ კინოაკადემიას წარმატებებს!”, – წერს ის მიმართვაში.
ააიპ „საქართველოს კინოაკადემია“ არის კინოხელოვანთა შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს ქართული კინემატოგრაფიის განვითარებას, პოპულარიზაციასა და სხვა.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.