"მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი" - დეგნანი ბათუმის ნავსადგურში Astoria Grande-ს საწინააღმდეგო აქციაზე
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ აჩვენებენ, რომ არ მიესალმებიან ადამიანების ჩამოსვლას იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი. ასე უპასუხა მან ჟურნალისტებს, რომლებმაც სთხოვეს შეეფასებინა ბათუმის ნავსადგურში სოჭიდან გამოსული Astoria Grande-ს საწინააღმდეგოდ გამართული აქცია.
"მნიშვნელოვანი არ არის, რას ვფიქრობ მე. მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის აზრი, რომლებმაც აჩვენებს - არავინ უნდა ელოდოს, რომ მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი...
არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან ამ ქვეყნიდან ჩამოსულ ხალხს, არ აქვს მნიშვნელობა, სახმელეთო გზით თუ ზღვით ჩამოსულს. ჩემი აზრით, ქართველი ხალხი ძალიან მკაფიოდ აჩვენებს, რომ მათ ეს არ სურთ. ისინი იყენებენ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, გამოხატონ ეს გრძნობა და გააპროტესტონ", - თქვა ელჩმა.
გემი ASTORIA GRANDE, რომელზეც რუსული მუსიკალური არხის მიერ ორგანიზებული კრუიზის მონაწილეები იმყოფებიან, 29 ივლისს სოჭის პორტიდან გავიდა და დღეს, 31 ივლისს, 05:30 საათზე თურქეთის ტრაპიზონიდან ბათუმში შევიდა. საპროტესტო აქცია ჯერ კიდევ გემის შესვლამდე, წუხელ დაიწყო მას შემდეგ, რაც ბათუმის ნავსადგურში პოლიციამ ჯებირები აღმართა.
ბათუმის ნავსადგური სოჭიდან გამოსული საკრუიზო გემის - Astoria Grande-ს - მგზავრებმა, სავარაუდოდ, პოლიციის კორდონების გავლით დატოვეს. ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს, რომლებშიც, სავარაუდოდ, რუსეთიდან ბათუმში ჩაყვანილი ტურისტები ისხდნენ, აქციის მონაწილეები ესროდნენ კვერცხებსა და ბოთლებს.
საპროტესტო აქციაზე დააკავეს მინიმუმ 9 ადამიანი, თუმცა ეს არ უნდა იყოს საბოლოო მონაცემები. "ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ დაკავებულებს შორის ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქეა.
პალაუს დროშით მცურავი გემი ASTORIA GRANDE, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისსაც შევიდა. გემი საპროტესტო აქციით გააცილეს.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.