Jump to content
Planeta.Ge

“უკრაინის მოქალაქე ვარ” — ბათუმში, აქციაზე, ქალი დააკავეს [ვიდეო]


ბათუმში მიმდინარე აქციაზე, სადაც რუსეთიდან საკრუიზო გემის შემოსვლას აპროტესტებენ, კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს.

დაკავების მომენტში ქალი ამბობდა, რომ ის უკრაინის მოქალაქე იყო.

ახალგაზრდა ქალის დაკავების ამსახველი ვიდეო “ლელოს” წევრმა, ირაკლი კუპრაძემ გამოაქვეყნა. სანამ პოლიციის მანქანით ტერიტორიიდან გაიყვანდნენ, ქალი ჟურნალისტს ეუბნებოდა, რომ წაართვეს როგორც უკრაინის დროშა, ისე ტელეფონი.

ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელები ქალს თავზე ხელებს აჭერენ და ასე აიძულებენ ავტომობილში ჩაჯდომას.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა რუსეთიდან [სოჭიდან] გამოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ აქცია წუხელ, 30 ივლისს გვიან საღამოს დაიწყეს. მანამდე ცნობილი იყო, რომ გემი ბათუმში 31 ივლისის დილას უნდა შესულიყო.

აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ წუთებშიც გრძელდება. პროტესტის მონაწილეებს ადგილზე საპროტესტო პლაკატები, ასევე, საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.

31 ივლისს, დაახლოებით 10:20 საათზე, ნავსადგურის ტერიტორიიდან ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსები გამოვიდნენ, რასაც შეკრებილთა მხრიდან უკმაყოფილო შეძახილები, ზოგ შემთხვევაში კი კვერცხებისა და ბოთლების სროლა მოჰყვა. ტრანსპორტში ხსენებული გემიდან ჩამოსული პირები ისხდნენ.

პროტესტის მიმდინარეობისას, პოლიციამ, სულ მცირე, 9 ადამიანი დააკავა. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედავებიან, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმა ხულიგნობას გულისხმობს.

ადგილზე პოლიციელები დიდი რაოდენობით არიან მობილიზებულნი. მათ ჯერ კიდევ 30 ივლისის ღამით ორმაგი ჯებირები განალაგეს, რათა მოქალაქეებს გემთან მიახლოების საშუალება არ ჰქონოდათ.

უკანასკნელ დღეებში ეს მეორე შემთხვევაა, როცა რუსეთიდან ბათუმში საკრუიზო გემი ჩადის. მანამდე, 27 ივლისს ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა რუსი ტურისტებით დატვირთული კიდევ ერთი გემი, რომლის ერთ-ერთი მგზავრი აცხადებდა, რომ ნამყოფი იყო აფხაზეთში, შესაბამისად, შესაძლოა მას დარღვეული ჰქონდა საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ.

ადგილობრივების პროტესტის შემდეგ, 27 ივლისს შემოსულმა გემმა ბათუმის ნავსადგური განრიგით განსაზღვრულ დროზე ადრე დატოვა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მოქალაქეთა პროტესტი “ქაჯობად” შეაფასა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...