Jump to content
Planeta.Ge

პროტესტი ბათუმში: ნავსადგურის ტერიტორიიდან ავტობუსი პოლიციის ძალით გამოიყვანეს


ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება აქცია, რომლითაც მოქალაქეები რუსეთიდან გამოსული საკრუიზო გემის ქალაქში შესვლას აპროტესტებენ. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული, რომელმაც ჯერ კიდევ 30 ივლისის ღამით ბარიკადები განალაგა, რათა მოქალაქეებს გემთან მიახლოების საშუალება არ ჰქონოდათ.

31 ივლისს, დაახლოებით 10:20 საათზე, ტერიტორიიდან ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსები გამოვიდნენ, რასაც შეკრებილთა მხრიდან უკმაყოფილო შეძახილები, ზოგ შემთხვევაში კი კვერცხებისა და ბოთლების სროლა მოჰყვა. ტრანსპორტში ხსენებული გემიდან ჩამოსული პირები ისხდნენ.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა რუსეთიდან [სოჭიდან] გამოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ აქცია წუხელ, 30 ივლისს გვიან საღამოს დაიწყეს. მანამდე ცნობილი იყო, რომ გემი ბათუმში 31 ივლისის დილას უნდა შესულიყო.

აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ წუთებშიც გრძელდება. პროტესტის მონაწილეებს ადგილზე საპროტესტო პლაკატები, ასევე, საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.

პროტესტის მიმდინარეობისას, პოლიციამ, სულ მცირე, 9 ადამიანი დააკავა. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედავებიან, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმა ხულიგნობას გულისხმობს.

პოლიცია ამბობს, რომ ორმაგი ჯებირები, რომელთა მეშვეობითაც ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრეს, “უსაფრთხოების” მიზანს ემსახურება.

პოლიციამ გადაკეტა ნავსადგურის მიმდებარე გოგებაშვილის ქუჩის ერთი ზოლიც, სანაპიროს გასწვრივ. დღეს დილით კი, სავალი ნაწილის მეორე მხარე მოქალაქეებმა გადაკეტეს.

უკანასკნელ დღეებში ეს მეორე შემთხვევაა, როცა რუსეთიდან ბათუმში საკრუიზო გემი ჩადის. მანამდე, 27 ივლისს ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა რუსი ტურისტებით დატვირთული კიდევ ერთი გემი, რომლის ერთ-ერთი მგზავრი აცხადებდა, რომ ნამყოფი იყო აფხაზეთში, შესაბამისად, შესაძლოა მას დარღვეული ჰქონდა საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ.

ადგილობრივების პროტესტის შემდეგ, 27 ივლისს შემოსულმა გემმა ბათუმის ნავსადგური განრიგით განსაზღვრულ დროზე ადრე დატოვა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მოქალაქეთა პროტესტი “ქაჯობად” შეაფასა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...