პაპილომავირუსის 12 ათას ვაქცინას ვადა გასდის — რატომ ვერ აითვისა ის სახელმწიფომ
საქართველოში უახლოეს 2 თვეში ვადა გასდის პაპილომავირუსის 12 ათასზე მეტ ვაქცინას, შესაბამისად, მას ვერავინ გამოიყენებს — ეს არის ვაქცინა, რომელსაც ათასობით ქალის დაცვა თითქმის 100%-ით შეუძლია საშვილოსნოს ყელის კონკრეტული ტიპის კიბოსგან.
ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, რატომ ვერ მიაღწია სახელმწიფომ ვაქცინაციის მიზნობრივ მაჩვენებელს და რატომ გასდის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვაქცინას ვადა?
საშვილოსნოს ყელის კიბო მეოთხე ადგილზეა ქალებში გავრცელებულ ავთვისებიან სიმსივნეებს შორის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, მხოლოდ 2020 წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზით 342 ათასი ქალი დაიღუპა. საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი მთავარი მიზეზი კი სწორედ კონკრეტული სახეობის პაპილომავირუსია.
საჯარო საინფორმაციო წყაროებში რთულად მოიპოვება სტატისტიკა საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაღუპული ქალების რაოდენობის შესახებ. თუმცა 2017 წელს, მაშინ, როდესაც პაპილომავირუსის ვაქცინაციის პროგრამა იწყებოდა, ჯანდაცვის კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე კაკი ზოიძე ამბობდა, რომ ყოველწლიურად ამ დიაგნოზით საქართველოში, დაახლოებით, 200 ქალი იღუპება.
რა არის პაპილომავირუსი და რამდენად ეფექტურია აცრა?
მიჩნეულია, რომ ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ/HPV) სქესობრივი გზით ერთ-ერთი ყველაზე გადამდები დაავადებაა. მისი დაახლოებით 200 გენოტიპია ცნობილი, რომელთაგან 13 მაღალი რისკის გენოტიპებად ითვლება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) თანახმად, ონკოგენურ ტიპებს შორის ყველაზე ხშირია მე-16 და მე-18 ტიპები. მე-16 ტიპზე მოდის საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით ნახევარი, ხოლო მე-18 ტიპზე – 10-12%. პაპილომავირუსების სხვა ონკოგენური ტიპებია 31, 33, 45, 52, 58, რომელთაგან თითოეული ასოცირებულია გენიტალური სიმსივნეების 2-4%-თან.
ვირუსის სპეციფიკური ონკოგენური ტიპით (უმეტესწილად აპვ 16 და აპვ 18) გამოწვეული ქრონიკული ინფექცია ხშირად ხდება საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების მიზეზი. საშვილოსნოს ყელის კიბოს 70% ადამიანის პაპილომავირუსის ორი ტიპითაა გამოწვეული.
საშვილოსნოს კიბოს ყველაზე ეფექტიანი პრევენციული ზომა სწორედ ვაქცინაციაა. დღეს საქართველოში ის 9-26 წლის გოგოებისა და ქალებისთვის უფასოდ ტარდება. თუმცა საქართველოში არსებული ვაქცინები მხოლოდ 4-ვალენტიანია (აპვ 6; 11; 16 და 18). 15 წლამდე გოგოები ვაქცინის 2 დოზას იკეთებენ 6-თვიანი ინტერვალით, ხოლო 15 წელს ზემოთ — 3 დოზას.
დასავლეთის ქვეყნების ნაწილში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო 9-ვალენტიანი აცრებიც აქვთ. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ 2024 წლისთვის საქართველოშიც განიხილება 9-ვალენტიანი ვაქცინების შემოტანა.
12 ათასამდე ვაქცინა, რომელსაც სექტემბერში ვადა გასდის
26 წლის ჩათვლით ქალებისთვის პაპილომავირუსზე აცრა საქართველოში უფასო და მარტივია — ამისთვის საკმარისია ერთ-ერთ ამცრელ პუნქტში მისვლა. ვაქცინაციის სიმარტივისა და აცრის ეფექტურობის მიუხედავად, მოსახლეობის მიმართვიანობა დაბალია.
დეპუტატმა თამარ კორძაიამ „ღია პარლამენტის“ პორტალის მეშვეობით პაპილომავირუსის ვაქცინაციის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაქვემდებარებული უწყებებისგან ინფორმაცია გამოითხოვა.
ამ ინფორმაციით ირკვევა, რომ 2021-2022 წელს საქართველომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეისყიდა 70 ათასი დოზა ვაქცინა, რომელზეც 1 036 004 ლარი დახარჯა. თუმცა ვაქცინების სრულად ათვისება ვერ მოხერხდა, რადგან, 19 ივნისის მონაცემებით, NCDC-ის საწყობში ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მარაგია 32 598 დოზა.
აქედან 12 598 დოზა ვაქცინის ვარგისიანობის ვადა 2023 წლის 28 სექტემბერს იწურება, ხოლო 20 000 დოზის — 2025 წლის 2 მარტს.
რაც შეეხება აცრას, 10-11-12 წლის გოგოებში აპვ1-ისა და აპვ2-ის დოზების რაოდენობა 2017 წლიდან დღემდე ასე გამოიყურება.
ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ 2022 წელს 13-18 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარებული ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრები დოზების მიხედვით შემდეგია: აპვ1 – 4 792, აპვ2- 3 081, აპვ3 – 569.
2023 წლის მონაცემებით, 13-26 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარებული ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრები დოზების მიხედვით შემდეგია: აპვ1 – 3082, აპვ2 – 1 187, აპვ3 – 995.
რას (არ) აკეთებს სახელმწიფო ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის?
პაპილომავირუსის ვაქცინაციაზე კითხვებით ნეტგაზეთმა მიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (NCDC).
ცენტრმა ჩვენს კითხვებს, მათ შორის, პროგრამის გამოწვევებისა და მიმართვიანობის შესახებ, წერილობით უპასუხა. შესაბამისად, ნეტგაზეთს არ მისცემია ჩაკითხვის ან დაზუსტების საშუალება.
ჩვენს კითხვაზე, რა არის პროგრამის სამიზნე მაჩვენებელი და ამ დროისთვის ამ მიზნის რა პროცენტია მიღწეული, NCDC წერს: „იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის მიზანია პაპილომა ვირუსის ვაქცინაციის მოცვის მაღალი მაჩვენებლის მიღწევა და შენარჩუნება 10 -11 -12 წლის ასაკობრივ ჯგუფში, რაც ხელს შეუწყობს ადამიანის პაპილომავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობებისა და დაავადებების გავრცელების შემცირებას“.
პროგრამის გამოწვევებს კი ცენტრი კორონავირუსის პანდემიას უკავშირებს. მიღებულ პასუხში ნათქვამია, რომ აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოს ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში 2019 წელს შევიდა. 2020 წლის გლობალურმა პანდემიამ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა როგორც სხვა რუტინული ვაქცინაციის მიმდინარეობაზე, ისე — აპვ ვაქცინის დანერგვის პროცესზე არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.
„2022 წლის სტატისტიკის მიხედვით კი, საქართველოში აპვ ვაქცინაციაზე მომართვიანობა მზარდია“, — დასძენს NCDC.
რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ, რომ 2022 წელს ვაქცინის პოპულარიზებისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინებები დაიგზავნა. ამასთანავე, აპვ ვაქცინაციის პოპულარიზაციის და სამიზნე პოპულაციის ვაქცინაციაში ჩართვის ხელშეწყობის მიზნით „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2022 წელს მომზადდა 1 ვიდეორგოლი და 1 ვიდეოპორტრეტი და თვის განმავლობაში სხვადასხვა სახის ონლაინ პორტალზე განთავსდა საინფორმაციო სახის ბანერი აპვ ვაქცინაციის შესახებ ინფორმირების გაზრდის მიზნით
„ჯამურად, 2022 წლის „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ,2022 წელს აპვ ვაქცინაციისკენ მიმართული ღონისძიებებისთვის დაიხარჯა 18 289 ლარი “, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციაში. ამავე დოკუმენტში უწყება დასძენს, რომ 2022 წელს დაგეგმილია სხვადასხვა სახის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ღონისძიებებიც.
როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს სტრატეგია?
ნეტგაზეთთან საუბარში NDCD-ის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იხსენებს, რომ პაპილომავირუსის უფასო ვაქცინაციის პროექტი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ჯერ კიდევ 2014-2015 წლებში დაიწყო.
აცრის ეფექტიანობასა და დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე კი საბოლოოდ გადაწყდა, რომ ის ვაქცინაციის ეროვნულ კალენდარში შესულიყო.
„მოსახლეობის მოცვა არ არის მაღალი, მიუხედავად ძალიან ბევრი მუშაობისა.
წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, აცრაში ბიჭებიც ჩაერთვებიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად. მოგეხსენებათ, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებისთვის კიბოსგან სიკვდილიანობის თვალსაზრისით პირველ ხუთეულში შედის. ქვეყნებში კი, სადაც იმუნიზაციის ეს პროგრამა მიმდინარეობს, დადებითი შედეგები უკვე სახეზეა.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მეტი ინფორმირებულობა – მეტი ინფორმირებულობა დედების, მეტი ინფორმირებულობა ქალების, რათა ჩაერთონ პროგრამაში, რამეთუ ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა გლობალური ჯანმრთელობის ბოლო წლებში, რომელმაც უნდა დაიცვას მომავალი ათწლეულობის განმავლობაში მილიონობით ქალი საშვილოსნოს ყელის კიბოსგან“, — აცხადებს ამირან გამყრელიძე.
მისი თქმით, ინფორმირებულობის კამპანიაში აქტიურად ჩართული უნდა იყოს მედიაც.
რაც შეეხება ვაქცინის უსაფრთხოებას, გამყრელიძე ადასტურებს, რომ აცრა უსაფრთხოა და გავრცელებული ცნობები, თითქოს ის შესაძლოა, უნაყოფობას იწვევდეს, უბრალოდ, მითია – „მნიშვნელოვანია აცრა სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე, იგივე ბიჭებში, რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება“.
„საერთოდ, იმუნიზაცია ყველაზე უფრო ეფექტიანი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერვენციაა. ამჟამად ვაქცინები არსებობს კიბოს ორი სახეობის საწინააღმდეგოდაც კი – ეს არის ღვიძლისა და საშვილოსნოს ყელის კიბო. შესაბამისად, რაც უფრო კარგი გაქვს მოსახლეობის მოცვის მაჩვენებელი ( და კარგი ნიშნავს 95%-ზე მეტს), მით უფრო დაცული ხარ ამ და სხვა დაავადებების წინააღმდეგ.
დღეს საქართველოს იმუნიზაციის კალენდარი საკმაოდ კარგია — თითქმის ანალოგიურია თავისი შემადგენლობით, რაც ევროკავშირის ქვეყნებშია. შესაბამისად, სასურველია, იმუნიზაციის პროცესის მეტი ადვოკატირება. ეს არ უნდა იყოს კამპანიური ხასიათის, ეს უნდა იყოს მუდმივი.
ძალიან დიდი როლი აქვს პირველადი ჯანდაცვის ექიმებს, ასევე, სკოლის სამედიცინო პერსონალს – რათა სწორად მივიტანოთ ეს ინფორმაცია. ყოველდღიურად უნდა იყოს ამაზე საუბარი. განსაკუთრებით კი, კოვიდის შემდეგ“, — ამბობს ნეტგაზეთთან ამირან გამყრელიძე.
პოსტ-კოვიდის პერიოდზე საუბრისას ის განმარტავს, რომ მსოფლიოს მასშტაბით კოვიდმა სხვა დაავადებებზე იმუნიზაციის პროცესი შეასუსტა, „მოცვის მაჩვენებელი შემცირდა 2-3%-ით“, რაც გამოწვეული იყო, მათ შორის, „ლოქდაუნებით“.
„შესაბამისად, პანდემიის დასრულების შემდეგი პერიოდი უფრო აქტიურად უნდა იქნეს გამოყენებული, რათა უფრო სწრაფად აღვადგინოთ ის ჩამორჩენა, რაც გვაქვს რუტინულ იმუნიზაციებში. მარტო საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში აღინიშნება და ამაზე ინტენსიურად მუშაობენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციები“, — დასძენს ის.
ნეტგაზეთთან ინტერვიუში მოსახლეობის დაბალ მოცვაზე საუბრობს ჯანდაცვის ექსპერტი და პარტია „ლელოს“ წევრი ვატო სურგულაძე. სურგულაძე წლების წინ ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობდა — მაშინ, როდესაც პაპილომავირუსის ვაქცინაციის პროგრამის დანერგვა იგეგმებოდა. ინტერვიუში ის ამბობს, რომ ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი მჭიდროდ უკავშირდება საზოგადოებაში იმუნიზაციის მიმართ არსებულ დაბალ ცნობიერებას და პრობლემის შემსუბუქებას ჯანდაცვის პირველადი რგოლის წარმომადგენლების, იმავე ოჯახის ექიმების აქტივობაშიც ხედავს.
„პირველადი ჯანდაცვის რგოლი ძალიან სუსტია ჩვენთან. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არ არსებობს ცნება „ოჯახის ექიმი“, რომელიც რეალურად ოჯახის ექიმია და რეალურად მუშაობს ოჯახებთან. ამ მუშაობაში იგულისხმება, მათ შორის, იმ სიკეთეების ახსნა, რომელიც ვაქცინაციას მოაქვს“ ,- დასძენს ის.
სურგულაძის თქმით, როდესაც საუბარია ანტივაქსერულ განწყობებთან, აუცილებელია არა ტელევიზიიდან საუბარი, არამედ პირდაპირ ადამიანებისთვის ვაქცინის შესახებ განმარტება — „ხსნა ახსნაშია“.
„თუმცა, სამწუხაროდ, გემახსოვრებათ კიდეც, რა ხდებოდა Covid 19-ის დროს, როდესაც ექიმები აპროტესტებდნენ და ამბობდნენ, რომ ვაქცინაცია დამღუპველია..
ოჯახის ექიმი არის ჯანდაცვის სისტემის ძირითადი ჯარისკაცი – რომელსაც აქვს უშუალო წვდომა პაციენტთან, იცნობს მას და პაციენტიც მას ენდობა. სწორედ მან უნდა მიაწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია ისე, რომ მშობლებმა და ბავშვებმა გადაწყვიტონ აცრა და დაიცვან თავი ქალების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ავთვისებიანი სიმსივნისგან“ ,— აცხადებს სურგულაძე.
როგორ გავიკეთოთ აცრა, თუ 26 წელს ზემოთ ვართ
სალომე კვარაცხელია სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია, ის 32 წლისაა. რამდენიმე დღის წინ მან პაპილომავირუსის აცრის მე-2 დოზა გაიკეთა.
„როდესაც პრევენცია გინდა იმ დაავადების, რომელიც პოტენციურად საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს, ვაქცინაცია აუცილებელია. პრევენცია ყოველთვის სჯობს დაავადების შემთხვევაში მკურნალობას – გაცილებით ხარჯთეფექტურია და ნაკლები საფრთხეცაა“, – გვიყვება სალომე.
სალომე ამბობს, რომ აუცილებელია, პაპილომავირუსზე ქალები აიცრან, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათ სქესობრივი ცხოვრება დაწყებული აქვთ და ეს მათთვის შემაკავებელი ფაქტორი არ იყოს:
„მაგალითად, მე რომ დაინფიცირებული ვიყო მე-6 შტამით, ვაქცინა მე-11; მე-16 და მე-18 შტამებისგან მაინც დამიცავს. მეტიც, სულ რომ სამივე შტამზე იყოს დადებითი ადამიანი, რატომ არ უნდა დავიცვათ იმ ერთისგან? ლოგიკა არის ეს.“
იმისთვის, რომ სალომეს ვაქცინა მიეღო, მან შეავსო განცხადება NCDC-ის სახელზე, აიღო გინეკოლოგის რეკომენდაცია და მიაკითხა ამცრელ კლინიკას. ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ გინეკოლოგთან ვიზიტის ვალდებულება, შესაძლოა, ბევრი ქალისთვის შემაფერხებელი იყოს, რადგან ექიმი ხშირად დამატებით კვლევებს ნიშნავს.
„გინეკოლოგის რეკომენდაცია ჩაიდო სხვა ქვეყნების გაიდლაინებში იმიტომ, რომ იქ 11-17 წლის ასაკის გოგონების უმრავლესობა აცრილია და წლებია, იმუნიზაციის პროგრამაში აპვ-ის ვაქცინაც შედის. შესაბამისად, თუ 26 წლამდე ადამიანი არაა აცრილი, ამას სხვა სამედიცინო მიზეზი შეიძლება ჰქონდეს – რატომ მოვიდა აცრის გარეშე ამდენ ხანს ან რომელიმე დოზა ხომ არ აქვს „ჩაგდებული“. ეს არგუმენტი არსებობს სხვა ქვეყნებისთვის.
ჩვენთან კი ეს გაიდლაინები თითქოს პირდაპირ გადმოკოპირდა, გინეკოლოგებიც ხან რა კვლევას გთხოვენ, ხან რას.. და შესაძლოა, ამან ადამიანები შეაფერხოს. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს ნაწილი გადასახედია“ ,- დასძენს სალომე.
26 წელს ზემოთ ქალებისთვის ვაქცინის 3 დოზაა საჭირო. მათი განრიგი კი არის შემდეგი: 0, 1-2, 6 თვე. პირველსა და მეორე დოზას შორის, სულ მცირე, 4 კვირა უნდა იყოს გასული, მეორე და მესამე დოზებს შორის კი, მინიმუმ – 13 კვირა. ამასთანავე, მე-3 დოზა კეთდება პირველი დოზიდან მე-6 თვეს.
„ინფორმაცია ადამიანებამდე არ არის მისული, ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. როდესაც ცნობილი გახდა, რომ ამიერიდან ბიჭებსაც შეეძლებოდათ აცრა, უკვე გავრცელდა არასწორი ცნობები, თითქოს ვაქცინაცია უშვილობას იწვევს და ა.შ. ეს იმის ბრალია, რომ საზოგადოებამდე არ მიდის სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, ყველას ხომ არ აქვს შესაბამისი სამედიცინო ცოდნა”, – მიიჩნევს სალომე კვარაცხელია.
მისი აზრით, ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც პაპილომავირუსის ვაქცინაციის პროგრამას აქვ,ს მოქალაქეთა დაბალი ცნობიერებაა, რომელიც უნდა ამაღლდეს და ამაში აქტიური როლი, სახელმწიფოსთან ერთად, მედიამაც უნდა შეასრულოს.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.