Jump to content
Planeta.Ge

იუსტიციის საბჭომ დამოუკიდებელ ინსპექტორად შოთა ქადაგიძე აირჩია


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორის პოსტზე საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი შოთა ქადაგიძე აირჩია.

აღნიშნულ პოზიციას ის 5 წლის ვადით დაიკავებს.

დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობა სასამართლო სისტემაში 2017 წლიდან არსებობს. იგი უფლებამოსილია მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყოს. წინასწარი შემოწმებისა და მოკვლევის შედეგებს დამოუკიდებელი ინსპექტორი წარუდგენს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც სრული შემადგენლობის 2/3-ით იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის ან დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ.

შოთა ქადაგიძე 2017-21 წლებში იყო პარლამენტის მიერ არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი.

დამოუკიდებელი იურისტები, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგი“ აცხადებენ, რომ შოთა ქადაგიძე თავის წარსულ საქმიანობაში სასამართლო კლანის მიმართ ერთგულებით გამოირჩეოდა, რაც ინსპექტორად დანიშვნით „დაუფასდა“.

„ფაქტობრივად, არ მოიძებნება საკითხი, რომელშიც შოთა ქადაგიძეს საბჭოს სხდომებზე მოსამართლე წევრებისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონოდა. მან თავისი პოზიცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვადის ამოწურვის შემდეგაც გამოხატა. ის იყო ერთ-ერთი ხელმომწერი 2022 წლის 19 ივლისს გავრცელებული განცხადებისა, რომლითაც მხარდაჭერა გამოუცხადეს ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს აშშ-ში სასწავლო ვიზიტისგან მოხსნის შემდეგ. სანაცვლოდ შოთა ქადაგიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე აირჩია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლოს გავლენიანი ჯგუფი მხარდაჭერას რეაგირების გარეშე არ ტოვებს“, — ნათქვამია „სასამართლოს გუშაგის“ განცხადებაში.

დამოუკიდებელი ინსპექტორის არჩევასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს დამოუკიდებელმა იურისტებმა (ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები, სამართლის ექსპერტები), რომელთა შეფასებით, მიუხედავად სახელწოდებისა, დამოუკიდებელი ინსპექტორი არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი.

„ამჯერადაც, დამოუკიდებელ ინსპექტორად დაინიშნა ადამიანი, რომელმაც თავისი წარსული საქმიანობით დაადასტურა სასამართლო კლანის მიმართ ერთგულება. ის 12 წელი სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში მუშაობდა, მათ შორის, უზენაეს სასამართლოში მიხეილ ჩინჩალაძის მოსამართლეობის დროს. ჯერ კიდევ 2018 წლის მიწურულს მან მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ცნობილ 10 კაციან სიას, რასაც დიდი საერთაშორისო და ადგილობრივი კრიტიკა მოჰყვა. 2017-2021 წლებში იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობაზე მყოფი შოთა ქადაგიძის გადაწყვეტილებები ან განცხადებები არასოდეს ყოფილა საბჭოში კლანის გადაწყვეტილებებისგან განსხვავებული“, — ნათქვამია დამოუკიდებელი იურისტების განცხადებაში.

დამოუკიდებელი იურისტების შეფასებით, შოთა ქადაგიძის დამოუკიდებელ ინსპექტორად ასარჩევი კონკურსი ჩატარდა სრულიად გაუმჭვირვალედ, საზოგადოებისთვის ცნობილი არ ყოფილა არც კანდიდატთა ვინაობა, არც მათი ხედვები და დახურული იყო შოთა ქადაგიძესთან გასაუბრების პროცესი.

დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე ამავე საბჭოს ყოფილი წევრის შოთა ქადაგიძის არჩევა მორიგი დადასტურებაა, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლება ერთი კონკრეტული გავლენიანი ჯგუფის ხელშია მოქცეული.

განცხადებაზე ხელმომწერები არიან:

  1. იოსებ ბარათაშვილი (ადვოკატი)
  2. მაია ბაქრაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი).
  3. თამარ გეგელია (სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი)
  4. ირაკლი გაბრიჩიძე (ადვოკატი)
  5. ხათუნა გრიგალაშვილი (ადვოკატი).
  6. ლევან თორთლაძე (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი)
  7. ირმა კაკიაშვილი (იურისტი)
  8. ირაკლი კორძახია (ადვოკატი)
  9. უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრი (ყოფილი სახალხო დამცველი)
  10. ზაზა ხატიაშვილი (ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე) ადვოკატი
  11. ეკა ციმაკურიძე (იურისტი, დემოკრატიის ინდექსი)
  12. ბესიკ ლოლაძე (პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე)
  13. თამარ ლალიაშვილი (პროფესორი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე)
  14. ბესიკ სისვაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი)
  15. ლია მუხაშავრია (ადამიანის უფლებების პრიორიტეტი)
  16. ნათია ქუთათელაძე (დამოუკიდებელი ექსპერტი, ყოფილი მოსამართლე)
  17. ირაკლი შავაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)
  18. თეა ხამხაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)
  19. თამაზ ჯალიაშვილი (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)
  20. დავით ჯანდიერი (იურისტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე)
  21. კახა წიქარიშვილი (მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ყოფილი წევრი)

შოთა ქადაგიძის არჩევამდე დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობას იკავებდა ზურაბ აზნაურაშვილი, რომელმაც თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე, ვადამდე ადრე დატოვა. ის საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...