Jump to content
Planeta.Ge

რატომ ქრება გლდანის თეთრი ტბა და ვინ გაასხვისა ის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის დანიშნულებით


გლდანის დიდი ტბა, იგივე თეთრი ტბა სოფელ გლდანის მახლობლად, ზღვის დონიდან 546 ეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

მის შესახებ მოძიებულ მასალებში ვკითხულობთ, რომ ტბა ტექტონიკური წარმოშობისაა და ის ძირითადად წვიმისა და თოვლის წ####ბით, ასევე მიწისქვეშა მწარე, მარილოვანი წყაროებით საზრდოობ, ამიტომ ის მლაშე ტბების რიცხვში შედის. 

საბჭოთა პერიოდში ჟინვალის წყალსაცავიდან გაყვანილი არხის საშუალებით გლდანის დიდი ტბა მტკნარი წყლით მარაგდებოდა, რამაც მისი ფართობი და მოცულობა გაზარდა, მაგრამ მარილიანობა შეამცირა. 

მაშინ თეთრი ტბის სიგრძე, დაახლოებით, 1100 ეტრს, ხოლო სიგანე - 420 ეტს აღწევდა და მოყვარული მეთევზეებისთვის საკმაოდ პოპულარული ადგილი იყო.

image.png

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სხვადასხვა წლების აეროსურათების დამუშავების შედეგად მიღებული ინფორმაციდან ჩანს, რომ ტბა სტაბილურ მდგომარეობას 2015 წლამდე ინარჩუნებდა, 2015 წლიდან თეთრი ტბის აუზმა თანდათან კლება დაიწყო, თუმცა ბოლო დრომდე ამ მოვლენას ხელი არ შეუშლია იმ აქტივობებისთვის, რაც ტბის ტერიტორიაზე იმართებოდა.

მაგალითად, ნიჩბოსნობის სხვადასხვა სახეობაში სპორტული შეჯიბრებები 2016 წელს სწორედ გლდანის დიდ ტბაზე ჩატარდა.

მეთევზეებისა და ნიჩბოსნების გარდა, აღნიშნული ტბა თბილისსელებისთვის, რიგითი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით კი გლდანის რაიონში მცხოვრები ადამიანებისთვის მიმზიდველ ადგილად ითვლებოდა, რადგან ტბის გარშემო, წლების წინ მოწყობილი იყო დასასვენებელი პარკი, რომლის განვითარება და ინფრასტრუქტურულ განახლებასაც თბილისის მერია გეგმავდა.

სამწუხაროდ, არათუ განვითარება-განახლება განხორციელდა, ტბა და მისი მიმდებარე ტერიტორია თანდათან ნაგავსაყრელად და ანტისანიტარიის ბუდედ გადაიქცა, ხოლო ბოლო ერთი წლის განმავლობაში გლდანის თეთრ ტბაში წყლის დონე იმდენად შემცირდა, რომ მისი გაქრობის საფრთხე თვალსაჩინო გახდა.

ამ ამბავში ყველაზე სავალალო ის არის, რომ დედაქალაქის მერიიდან და სახელმწიფო სტრუქტურებიდან ამ ფაქტით მანამ არავინ დაინტერესებულა, ვიდრე განგაში თავად მოსახლეობამ არ ატეხა.

image.jpeg

რამდენიმე თვეა, გლდანის მოსახლეობა ტბის გადასარჩენად ყველანაირ შესაძლებლობას იყენებს და ცდილობს იმ უწყებებს მიაწვდინოს ხმა, რომელსაც პრობლემის მოგვარება ხელეწიფება. ამ მიზნით, მოქალაქეებმა საინიციატივო ჯგუფიც შექმნეს, რომლის წევრებიც, თითქმის,  ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან ან უკავშირდებიან ადგილობრივი თვიმმართველობის თუ ცენტრალური ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომელთაც უშუალოდ ამ საკითხით დაინტერესება და ტბის გადასარჩენად ზომების მიღება შეუძლიათ. 

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომელზეც თეთრი ტბა მდებარეობს, აგრეთვე მისი მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი, სახელმწიფომ ჯერ კიდევ 2004 წელს გაყიდა როგორც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და იმ დროიდან კერძო საკუთრებაშია გადასული.

ვინ არის ტერიტორიის მფლობელი, რატომ არ აქცევს აღნიშნულ ადგილს ყურადღებას, რამ გამოიწვია ტბაში წყლის შემცირება, ვის ეკისრება პასუხიმგებლობა ბუნებრივი წყალსაცავის გაქრობის გამო ან რა შეიძლება გაკეთდეს მის გადასარჩენად? ამ კითხვებით ჩვენ გლდანის თეთრი ტბის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფის წევრებს მივმართეთ.

ერთ-ერთი მათგანი, ჟურნალისტი მედეა გოგსაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით თავადაც ძალიან ბევრი კითხვა დაუგროვდა. მაგალითად: თავის დროზე საერთოდ რატომ გასხვისდა ტბის ტერიტორია ან ვის კერძო მფლობელობაშიც გადავიდა, რატომ არ დააკისრა მას სახელმწიფომ გარკვეული ვალდებულებები; საჯარო რეესტრში რატომ არის გატარებული აღნიშნული ტერიტორია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად და რატომ არ არის დოკუმენტებში ტბა ნახსენები?

მედეა გოგსაძე: ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს მივმართე მერიის პრესცენტრს თხოვნით, რომ დავეკავშირებინე გარემოს დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელ პირთან; აგრეთვე, მივმართე გლდანის რაიონის გამგეობას. ორივეგან მივიღე პასუხი, რომ ტერიტორია კერძოა და რაც იქ ხდება, მათ არ ეხება. სინამდვილეში, კერძო მხოლოდ მიწის ნაკვეთია; წყლის რესურსი კი (ამ შემთხვევაში ტბა), წყლის შესახებ კანონის თანახმად, სახელმწიფოსია და ძალიან მიკვირს, რომ ოფიციალურმა უწყებებმა ეს არ იციან. ყოველ შემთხვევაში, მათი პასუხიდან ასე ჩანს.

ამის შემდეგ მივმართე გარემოს დაცვის სამინისტროს, საიდანაც განცხადება გარემოს ეროვნულ სააგენტოს გადაეგზავნა. აღნიშნული უწყებიდან მოვიდა პატარა ჯგუფი და ვითარებას ადგილზე გაეცნო. ცოტა ხნის შემდეგ მივიღე ოფიციალური პასუხი, სადაც ბოლო წლების მიხედვით ტბის სარკის ზედაპირის კლების დინამიკაა მოცემული. მათ დასკვნაში წერია ასევე, რომ ბოლო წლების განმავლობაში კლიმატის ცვლილებებმა, ტემპერატურის მატებამ ზეგავლენა იქონია ტბის წყალზე და აორთქლებამ იმატა. ამასთან, მათივე ინფორმაციით, არ ფუნქციონირებს ტბის სიახლოვეს არსებული ატმოსფერული ნალექის შემკრები არხი, რადგან ის ამჟამად ავსებულია წყალმცენარეებით და არის დაჭაობებული. ამ ყველაფერმა გამოიწვია ტბის დონის კლება. ასევე, ტბა სიბერის სტადიაშია და მის გადასარჩენად საჭიროა დამატებითი წყლის ნაკადები. ოფიციალურ წერილში გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, აგრეთვე, მომწერა, რომ კომპეტენციის ფარგლებში მზადაა ჩაერთოს გლდანის დიდ ტბასთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრაში, თუმცა წელიწადი გავიდა და ჯერ არაფერი გაკეთებულა.  მოქალაქეები იძულებული გავხდით  ტბის გადასარჩენად გავერთიანებულიყავით და საინიციატივო ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ. მოქმედების კოორდინაცია სოციალურ ქსელებში ორგანიზებული გლდანის მთავარი ჯგუფის ფორმატში მოხდა, სადაც ხშირად იწერებოდა თეთრ ტბაზე განვითარებული ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ. ამ ბრძოლაში თბილისის საკრებულოს გლდანის მაჟორიტარი კონსტანტინე ზარნაძეც შემოგვიერთდა. უკვე შევიტანეთ კოლექტიური განცხადება პრემიერის, მერის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრის, აგრეთვე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის სახელზე. მოქალაქეების მიერ ხელმოწერილი პეტიციაც გაგზავნილია.

Quote

გვინდა დაინახოს მთავრობამ, რომ სერიოზულად ვართ განწყობილი და დათმობას არ ვაპირებთ. არ იფიქრონ, რომ ერთხელ გავბრაზდით, აღვშფოთდით, ვიხმაურეთ და ჩავწყნარდით.


საინიციატივო ჯგუფის წევრები, გლდანის მოსახლეობასთან ერთად, ხელისუფლებისგან სწორედ იმ მილის გახსნას ითხოვენ, რომლითაც ტბა ჟინვალის წყალსაცავის წყლით მარაგდებოდა და რომელიც დღეს ჩაკეტილია. გარდა ამისა, მოქალაქეებს აინტერესებთ, რატომ არ ექცევა ყურადღება გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკვლევაში ნახსენებ, ატმოსფერული ნალექების შემკრებ არხს, რომელიც მიწითა და წყალმცენარეებითაა ამოვსებული.

მედეა გოგსაძე: ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა, გაიწმინდოს და აღდგეს ის მილები, საიდანაც ტბა ბუნებრივად მარაგდებოდა წყლით და ივსებოდა მისი აუზი, ასევე, დასუფთავდეს ტბის მთლიანი ტერიტორია, სადაც დღეს სრული ანტისანიტარია სუფევს; ჩატარდეს სანიტარული თუ სადეზინფექციო სამუშაოები და გაშენდეს სრულყოფილი რეკრეაციული სივრცე. შემდეგ გვაინტერესებს, ვის მოვთხოვოთ პასუხი მომხდარზე, ვინ არის დამნაშავე, იმაში, რომ ტბა წყალმომარაგების გარეშე დარჩა და მივიდა დაშრობის პირამდე, ვინ დატოვა ეს გარემო აბსოლუტურად უპატრონოდ? ყველაფერი უნდა გამოვლინდეს, მიეცეს სათანადო იურიდიული კვალიფიკაცია და დამნაშავეები კანონის მიხედვით დაისაჯონ. ასევე, ვითხოვთ, როდესაც ტბა და მიმდებარე რეკრეაციული სივრცე აღდგება, იქ შესვლა იყოს უფასო. საინიციატივო ჯგუფის წევრებს ამაზე მოლაპარაკება გვქონდა ტერიტორიის ამჟამინდელ მფლობელთან, ნატალია კვანტალიანთან, რომელთანაც სარეკრეაციო ზონის მოწყობასა და ხელმისაწვდომობის გარდა, ტბისთვის წყლის მიწოდების აღდგენასა და სახელმწიფოსთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზეც ვისაუბრეთ. ასევე, მას გავაცანით ის მოსაზრება, რაც ერთდროულად, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არაერთ ადამიანს გაუჩნდა. ეს არის ეჭვი იმის შესახებ, რომ პირადად მას ტბის დაშრობა აწყობს, რათა ტერიტორია გათავისუფლდეს და მერე ბუნებრივი წყალსაცავის ადგილას საცხოვრებელი კორპუსები ააშენოს. კვანტალიანმა გვითხრა, რომ მას მსგავსი მიზანი არ ამოძრავებს და ტბის დაშრობის საფრთხე თავადაც აწუხებს. თუ რატომ არ მიმართა აქამდე ზომებს მის გადასარჩენად, ამ კითხვაზე გვიპასუხა, რომ წყლის მილის გადაკეტვა ან გახსნა მის კომპეტენციაში არ შედის. კვანტალიანმა გვაჩვენა ტბის მასაზრდოებელი ორი წერტილი: ჟინვალიდან მომავალი მილი და ტბის მეორე მხარეს არსებული მცირე წყარო. პირველი მათგანი დამტვრეულია, წყალი კი - გადაკეტილი, ხოლო მიზერული ნაკადი სულ სხვა მიმართულებით მიედინება. რაც შეეხება წყარო, ტერიტორიის მფლობელის თქმით, მან, რკინიგზის გვირაბის მშენებლობის კვალდაკვალ, გეზი იცვალა, ამიტომ ჰიდროლოგიური სამუშაოები ამ კუთხითაც არის ჩასატარებელი, რაც ასევე სცილდება მის კომპეტენციას. მით უმეტეს, რომ ნაკვეთის შეძენის ხელშეკრულებაში ტბა არცაა ნახსენები. სარეკრეაციო ზონის აღგენა-კეთილმოწყობაზე კი ქალბატონი ნატალია პირობას დებს, რომ საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას: სრულად აღადგინოს ინფრასტუქტურა, მოაწყოს სასეირნო და ველობილიკები, ბავშვებისთვის სათამაშო სივრცე; მოაწესრიგოს პლაჟი და უპატრონოს ამ ყველაფერს. სივრცით სარგებლობა იქნება უფასო და დღე-ღამის განმავლობაში ყველასთვის ხელმისაწვდომი, ხოლო მომსახურების და სერვისების სხვა სახეობა იქნება ფასიანი. ბიზნესპროექტებს ამ მიმართულებით თავად ნატალია კვანტალიანი აწარმოებს. რაც შეეხება დედაქალაქის მერიასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას, ქალბატონი ნატალია მზადაა, წყლის რეგულარული მიწოდების სანაცვლოდ მეორე პუნქტში დაფიქსირებული ყველა ვალდებულება შეასრულოს.

ტერიტორიის მფლობელის მიმართ ვალდებულებების დაკისრების მომხრეა საინიციატივო ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, გიორგი მულაძე, რომელიც აცხადებს, რომ უნდა ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს, წლების წინ, ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე რის საფუძველზე გადაეცა კერძო პირს ბუნებრივი წყალსაცავის ტერიტორია?

გიორგი მულაძე: ,,აუცილებლად უნდა გაირკვეს, რატომ მისცა საკუთარ თავს უფლება მაშინდელმა ხელისუფლებამ და თბილისის მერიამ, სახელმწიფოს კუთვნილი ბუნებრივი ტბის ტერიტორია (არა უშუალოდ წყალი, არამედ მიწა, რომელზეც ის მდებარეობს ანუ წყლის აუზი ) გაესხვისებინა და გადაეცა კერძო საკუთრებაში? რა თქმა უნდა, ეს არის საკვლევი ხელშეკრულება. ტბის მიმდებარე ნაკვეთის კერძო მფლობელობაში, თუნდაც, 1 ლარად გადაცემა იმ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული, თუ მფლობელს გარკვეული ვალდებულებები დაეკისრებოდა. დასავლეთის ძალიან ბევრ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა, როცა მსგავსი სივრცე კერძო საკუთრებაში მხოლოდ იმ პირობით გადაეცემა ინვესტორს, თუ ის უზრუნველყოფს ამ ტერიტორიის მოწესრიგებას და საზოგადოებრივი მოხმარების სივრცედ ქცევას, სადაც შეუძლია კომერციული ობიექტები ჩადგას და იქიდან ამონაგები მიიღოს. ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, რომ 2004 წელს ჯერ ერთ კერძო პირს, გია აბუაშვილს 28 ჰექტარი მიწა ისე აქვს შეძენილი, დოკუმენტებში არსად ფიქსირდება ტბა და საჯარო რეესტრშიც ეს ტერიტორია გატარებულია, როგორც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. ასევე, ოფიციალური დოკუმენტებით დასტურდება, რომ 2008 წელს გია აბუაშვილისგან ეს ფართობი ნატალია კვანტალიანმა შეისყიდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ტბა არის ბუნებრივი წარმოშობის, საზოგადოებრივი მოხმარების სივრცე, ბუნებრივი წყლის რესურსი. ლოგიკურად, ტბაზე მზრუნველობა, მისი მდგომარეობის შემოწმება და კონტროლი არის სახელმწიფოს პრეროგატივა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ გარემოს დაცვის შესახებ კანონის თანახმად, ტერიტორიის მესაკუთრე ვალდებული იყო, წყლის გადაკეტვის შემდეგ, განგაში აეტეხა და სახელმწიფოსთვის ის ეკოლოგიური საფრთხეები ეცნობებინა, რაც ტბას ემუქრებოდა.... ასევე, თუ სახელმწიფოს მისამართით ასეთი შეტყობინება გაკეთდა, მაგრამ სათანადო უწყებების მხრიდან რეაგირება არ მოჰყვა, ესეც დანაშაულია. ამ შემთხვევაში, ეს არის ძალიან გათამამებული დამოკიდებულება ბუნების მიმართ და საზოგადეობრივი ინტერსების შეურაცხყოფაც.

image.jpeg

გარემოს ეროვნულ საგენტოს თავის დასკვნაში (რომელიც მოამზადა მოქალაქე მედეა გოგსაძის მიმართვის საფუძველზე) უწერია, რომ ისინი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მზად არიან, მიიღონ მონაწილეობა პრობლემის აღმოფხვრის გზების დასახვაში, თუმცა ჯერჯერობით არაფერი გამოსწორებულა. როგორც გამოდის, საქმის არსი იცოდა ყველამ, მეპატრონემაც, სახელმწიფომაც, მაგრამ არავინ იმოქმედა საჭიროებისამებრ. ახლა ვუყურებთ, როგორ კვდება ტბა და პასუხები, მე რა ვქნა, იმან რა ქნას, არის მიუღებელი. ჩვენი მიზანია, ტბის გადასარჩენად გამოინახოს ყველანაირი გზა და ქალაქს, ჩვენს რაიონს ჰქონდეს ეს რეკრეაციული ზონა.

Quote

პარადოქსი ისაა, რომ თემქის ტერიტორიაზე არსებულ ცნობილ ხევში ეწყობა დიდი პარკი, სადაც ორ ხელოვნურ ტბას ქმნიან, აქ კი ბუნებრივი ტბა თვალსა და ხელშუა ქრება, იმის გამო, რომ მისი მაცოცხლებელი შენაკადები ვიღაცამ გადაკეტა, ნებსით თუ უნებლიედ, ხოლო აღდგენაზე ან ალტერნატივაზე არავინ იზრუნა.

აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გლდანის ტბის ამჟამინდელი მფლობელის, ნატალია კვანტალიანის თქმით, ჟინვალიდან მომავალი წყლის მილი წლების წინ თბილისის წყალმომარაგების კომპანია GWP-მ გადაკეტა. თავად ამ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც საინიციატივო ჯგუფის წევრებს და კონსტანტინე ზარნაძეს ტბის ტერიტორიაზე შეხვდნენ, აცხადებენ, რომ ჟინვალიდან ტბა მათი რესურსებით არასდროს მომარაგებულა და იქ არსებული არხის შესახებაც არაფერი იციან.

სწორედ ამიტომ ითხოვს მოსახლეობა, რომ სახელმწიფომ დროულად ჩაატაროს სათანადო კვლევა, დადგინდეს მიზეზი, რის გამო დაიწყო გაქრობა ტბის წყალმა, ვინ გადაკეტა მისი მასაზრდოებელი არხი და სასწრაფოდ გამოინახოს გამოსავალი მის გადასარჩენად.

image.jpeg

გიორგი მულაძე:არ შეიძლება ეს საკითხი დარჩეს გადაუწყვეტელი, არ შეიძლება ტბა არ გადარჩეს და არ გახდეს ხალხის მოხმარების ანუ დასვენების საგანი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება ძალიან ცუდი პრეცედენტი, ეს იქნება წახლისება იმისკენ, რომ დაინტერესებულმა პირებმა ტბაც დააშრონ, ტყეც გაახმონ, ნებისმიერი ბუნებრივი რესურსი კერძო საკუთრებად აქციონ და საკუთარი ნებისამებრ მართონ. მსგავსი მიდგომა არის ამორალური, ამიტომაც თხოვნა გვაქვს ხელისუფლებასთან,  რომ პირველ რიგში გლდანის დიდი ტბის გადარჩენის და ამ სივრცის აღდგენის პარალელურად, მეტად ნათლად დარეგულირდეს კანონი ბუნებრივი რესურსების გასხვისების შესახებ.

აქ შეგიძლიათ იხილით კანონი წყლის რესურსების შესახებ https://matsne.gov.ge/ka/document/view/33448?publication=27&fbclid=IwAR1u4FpAzhP8E7hUgURwBor0LYk9QkFHdiVyu9tozPVYY-BRDzv4VL3YmM4

 

ირმა ბერიშვილი 

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...