მიხეილ დაუშვილი - დაუშვებელია რუსული გავლენის გაძლიერება საქართველოში, ქართულ-რუსული უნივერსიტეტი დამატებით გავლენის ინსტრუმენტი იქნება რუსეთისთვის
დაუშვებელია რუსული გავლენის გაძლიერება საქართველოში, ქართულ- რუსულ უნივერსიტეტი დამატებით გავლენის ინსტრუმენტი იქნება რუსეთისთვის, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია ამ საკითხზე ხელისუფლებამ მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს და როცა მმართველი გუნდის წევრები ამ საკითხს "ოპოზიციის პროპაგანდას" უკავშირებენ, ეს გაუგებარია, რადგან განცხადება, რომ მსგავსი უნივერსიტეტის გახსნა იგეგმება, ყველამ ნახა.
"მიუღებელი და დაუშვებელია რუსული გავლენების დამატებით გაძლიერება საქართველოში, ასეთი ტიპის უნივერსიტეტის გახსნა, რა თქმა უნდა, იქნება გავლენის და ზემოქმედების დამატებით ინსტრუმენტი საქართველოში, ამიტომ ეს კატეგორიულად მიუღებელია. ასევე, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებისგან მოვისმინოთ მკაფიო პოზიცია, რომ რუსული გავლენების გაზრდა საქართველოში და მსგავსი უნივერსიტეტის გახსნა მიუღებელია,"- განაცხადა დაუშვილმა.
ინფორმაციისთვის, პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის მშენებლობა იგეგმება და ამისთვის უკვე ადგილს ეძებენ.
რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადება არ შესულა.
"გავრცელებული ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით არის დეზინფორმაცია, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, განათლების სისტემისა და ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.