ახალციხის ტბაზე წყლის ბიუვეტის დადგმის ინიციატივით, ახალციხის მერს "გახარია - საქართველოსთვის" დეპუტატმა მიმართა
ახალციხის საკრებულოში, ოპოზიციური პარტიის „გახარია - საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მარინა აბულაძემ მერს, ირაკლი ლაზარაშვილს ახალციხის ტბაზე წყლის ბიუვეტების დადგმის ინიციატივით მიმართა. აღნიშნულის შესახებ დეპუტატმა საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა.
„თუ არის შესაძლებელი, რომ „ახალციხის ტბაზე“ სადაც უამრავი ხალხი დადის და დასალევი წყალი ფიზიკურად არ არსებობს, ორი პატარა ფანატნი გაკეთდეს. ეს მარტო ჩემი აზრი არ არის. ეს ვინც ყოველ საღამოს დადის მათი აზრიცაა“,– თქვა საკრებულოზე მარინა აბულაძემ.
როგორც ახალციხის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა განმარტა, აღნიშნულის შესახებ იცის და „აუცილებლად გავაკეთებენ“.
ახალციხის ტბის მიმდებარე ტერიტორიას რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა, დადგეს ერთი ბიუვეტიც, რომელიც ამ დრომდე არ მუშაობს.
„სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვაზე, რატომ არ მოდის წყალი, მერი გვპასუხობს, რომ „ბიუვეტი ამუშავდება და თუ საჭიროა სხვასაც დადგამენ“,
ცნობისთვის ქალაქ ახალციხეში ხელოვნური ტბის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მერიამ ტენდერი 2021 წლის 2 თებერვალს 1 930 660 ლარზე გამოაცხადა. ტენდერში კონკურენციის გარეშე შპს ,,მშენ +“-მა გაიმარჯვა საბოლოოდ ხელშეკრულების ღირებულებამ 1 882 204 ლარი შეადგინა.
თავდაპირველად ხელშეკრულების პირობის თანახმად, კომპანიას სამუშაოები 2021 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით უნდა დაესრულებინა. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა დადებულ ხელშეკრულებაში სხვადასხვა სახის ცვლილება 10-ჯერ შევიდა, ერთ-ერთი ცვლილების საფუძველზე, რომელიც 2022 წლის 30 სექტემბერს განხორციელდა, შემსრულებელს სამუშაოების გახანგრძლივების ვადა 2021 წლის 15 ნოემბრამდე განესაზღვრა.
თუმცა აღნიშნულ ვადებში კომპანია მაინც ვერ ჩაჯდა, რის შედეგადაც შპს ,,მშენ +“ 10 თვე ჯარიმების ფონზე ასრულებდა სამუშაოებს. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაკისრებული ჯარიმა უსამართლოა, რის გამოც სასამართლოს მიმართეს და მერიას თანხის დაბრუნება მოსთხოვეს.
sknews.ge
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.