Jump to content
Planeta.Ge

სად არის ჰაერი ყველაზე დაბინძურებული საქართველოში — მონიტორინგის შედეგები


საქართველოს უმსხვილეს ქალაქებში ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM) და აზოტის დიოქსიდის (NO2) კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ ნორმას აჭარბებს.

ამის შესახებ ნათქვამია გარემოს მდგომარეობის შესახებ 2018-21 წლების ეროვნულ მოხსენების პროექტში. მოხსენება წარმოადგენს საქართველოს გარემოს მდგომარეობის შესახებ არსებული ინფორმაციის შემაჯამებელ დოკუმენტს, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ მზადდება. დოკუმენტის ავტორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის შექმნაში მონაწილეობა სხვა სახელმწიფო უწყებებმაც მიიღეს.

მყარი ნაწილაკებით დაბინძურება

მოხსენების თანახმად, უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკები (PM10, PM2.5) საქართველოს მსხვილი ქალაქებისა და ინდუსტრიული ცენტრებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ მავნე ნივთიერებას წარმოადგენს. საქართველოს დედაქალაქში PM10-ის საშუალო წლიური კონცენტრაცია შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა, თუმცა 2021 წლისთვის ზღვრულად დასაშვებ ნორმას (ზდნ) აღემატებოდა PM10-ის კონცენტრაცია აღმაშენებლის გამზირზე და წერეთელზე. ამასთან, თუ 2017-19 წლებში მყარი ნაწილაკებით ყველაზე დაბინძურებული წერეთლის გამზირი იყო, 2020-21 წლებში ასეთი აღმაშენებლის გამზირია.

Untitled-design-13-2.jpg

მყარი ნაწილაკების (PM10) საშუალო წლიური კონცენტრაცია თბილისში. წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტო, air.gov.ge

საქართველოს სხვა მსხვილ ქალაქებს რაც შეეხება, PM10-ის საშუალო წლიური კონცენტრაცია ზღვრულ დონეს მკვეთრად აღემატება რუსთავში. ქუთაისსა და ბათუმში განთავსებულ მონიტორინგის სადგურებზე კი კონცენტრაციის შემცირება დაფიქსირდა.

PM10-ის მსგავსად, დედაქალაქში, 2017 წელთან შედარებით, შემცირდა PM2.5-ის საშუალო წლიური კონცენტრაცია, თუმცა 2021 წლისთვის ზდნ-ს იგი მცირედით კვლავაც აღემატებოდა აღმაშენებლის გამზირზე. PM2.5-ის საშუალო წლიური კონცენტრაცია ნორმის ფარგლებში იყო ქუთაისსა და ბათუმში და ხასიათდებოდა შემცირების ტენდენციით. რაც შეეხება რუსთავს, აქ PM2.5-ის საშუალო წლიური კონცენტრაცია ნორმას მკვეთრად, 50%-ზე მეტად აჭარბებდა.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ხდება როგორც ბუნებრივი, ისე ანთროპოგენური წყაროებიდან. მყარი ნაწილაკებით დაბინძურების მნიშვნელოვან ბუნებრივ წყაროს შორის მოხსენებაში გამოყოფილია საჰარის, არაბეთის ნახევარკუნძულიდან და შუა აზიიდან პერიოდულად შემოჭრილი უდაბნოს მტვრის მასები. ბუნებრივი წყაროებიდან ასევე აღნიშნულია ღია გრუნტი (ანუ გაზონით ან სხვა საშუალებით დაუფარავი მიწის ზედაპირი), რაც ამტვერების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

ატმოსფერული ჰაერის ძირითადი მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ანთროპოგენური წყაროებს განეკუთვნება ტრანსპორტი, ენერგეტიკა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და ნარჩენები. მყარი ნაწილაკების ქვეყნის ჯამური გაფრქვევების 80%-ზე მეტი მრეწველობასა (უმეტესად სამშენებლო მასალების წარმოება) და ენერგეტიკის (უმთავრესად შეშის მოხმარება) დარგებზე მოდის.

ბოლო წლებში ქვეყანაში მყარი ნაწილაკების გაფრქვევები მცირდება, თუმცა 2018-2020 წლებში იგი თითქმის არ იცვლება და რჩება 21 ათასი ტონის ფარგლებში. მყარი ნაწილაკების გაფრქვევების შემცირება ძირითადად დაკავშირებულია ენერგეტიკის სექტორში შეშის მოხმარების შემცირებასთან, რომლის შედეგადაც სექტორიდან მყარი ნაწილაკების გაფრქვევები 2014-2020 წლებში განახევრდა. საპირისპირო ტენდენციაა მრეწველობის დარგში, სადაც ძირითადად სამშენებლო მასალების (კერძოდ, კირის, ბეტონის, ასფალტისა და ცემენტის) წარმოებისა და ინერტული მასალების მოპოვების ზრდის შედეგად, გაფრქვევები ანალოგიურ პერიოდში 67%-ით გაიზარდა. ავტოპარკის ზრდის პარალელურად მცირედით, თუმცა მაინც იზრდება მყარი ნივთიერებების გაფრქვევები ტრანსპორტის სექტორიდან.

აზოტის დიოქსიდით დაბინძურება

მოხსენებით მიხედვით, აზოტის დიოქსიდით დაბინძურება დამახასიათებელია საქართველოს იმ ქალაქებისთვის, სადაც სატრანსპორტო ნაკადების კონცენტრირება ხდება. 2019-2021 წლებში ინდიკატორული გაზომვების შედეგების მიხედვით, თბილისში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილება არ შეინიშნება, თუმცა, ავტოპარკის ყოველწლიურად საშუალოდ 5%-იანი ზრდის პირობებში, მაინც ფიქსირდება მცირედ გაუმჯობესებული მონაცემები.

შავი ზღვის ზონაში აზოტის დიოქსიდის ზდნ-ზე გადაჭარბება ფიქსირდება მხოლოდ ბათუმში, საავტომობილო გზის მიმდებარედ განთავსებულ დაკვირვების 2 პუნქტზე. დასავლეთის ზონაში NO2-ით დაბინძურება მნიშვნელოვანი გამოწვევაა და 2021 წელს ზღვრულ დონეს აჭარბებდა ქუთაისში,  ზესტაფონსა და ჭიათურაში გზისპირა დაკვირვების 3 პუნქტზე. ცენტრალურ ზონაში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციამ ნორმას გადააჭარბა 2019-2021 წლებში რუსთავისა და მარნეულის, 2020 წელს — ბოლნისის, 2019 წელს კი – ხაშურის გზისპირა დაკვირვების პუნქტებზე. აღმოსავლეთის ზონაში, კერძოდ თელავსა და სიღნაღში, აზოტის დიოქსიდის (NO2) საშუალო წლიური კონცენტრაციის ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. მაღალმთიან ზონაში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციის ნორმაზე გადაჭარბება მხოლოდ ახალციხეში გზისპირა დაკვირვების პუნქტზე დაფიქსირდა.

2021 წელს 2019 წელთან შედარებით იმ ქალაქების ცხელ წერტილებში, სადაც ნორმის გადაჭარბებები ფიქსირდება, კონცენტრაციამ მხოლოდ რუსთავსა და ზესტაფონში მოიმატა, ხოლო უცვლელი დარჩა ჭიათურაში. აღსანიშნავია, რომ უმსხვილესი ქალაქების გარდა, პრაქტიკულად ყველა სხვა ზემოაღნიშნულ ქალაქში გადაჭარბებას ადგილი აქვს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის გასწვრივ. გამონაკლისია ჭიათურა, სადაც შიდა მნიშვნელობის საავტომობილო გზის გასწვრივ ფიქსირდება აზოტის დიოქსიდის ნორმის გადაჭარბება, რაც, გარემოს დაცვის სამინისტროს შეფასებით, აღნიშნული მონაკვეთის რელიეფითა (აღმართი) და მასზე მანგანუმის ნედლეულის გადამზიდი მძიმე სატვირთო ავტომობილების ინტენსიური მოძრაობით აიხსნება.

2014-2020 წლებში აზოტის დიოქსიდის ჯამური გაფრქვევების რაოდენობა თითქმის უცვლელია. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ავტოპარკის ზრდის მიუხედავად, 2017 წლიდან აზოტის დიოქსიდის (NO2) გაფრქვევები ტრანსპორტის სექტორიდან შემცირდა, რაც ავტოპარკის გაახალგაზრდავებისა და ეკოლოგიურად უფრო სუფთა ავტომობილების (ჰიბრიდები და ელ. მობილები) წილის ზრდის შედეგია. გარემოს მდგომარეობის შეფასების მიხედვით, აღნიშნულს ხელი შეუწყო ბოლო წლების საგადასახადო პოლიტიკამ, კერძოდ ძველი ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადის გაზრდამ, ეკოლოგიურად უფრო სუფთა ავტომობილებზე იმპორტის გადასახადის შემცირებამ, ასევე, ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურის შექმნა-გაფართოებამ ქვეყანაში. 2020 წელს 2019 წელთან შედარებით ტრანსპორტიდან გაფრქვევების შემცირება განპირობებულია Covid-19-ის პანდემიითა და გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო.

სხვა მავნე ნივთიერებები

რაც შეეხება სხვა მავნე ნივთიერებებს, საანგარიშო პერიოდში გოგირდის დიოქსიდის დღიური საშუალო კონცენტრაციები ზღვრულად დასაშვები ნორმის ფარგლებში იყო ავტომატური მონიტორინგის ყველა სადგურზე და ხშირად მნიშვნელოვნად მცირე იყო ნორმაზე.

2018-2021 წლებში მიწისპირა ოზონის მაქსიმალურმა საშუალო 8-საათობრივმა კონცენტრაციამ დღეში ზღვრულ დონეს გადააჭარბა თბილისისა და რუსთავის მონიტორინგის სადგურებზე, თუმცა გადაჭარბების რაოდენობა ნორმით დადგენილზე (25 გადაჭარბება სამწლიან პერიოდში) მნიშვნელოვნად დაბალია. მიწისპირა ოზონის კონცენტრაცია თბილისში ყველაზე მაღალი იყო ვარკეთილი III, I მკრ-ნის სადგურზე 2021 წელს.

ტყვიის საშუალო წლიური კონცენტრაციაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა ზდნ-ს მუდმივი ინდიკატორული დაკვირვების პუნქტებზე თბილისის ჩათვლით, სადაც კვლევების არეალი გაფართოვდა და ჩატარდა ერთჯერადი გაზომვები. გაფართოებული კვლევის ფარგლებში აღებული იქნა 200-ზე მეტი სინჯი, მათ შორის საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყველა ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ ერთჯერად მაქსიმალურ კონცენტრაციას.

მანგანუმის დიოქსიდით დაბინძურება კვლავაც პრობლემაა ზესტაფონში.

ბენზოლის საშუალო კონცენტრაცია ნორმის ფარგლებშია ყველა დაკვირვების პუნქტზე, გარდა ბათუმისა, სადაც ნავთობტერმინალის მიმდებარედ ფიქსირდება გადაჭარბება.

„ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგები გვიჩვენებს, რომ ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში პრობლემური დამბინძურებლები არიან მყარი ნაწილაკები და აზოტის დიოქსიდი, ზესტაფონში მთავარი გამოწვევა კვლავ არის მანგანუმის დიოქსიდით დაბინძურება, ბათუმში კი ნავთობტერმინალის მიმდებარედ დამატებით ფიქსირდება ბენზოლით დაბინძურების შემთხვევები. სხვა ძირითადი მავნე ნივთიერებები კი ზღვრულად დასაშვები ნორმის ფარგლებშია ან მნიშვნელოვნად მცირეა აღნიშნულ ნორმებზე“, — ნათქვამია გარემოს მდგომარეობის შესახებ 2018-21 წლების ეროვნულ მოხსენების პროექტში.

მოხსენების თანახმად, საანგარიშო პერიოდში, 2014 წელთან შედარებით, შემცირდა მყარი ნაწილაკების, აქროლადი ორგანული ნაერთებისა და ნახშირბადის მონოქსიდის გაფრქვევები. ცვალებადი ტენდენციის მიუხედავად, 2014 წელთან შედარებით ასევე შემცირდა გოგირდის დიოქსიდის გაფრქვევები, ხოლო ამიაკის გაფრქვევები შემცირებულია 2015 წელთან შედარებით. აზოტის დიოქსიდის გაფრქვევების რაოდენობა თითქმის უცვლელია, რაც, გარემოს დაცვის სამინისტროს შეფასებით, მზარდი ავტოპარკის პირობებში ახალი და უფრო სუფთა ავტომობილების წილის ზრდის შედეგია.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...