დრონების იერიში: მოსკოვში დაზიანდა ბიზნესცენტრი, ყირიმში აფეთქდა ტყვია-წამლის საწყობი
მოსკოვს ორი დრონით შეუტიეს, განაცხადა რუსეთის დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ დრონების ჩამოგდება მოახერხა. სობიანინის მტკიცებით, მომხდარის შედეგად ინფრასტრუქტურას სერიოზული ზიანი არ მიადგა. არ არიან დაშავებულებიც.
„მედუზას“ ცნობით, ერთი დრონი ბიზნესცენტრს მოხვდა, მეორე კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ახლოს ჩამოვარდა. ამ დრონის ჩამოვარდნის წერტილთან ახლოსაა სამხედრო უნივერსიტეტიც და თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს რამდენიმე საიდუმლო ობიექტი, ამბობს „ბელინგკეტის“ გამომძიებელი ჟურნალისტი ხრისტო გროზევი. მეორე დრონი კი მოხვდა ლიხაჩოვის გამზირზე მშენებარე ბიზნესცენტრს.
გარდა ამისა, ყირიმის უკანონო, რუსეთის დანიშნული ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის თქმით, დრონებმა იერიში ოკუპირებულ ნახევარკუნძულზეც მიიტანეს, რის შედეეგადაც აფეთქდა ტყვია-წამლის საწყობი ჯანკოის რაიონში. მისივე ცნობით, შეჩერებულია მატარებლების მოძრაობა რაიონის ლიანდაგებზე, აგრეთვე შეჩერებულია საავტომობილო მოძრაობა გზატკეცილ ჯანკოი-სიმფეროპოლზე. მიმდინარეობს ხუთი კილომეტრის რადიუსში მცხოვრებთა ევაკუაციაც.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.