Jump to content
Planeta.Ge

ოდესაზე რუსეთის იერიშს ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა


რუსეთის ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ოდესაზე მიტანილი სარაკეტო დარტყმების შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი ხელისუფალნი და პოლიცია იუწყებიან.

ოდესის გუბერნატორის, ოლეჰ კიპერის თანახმად, 22 ივლისის ღამით განხორციელებული დაბომბვის შემდეგ, საავადმყოფოებში 14 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის, 4 ბავშვი.

კიპერის ცნობით, დანგრეული და დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები. დაბომბვის შედეგად ოდესის ფერისცვალების საკათედრო ტაძარიც დაზიანდა. ესაა ქალაქის უდიდესი მართლმადიდებლური ტაძარი, რომელიც 1809 წელს აკურთხეს. ის საბჭოთა რეჟიმმა დაანგრია 1939 წელს, 2003 წელს კი ეკლესია ხელახლა ააშენეს.

“რუსმა მხეცებმა დაარტყეს საკათედრო ტაძარს, რომელსაც მთელი ოდესა აშენებდა”, – ამბობს კაცი ემოციურ ვიდეოში, რომელსაც ტაძრის შიგნით იღებს.

“გმადლობთ, რუსო ძმებო! გმადლობთ, თქვენი უწმინდესობავ!” — ამბობს ვიდეოს ავტორი. ირონიული რეპლიკა, სავარადოდ, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს, კირილს მიემართება, რომელმაც წლების წინ აკურთხა ოდესის ტაძარი.

ოდესის საკათედრო ტაძარი მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებულ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას (УПЦ МП-ს) ექვემდებარება. სრულმასშტაბიანი ომის პირობებში, ამ ეკლესიამ დაგმო რუსეთის მოქმედებები და “სრული ავტონომია” გამოაცხადა. თუმცა უკრაინის ხელისუფლებას, ისევე როგორც უკრაინის ავტოკელაფურ ეკლესიას, ამ გამიჯვნის არ სჯერათ.

საპორტო ქალაქ ოდესაზე შეტევები მიმდინარე კვირაში, მას შემდეგ გახშირდა, რაც რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმება დატოვა. ეს შეთანხმება, რომელიც თურქეთისა და გაეროს შუამავლობით 2022 წლის ივლისში შედგა, გულისხმობდა შავი ზღვის უსაფრთხოების კორიდორის შექმნას უკრაინიდან მარცვლეულით დატვირთული გემების ტრანსპორტირებისთვის.

უკრაინის ოფიციალურ პირთა ცნობით, კიდევ ერთმა იერიშმა, რომელიც მიმდინარე კვირაში განხორციელდა, 60 000 ტონა მარცვლეული გაანადგურა.

Odessa.jpg

22 ივლისის ღამის თავდასხმის შედეგები ოდესაში. ფოტო: Facebook/Володимир Зеленський

უკანასკნელი თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრიი იერმაკმა, კვლავ გაახმიანა მოწოდება კიევისათვის მეტი რაკეტისა და თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ.

“ეს არის დაუფარავი ტერორი მშვიდობიანი ქალაქის მიმართ… მტერს უნდა წაერთვას მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შესაძლებლობა”, — დასძენს ის.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...