პოლონეთში რუსეთის ელჩი დაიბარეს „სტალინის ნაჩუქარ მიწებზე“ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადების გამო
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბოლო განცხადებების შემდეგ დაიბარა რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი. ამის შესახებ პოლონეთის პრეს-სააგენტო იტყობინება.
სააგენტო ციტირებს მინისტრის მოადგილეს პაველ იაბლონსკის, რომელმაც რუსი დიპლომატის დაბარების მიზეზად დაასახელა კრემლის თავკაცის „პროვოკაციული განცხადებები“ და „რუსეთის ფედერაციის სხვა არამეგობრული ქმედებები პოლონეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ“.
იაბლონსკის თქმით, შეხვედრა ხანმოკლე იყო, ანდრეევს უთხრეს, რომ „ფსევდო-ისტორიული არგუმენტები, სტალინის გათეთრების მცდელობა მისივე მსგავსი ომის დამნაშავის ვლადიმირ პუტინის მიერ, არის ქმედება, რომელსაც პოლონეთი აფასებს ესკალაციის პროვოცირების მცდელობად“.
„ჩვენ სრულად ვგმობთ ისტორიის რევიზიის ამგვარ მცდელობას, ჩვენ ასევე ვგმობთ ისტორიის გადასინჯვის ამ მცდელობას პროპაგანდისტული საქმიანობისა და ჰიბრიდული ომისთვის“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
რუსეთის ელჩი შეხვედრის დროს "ძალიან ნერვიულობდა, მისი დამოკიდებულება იყო არამეგობრული, ხოლო ქცევა არ შეესაბამებოდა დიპლომატიური პროტოკოლის წესებს".
რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის ცნობით კი, ელჩმა ანდრეევმა "საკადრისი პასუხი გასცა" პოლონეთის საგარეო უწყებას.
21 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრალდებები წაუყენა პოლონეთს, რომელიც, მისი თქმით, თითქოსდა „ომში „პირდაპირ ჩარევას“ და უკრაინის ტერიტორიების ნაწილის მითვისებას გეგმავს. პუტინი ასევე აცხადებს, რომ პოლონეთი ბელორუსის ტერიტორიის ნაწილის ანექსიასაც ცდილობს. რუსეთის ლიდერი ამტკიცებს, რომ სსრკ-ს გენერალურმა მდივანმა იოსებ სტალინმა პოლონეთს, სავარაუდოდ, მისი ამჟამინდელი ტერიტორიის ნაწილი "აჩუქა".
პუტინის სიტყვები დაგმო პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ და აღნიშნა, რომ „სტალინი იყო ომის დამნაშავე, რომელიც პასუხისმგებელია ასობით ათასი პოლონელის სიკვდილზე“.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.