ოდესის დაბომბვისას ჭურვი მოხვდა ფერიცვალების ტაძარს
23 ივლისს გამთენიისას რუსეთის არმიამ ოდესას შეუტია. ამის შესახებ იუწყება რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი.
რუსეთის ძალების მიერ ოდესაზე ღამით განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, 22 კი დაშავდა, დაშავებულებს შორის არის ოთხი ბავშვი.
პირველი აფეთქებები დაახლოებით ღამის 1 საათზე დაფიქსირდა. ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, დარჩენილიყვნენ თავშესაფარებში და არ გამოექვეყნებინათ ფოტოები სოციალურ ქსელებში.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია ქალაქის სხვადასხვა რაიონში აფეთქებებისა და ხანძრების შესახებ.
რუსეთს დაბომბვის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ოდესის ფერიცვალების ტაძარი ქალაქში ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ეკლესიაა. იგი აშენდა 1794 წელს, ქალაქის დაარსებისთანავე. 1936 წელს ააფეთქეს ბოლშევიკებმა.
სარესტავრაციო სამუშაოები წარმოებს 1999 წლიდან, ძირითადად შემოწირულობებით. 2010 წელ, როდესაც ოდესის ეპარქიის გადაეცა, ტაძარი აკურთხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ. ტაძარში მდებარეობს ნოვოროსიისკის, ბესარაბიის გენერალ-გუბერნატორისა და კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის საფლავი.
ოდესაზე და მის შემოგარენზე თავდასხმები გაძლიერდა 17 ივლისის შემდეგ, როდესაც რუსეთმა გამოაცხადა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ. შეფანხმება უსაფრთხო დერეფანს უქმნიდა შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტს. მხოლოდ ჩორნომორსკის პორტში, უკრაინული მედიის ცნობით, განადგურდა დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული, რომელიც მზად იყო გადასაზიდად.
კრემლი ამტკიცებს, რომ ოდესის რეგიონს უტევს 17 ივლისს ღამით ყირიმის ხიდზე მომხდარი თავდასხმის გამო.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.