პრიგოჟინმა ბელარუსში დაარეგისტრირა "ქონების მართვის კომპანია"
სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა, რომელმაც მოსკოვის წინააღმდეგ გასულ თვეში აჯანყება მოაწყო, ბელარუსში შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია "Concord Management and Consulting"-ი დააარსა.
გამოცემა Reform.by-ის ცნობით, კომპანია მოგილევის რეგიონულმა აღმასკომმა 19 ივლისს დაარეგისტრირა. მისი რეგისტრაციის მისამართი მდებარეობს ოსიპოვიჩის რაიონთან ახლოს მდებარე სოფელში, რომლის მახლობლად არის „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების საველე ბანაკი, სადაც ისინი გადავიდნენ აჯანყების შემდეგ, ბელარუსის ხელისუფლებასთან შეთანხმებით.
კომპანიის საწესდებო კაპიტალი 200 ბელარუსული რუბლია, რაც დაახლოებით 7 ათას რუსულ რუბლს უდრის.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი თავად პრიგოჟინია, მისი მფლობელი კი - რუსული კომპანია „კონკორდი“, რომელიც ასევე პრიგოჟინს ეკუთვნის. ბელარუსული კომპანიის საქმიანობის ერთადერთი სახეობაა „უძრავი ქონების მართვა“.
23–24 ივნისს „ვაგნერის“ ჯგუფის დაქირავებულმა მებრძოლებმა, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ უკრაინის ომში ევგენი პრიგოჟინის ხელმძღვანელობით, შეიარაღებული მსვლელობა წამოიწყეს დონის როსტოვსა და მოსკოვში სამხედრო ხელმძღვანელობის გადადგომის მოთხოვნით.
რუსეთის ხელისუფლებამ ეს ქმედებები ამბოხად შეაფასა. კოლონამ მსვლელობა ბელარუსის ავტორიტარული ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მონაწილეობით მოლაპარაკებების შემდეგ შეწყვიტა. გამოცხადდა, რომ აჯანყებაში მონაწილეობისთვის არავინ დაისჯებოდა და „ვაგნერელებს“ ბელარუსში გადაასახლებდნენ.
მონიტორინგის პროექტის „ბელარუსი გაიუნის“ მიხედვით, „ვაგნერის“ ორ ათასზე მეტი დაქირავებული მებრძოლი ახლა ბელარუსში იმყოფება. თავად პრიგოჟინი, მისი თვითმფრინავის გადაადგილების მარშრუტების მიხედვით, ზოგჯერ ჩადის ქვეყანაში, მაგრამ დროის უმეტეს ნაწილს რუსეთში ატარებს.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში ჩასული „ვაგნერის“ დაქირავებული ჯარისკაცები ბელარუს სამხედროებს მოამზადებენ.
ტელეგრამის არხებზე გამოჩნდა დაჯგუფების ლიდერების ევგენი პრიგოჟინისა და დმიტრი უტკინის გამოსვლის ვიდეო, რომელშიც ისინი პირობას დებენ, რომ ბელარუსის შეიარაღებული ძალებისგან „მსოფლიოს მეორე არმიას“ შექმნიან და ნებისმიერი შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში ლუკაშენკას მხარეს დაიკავებენ.
radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.