Jump to content
Planeta.Ge

იგორ სტრელკოვს [გირკინს] წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს


რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის [ფსბ] ყოფილ ოფიცერს, დონეცკის ე.წ. “სახალხო რესპუბლიკის“ ყოფილ თავდაცვის მინისტრს და ამჟამად სამხედრო კომენტატორ იგორ სტრელკოვს [გირკინს] მოსკოვის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა  შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მას ბრალი ედება ექსტრემისტული ქმედებებისკენ საჯარო მოწოდებაში. სასამართლომ კი 18 სექტემბრამდე მისი წინასწარ პატიმრობაში ყოფნის გადაწყვეტილება დღეს, 21 ივლისს მიიღო.

იგორ სტრელკოვი აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობას ითხოვდა, ბრალდების მხარე კი, წინასწარ პატიმრობას. “მედიაზონის” ინფორმაციით, სტრელკოვმა სასამართლოზე განაცხადა, რომ მცირე ხნის წინ მას მეორე ხარისხის სტენოკარდიის დიაგნოზი დაუსვეს და შინაპატიმრობას სწორედ ამ მოტივით ითხოვდა.

ამასთან, მან განაცხადა, რომ ქვეყანას ვერ დატოვებდა, რადგან  ბევრ ქვეყანაში იძებნება:

“გამოძიების განცხადება, რომ შესაძლოა მე ქვეყნის გარეთ დავიმალო, გულწრფელად სასაცილოა, რადგან უმეტეს ქვეყანაში ინტერპოლის ძებნილთა სიაში ვარ. ჰააგის ტრიბუნალმა მომისაჯა სამუდამო პატიმრობა იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩამიდენია”, — განაცხადა მან “მედიაზონის” თანახმად.

როგორც BBC იუწყება, სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, სტრელკოვი დანაშაულს არ აღიარებს და არ თანამშრომლობს გამოძიებასთან.


ვინ არის იგორ სტრელკოვი?

იგორ სტრელკოვი, რომლის ნამდვილი გვარიც გირკინია, საკმაო ხანი მსახურობდა რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში [ფსბ], 2014 წელს, ევრომაიდანის შემდეგ კი, სათავეში ჩაუდგა რუსეთის მხარდაჭერილ „ამბოხებულებს“ უკრაინის აღმოსავლეთის რეგიონებში – დონეცკსა და ლუჰანსკში.

სტრელკოვის „თავდაცვის“ მინისტრობისას, ჰააგის საოლქო სასამართლოს თანახმად, პრო-რუსმა სეპარატისტებმა ჩამოაგდეს სამგზავრო თვითმფრინავი. რუსეთი ამ დანაშაულში უკრაინულ მხარეს სდებდა ბრალს. ამავე სასამართლომ სტრელკოვს თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე დაუსწრებლად მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა.

დონბასში მან „თავდაცვის მინისტრის“ პოსტზე ერთი წელი დაჰყო. მოგვიანებით სტრელკოვმა სხვადასხვა საკითხებზე დაიწყო აზრის დაფიქსირება და ხშირად არათუ არ ეთანხმებოდა, არამედ აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ იგი პუტინის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსია „ომის პარტიიდან“, რომელიც ხელისუფლებისგან ომის უკეთესად და უფრო სასტიკად წარმოებას ითხოვს. სტრელკოვი აგრეთვე აკრიტიკებდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელ პრიგოჟინს, ცოტა ხნის წინ კი პუტინს გადადგომისკენაც მოუწოდა.

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...