ანექსირებულ ყირიმში პოლიგონი იწვის
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ხანძარი გაუჩნდა სამხედრო პოლიგონს. ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა დღეს დილით ტელეგრამ-არხით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიროვის რაიონში მდებარე პოლიგონზე ხანძრის გამო დაკეტილია საავტომობილო მაგისტრალი „ტავრიდა“. ხანძრის გამომწვევ მიზეზს აქსიონოვი არ ასახელებს.
მანამდე ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებოდნენ, რომ, სავარაუდოდ, დრონებით დარტყმის შედეგად პოლიგონზე აფეთქდა საბრძოლო მასალების საწყობი.
როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი" წერს, 250-კილომეტრიანი ავტომაგისტრალი „ტავრიდა“ პირველი კატეგორიის გზაა, რომელიც რუსეთის გეგმით უნდა იქცეს ყირიმის საგზაო სისტემის მთავარ მაგისტრალად. ქერჩიდან სევასტოპოლამდე ამ 4-ზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობა რუსეთმა 2017 წელს დაიწყო.
პოლიგონი, სადაც ხანძარია, მდებარეობს ყირიმის აღმოსავლეთ ნაწილში და დიდი მანძილითაა დაშორებული ფრონტის ხაზს. ნახევარკუნძულის ამ ნაწილშია რუსეთთან დამაკავშირებელი ყირიმის ხიდიც, რომელზეც 17 ივლისს დრონებით შეტევა იყო.
ყირიმის აღმოსავლეთზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განხორციელდა 18 ივლისსაც. რუსეთი ამ თავდასხმებს უწოდებს უკრაინის „ტერორისტულ შეტევას“. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.