Jump to content
Planeta.Ge

არ აქვს უფლება, გაავრცელოს ჭორები პრეზიდენტის თითქოსდა პოზიციებზე – ადმინისტრაცია კრევოზე


პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება თავიანთი ყოფილი თანამშრომლის, პიერ-ალექსანდრე კრევოს განცხადებებს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა.

ალექსანდრ კრევო ენმ-ში გაწევრიანებამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კომუნიკაციის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე  მუშაობდა.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ კრევო „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ენმ-ში დანიშვნის შემდეგ მან „ტვ პირველთან“ სალომე ზურაბიშვილზე ისაუბრა. მისი თქმით, პრეზიდენტობის პირველ წლებში ზურაბიშვილს ხშირად ჰქონდა კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან , ახლა  კიმას პრემიერთან და მთავრობასთან აქვს დაპირისპირება, რადგან „ქართული ოცნება“ ღიად ანტიდასავლური ძალა გახდა.

გარდა ამისა, ალექსანდრ კრევომ არ გამორიცხა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ალექსანდრ კრევოს არ აქვს არც უფლება და არც ლეგიტიმაცია, გაავრცელოს ჭორები პრეზიდენტის თითქოსდა პოზიციებსა და მოსაზრებებზე.

ამასთან, პრეზიდენტის ადმიანისტრაცია ხაზს უსვამს, რომ კრევო არასდროს იკავებდა პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას.

„ალექსანდრ კრევო 2019 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე მუშაობდა კომუნიკაციის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე შრომითი ხელშეკრულებით. მისი საჯარო მოხელის პოზიციაზე დასაქმება არ მოხდა, რადგან ვერ წარმოადგინა უმაღლესი განათლების დამადასუტერებელი დოკუმენტი. 2023 წლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არ გააგრძელა მასთან შრომითი ხელშეკრულება, ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო მისი მხრიდან კოვიდრეგულაციების უხეში დარღვევა, რითაც საფრთხე შეუქმნა თანამშრომლების ჯანმრთელობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მას არ აქვს არც უფლება და არც ლეგიტიმაცია, გაავრცელოს ჭორები პრეზიდენტის თითქოსდა პოზიციებსა და მოსაზრებებზე. ყველაზე გასაკვირი და ნამდილად სამწუხაროა, თუ რა სისწრაფით აღიქვა, აითვისა და გაითავისა უცხოეთში გაზრდილმა ახალგაზრდამ საქართველოს პოლიტიკური სივრცის ყველაზე მახინჯი და უღირსი თვისებები“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.


„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის ახალგაზრდა წევრები სხვადასხვა პოზიციაზე დაინიშნენ.

მათ შორისაა ალექსანდრე კრევო-ასათიანი, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მუშაობდა. თუმცა ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...