Jump to content
Planeta.Ge

ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო - რას ამბობს საქართველოს ელჩი ბელგიაში


საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიაში, ვახტანგ მახარობლიშვილი ამბობს, რომ ბელგიის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღება შეიძლება, დაკავშირებული იყოს ტექნიკურ შეცდომასთან.

„ევროკავშირის 16 სახელმწიფოს 20-დან საქართველო აღიარებული ჰყავს, როგორც უსაფრთხო ქვეყანა. აქვე აღვნიშნავ იმას, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანას არ აქვს, ზოგადად, მსგავსი მიდგომა და პრინციპი. ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და შემიძლია ღიად ვთქვა, რომ სამინისტროს ჰქონდა პოზიტიური დამოკიდებულება და რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო დარჩენილიყო უსაფრთხო ქვეყნების სიაში. შესაბამისად, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ხანდახან გარკვეული ტიპის ტექნიკური ან სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე მიიღება.

ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, გვქონდა კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც, მიდის შიდა კომუნიკაციაც ბელგიის უწყებებს შორის და ალბათ, უახლოეს მომავალში დაგვიზუსტებენ კონკრეტულ, შესაძლოა, ტექნიკურ და სტატისტიკურ მიზეზებს.

მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს იღებენ წელიწადში ერთხელ, თუმცა ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ, რომ სხვადასხვა მოცემულობიდან გამომდინარე მოხდეს გადახედვა და უფრო დაჩქარებულად მოხდეს რაიმე გადაწყვეტილებების მიღება. რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, შემიძლია გითხრათ, რომ მას საფრთხე არ ემუქრება, აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია ევროკავშირის მხრიდან არ ყოფილა“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა. ელჩის ამ კომენტარს, რომელიც ბრიუსელშია ჩაწერილი, ტელეკომპანია „რუსთავი-2“ ავრცელებს.




პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...