Jump to content
Planeta.Ge

"დასვენება ჩამშხამდა" - რუსი ბლოგერი ქართულ მედიას ცილისწამებაში ადანაშაულებს


რუსი ბლოგერი დმიტრი შილოვი, რომელიც ცოტა ხნის წინ მამასთან ერთად თბილისში იმყოფებოდა, ქართულ მედიას ცილისწამებაში ადანაშაულებს.

საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, თბილისის აეროპორტში დმიტრი შილოვმა ვიდეო ჩაწერა და ტიკტოკის არხზე გაავრცელა. ვიდეოში ისმის მისი ფრაზა. ის გაკვირვებით ამბობს, რომ აქამდე არ იცოდა, რომ საქართველოში არ უშვებენ "აფხაზეთში ნამყოფებს".

სადაო გახდა მისი ერთი წინადადება, რომელიც ვიდეოს სუბტიტრში ასე წერია: „აღმოჩნდა, რომ აფხაზეთში ჩასვლა არ შეიძლება, ჩვენ არც ვყოფილვართ“ ("Оказывается, в Абхазию нельзя ездить. А мы не ездили“ - რ.თ.).

სოციალური ქსელების მომხმარებლებისა და მედიის ნაწილმა მიიჩნია, რომ სუბტიტრში გადმოცემულ წინადადებას ავტორი სხვაგვარად ამბობს: „აღმოჩნდა, რომ აფხაზეთში ჩასვლა არ შეიძლება, ჩვენ კი ნამყოფი ვართ“ ("Оказывается, в Абхазию нельзя ездить. А мы ездили“ - რ.თ.).

შესაბამისად, გამოითქვა ვარაუდი, რომ მამა-შვილს დარღვეული ჰქონდა საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ.

სოციალური ქსელის მეშვეობით ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრილმა რუსმა ბლოგერმა ინტერვიუ მისცა კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემას. „Соловьев Live-ში" მან თქვა, რომ აფხაზეთში მხოლოდ ბავშვობაშია ნამყოფი.

„შემოწმებისას ჩვენ გვკითხეს, ახლო წარსულში თუ ვყოფილვართ აფხაზეთში. აფხაზეთში ბოლოს 1984 წელს ვიყავი, 4 წლის ასაკში, დედას გაგრაში დავყავდი ხოლმე. ჩავედით [თბილისში] უბრალოდ დასასვენებლად, საქართველოს ეკონომიკაში ფულის ჩასასხმელად“, - ამბობს შილოვი.

ბლოგერის თქმით, მედიაში შექმნილი აჟიოტაჟის გამო „დასვენება ჩაშხამდა“ და კალინინგრადში დაბრუნდა.

შილოვი არ მალავს, რომ ის „ვატნიკია (რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერთა მეტსახელი - რ.თ.) - ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინის გულმხურვალე მხარდამჭერი“.

ქართული მედიის კრიტიკისას ბლოგერი ამბობს, რომ ის არხები, რომლებმაც მას სიუჟეტები მიუძღვნეს, „უმცირესობების არხებია“ და „იგივე ხალხი და ტელეარხებია, რომლებიც ავიაკომპანია „Georgian Airways-ს" ლანძღავდნენ“, მოსკოვში პირდაპირი რეისების შესრულებისთვის.

შილოვი დარწმუნებულია, რომ 30 წელს გადაცილებული საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთთან და რუსებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის მომხრეა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში მიღებული „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლის უფლება აქვთ ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტების გავლით, სხვა შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია ჯარიმა ან პატიმრობა 2-დან 4 წლამდე ვადით.

არასამთავრობო ორგანიზაციის, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) მიერ შსს-დან გამოთხოვილი სტატისტიკის თანახმად, 2009-2016 წლებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სულ 363 შემთხვევაში დაირღვა. სტატისტიკა მიანიშნებს, რომ რეგისტრირებული დარღვევების რაოდენობა მცირდება (2009 წელს 78 შემთხვევა იყო, ხოლო 2016 წელს - მხოლოდ 19). უფრო ახალი მონაცემები ღია წყაროებში არ იძებნება.

საქართველოს საზღვრის კვეთისას მესაზღვრე ადგილზე წყვეტს უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში შემოშვება-არშემოშვების საკითხს. მათ შორის, საქართველოში შემოშვებაზე უარის თქმის საფუძველი შესაძლოა, გახდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევა.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...