ვის არ უშვებენ საქართველოში და ვის ექცევიან საზღვარზე დისკრიმინაციულად – TDI-ის ანგარიში
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI საქართველოში უცხოელთა უფლებრივ მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს და ამ კუთხით გასული წელს აჯამებს.
დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ საანგარიშო პერიოდში მკვეთრად გაუარესდა საჯარო უწყებებიდან საჯარო ინფორმაციის მიღების ხელმისაწვდომობა. საჯარო უწყებების ამგვარი პრაქტიკა დაბრკოლებებს უქმნის არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებს, რომ მათ სრულად შეაფასონ სახელმწიფო პოლიტიკა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით.
ამასთან, TDI აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს საზღვრის კვეთის პროცესში სერიოზული დაბრკოლებები ექმნებათ რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს. კერძოდ, 2022 წელს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილ ათობით რუს ჟურნალისტს, უფლებადამცველსა და პოლიტიკოსს. ასევე, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2021 წლიდან ხელისუფლება საქართველოში შემოსვლაზე დაბრკოლებებს უქმნიდა უკრაინელ საჯარო პირებსაც.
ანგარიშის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა რუსეთის მოქალაქე ჩრდილოკავკასიელების სავარაუდო დისკრიმინაციისა და სხვადასხვა გარეგნული, რელიგიური და კულტურული ატრიბუტის, ასევე, წარმოშობის გამო საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარის მაჩვენებელი.
TDI-მ ჩაატარა ორი ჩაღრმავებული ინტერვიუ ყაბარდო-ბალყარეთსა და ჩეჩნეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებთან. ორივე მათგანი საზღვარზე სავარაუდო რელიგიური ნიშნით განსხვავებულ მოპყრობასა და გამორჩევაზე საუბრობდა:
„რასაც შევესწარი, იყო დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობა, მუყაოს ყუთები ჰქონდათ გაშლილი ადამიანებს და იქვე ეძინათ. კაცები წვერს იპარსავდნენ და ამბობდნენ, უწვეროდ უფრო მარტივად გაგვიშვებენო. მხოლოდ ჩრდილოკავკასიელებს ეპყრობოდნენ ასე“ ,– ამბობს 35 წლის ბულატი TDI-სთან.
32 წლის ნინა კი აცხადებს, რომ ყურადღება ჰიჯაბზე გაუმახვილეს და გამოჰკითხეს, როდის მიიღო ისლამი:
„ჩემს გვარზე გაამახვილეს ყურადღება, ჰიჯაბი მეხურა და მკითხეს, ასეთი ჩაცმულობა რატომ გაქვსო. შემდეგ დაწვრილებით გამომკითხეს, როდის მივიღე ისლამი, მოძღვარი მყავდა თუ არა, ჩემი ქმარიც მუსლიმი იყო თუ არა და მან ხომ არ მიმაღებინა ისლამი. ჩემი ქმარი ბათუმში ცხოვრობს და მასთან ჩავდიოდი ექვსი წლის შვილთან ერთად. სხვა თავსაფრიანი ქალებიც ამბობდნენ, რომ რელიგიაზე ზედმეტად ამახვილებენ ყურადღებასო“, – 32 წლის ნინა.
ამასთან, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ბინადრობის ნებართვის გაცემის პრობლემურ პოლიტიკაზე, რადგანაც, ორგანიზაციის განცხადებით, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ნებართვის გაცემაზე დაუსაბუთებელი უარის გამოცხადების პრაქტიკა, რასაც – თითქმის ყველა შემთხვევაში – საფუძვლად უდევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნა.
„აფრიკისა და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათ მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა კვლავ დისკრიმინაციულია და ისინი ხშირად დაუსაბუთებელ უარს იღებენ ბინადრობის ნებართვაზე. მათ შორის არიან უცხოელი სტუდენტებიც, რომლებსაც დაბრკოლება ექმნებათ სწავლის გაგრძელებაში. ხელისუფლებამ TDI-ს არ მიაწოდა დეტალური სტატისტიკური მონაცემები“, — ვკითხულობთ ანგარიშში.
დოკუმენტის ავტორების თქმით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 11 აპრილამდე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით წარადგინეს 10,304 განცხადება, რომელთა 32,5% (3,340), სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებზე მითითებით, არ დაკმაყოფილდა, ხოლო ნახევარზე მეტი, 56% (5,759) დაკმაყოფილდა.
2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რუსეთის მოქალაქეების მიმართვიანობა 54%-ით, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა.
იმავე პერიოდში ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით უკრაინის მოქალაქეებმა წარადგინეს 943 განცხადება, რომელთა 5%, სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებზე მითითებით, არ დაკმაყოფილდა, ხოლო 85% დაკმაყოფილდა. 1925 განცხადება წარადგინეს ბელარუსის მოქალაქეებმა. მათი 28% (543), სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებზე მითითებით, არ დაკმაყოფილდა, ხოლო 61% (1167) დაკმაყოფილდა.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ელექტრონული ვიზების გაცემის სერვისი შეიცავს გარკვეულ ხარვეზებს: მისით სარგებლობა საერთოდ არ შეუძლიათ ნიგერიის მოქალაქეებს, რომელთათვისაც ამ სერვისით სარგებლობა უაღრესად მნიშვნელოვანია.
TDI აღნიშნავს, რომ ელექტრონული ვიზების გაცემა Covid-19-ის პანდემიის გამო შეჩერებული იყო იმ უცხოელთათვისაც, რომლებსაც, ზოგადად, შეუძლიათ მისით სარგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ სერვისის შეჩერების მიზეზი პანდემია იყო, ორგანიზაციის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისი მიწოდება 2023 წლის მაისამდე (პანდემიის დასრულებიდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში) არ განაახლა ინდოეთის მოქალაქეებისთვის.
ანგარიშის ავტორების თქმით, წინა წლებთან შედარებით გაორმაგებულია თავშესაფრის პროცედურის ფარგლებში განხილული საქმეების რაოდენობა და საანგარიშო პერიოდში სტატუსის მინიჭების მაჩვენებელი ძირითადად გაზრდილია უკრაინის მოქალაქეებისათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებით.
ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ სახელმწიფო არ აწარმოებს ზუსტ სტატისტიკას საქართველოში შემოსული, საქართველოდან გასული და ქვეყანაში მყოფი უკრაინელების შესახებ. ასევე, TDI-ს თქმით, საქართველოს მთავრობას ამ დრომდე არ გააჩნია ერთიანი და ქმედითი სტრატეგია და პოლიტიკა მათ დასახმარებლად.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) 2023 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში 25,101 უკრაინელი იმყოფებოდა, ხოლო 2023 წლის 9 მაისის მონაცემებით – 24,182. მათი დიდი ნაწილი მარიუპოლიდან და ხარკივიდანაა, ქალაქებიდან, რომლებიც ომის შედეგად განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა. Сare Caucasus-ის 2023 წლის კვლევის თანახმად, უკრაინელი ლტოლვილების მთავარი გამოწვევები ფინანსური შემოსავალი და უმუშევრობაა.
დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ ეროვნული, ეთნიკური ან/და რასობრივი მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2022 წელს სულ გამოტანილ იქნა 5 გამამტყუნებელი განაჩენი.
„სახელმწიფოს მიერ წარმოებული სტატისტიკის მიზნებისათვის, „რასის“ ცნებაში მოაზრებულია: „რასა“, კანის ფერი, ენა, მოქალაქეობა, ეროვნული და ეთნიკური კუთვნილება, წარმოშობა, რაც გამორიცხავს იმის ზუსტი აღრიცხვის შესაძლებლობას, თუ კონკრეტულად რომელი მოტივით იქნა დანაშაული ჩადენილი. შსს-მ გამოძიება დაიწყო სულ 56 სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც რასობრივი დისკრიმინაციის ნიშანი იკვეთებოდა.
პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო რასობრივი შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის 14 ფაქტზე, დაზარალებულად კი ცნეს სულ 18 პირი“,— ვკითხულობთ ანგარიშში.
TDI-ს განცხადებით, რასობრივი შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულების გამო საანგარიშო პერიოდში მსჯავრდებულ იქნა 7 პირი (რომელთაგან 5 საქმეზე გამოძიება საანგარიშო პერიოდში დაიწყო).
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით, კვლავაც პრობლემად დარჩა ეთნიკური შეუწყნარებლობისა და ანტისემიტიზმის მოტივით ჩადენილი ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის კვალიფიცირების საკითხი.
„კვლავ პრობლემურია ცალკეული ქვეყნების წარმომადგენლების მიმართ გამოვლენილი რასიზმი საჯარო და კერძო ურთიერთობებში. აფრიკისა და აზიის ქვეყნების წარმომადგენელი მიგრანტები, გარდა სახელმწიფო სერვისების მიღებისას შექმნილი დაბრკოლებებისა (საზღვარზე შემოშვება, ბინადრობის ნებართვის მიღება), საუბრობენ დისკრიმინაციულ გამოცდილებებზე საჯარო სივრცეებში, ბინის დაქირავებისას შექმნილ წინააღმდეგობებზე, განსხვავებულ მოპყრობაზე კომერციულ ბანკებში და სხვა“,— ვკითხულობთ დოკუმენტში.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.