ქალი გააუპატიურეს, პოლიცია კი საქმეს არ იძიებს ეფექტიანად - „საფარი“
ორგანიზაცია „საფარი“ ქალის გაუპატიურების საქმეზე სამართალდამცველებს გულგრილობაში ადანაშაულებს. ორგანიზაციაში მოითხოვენ, ჩატარდეს ყველა საგამოძიებო მოქმედება საქმის ეფექტიანად გამოძიებისთვის.
„მიმდინარე წელს 8 ივლისს, თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი გააუპატიურეს. სავარაუდოდ, მოძალადე არ ყოფილა მხოლოდ ერთი კაცი. შემთხვევის დროს და მომდევნო 12 საათის განმავლობაში ქალი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მოძალადეებმა მას წინასწარი განზრახვით, მცირე ოდენობის სასმელთან ერთად, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება მიაღებინეს. ქალის მეგობარმა, რომელიც, ამავდროულად გაუპატიურების ფაქტის შემსწრეა, პოლიცია ადგილზევე გამოიძახა. ამის მიუხედავად, გამოძიება რამდენიმე დღის დაგვიანებით, მხოლოდ საქმეში „საფარის“ ჩართვის შემდეგ დაიწყო.
პოლიციამ კლინიკას, სადაც ქალი გადაიყვანეს, არ შეატყობინა, რომ პაციენტი სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი იყო. ამიტომ, მეორე დღეს ის ისე გამოწერეს, რომ არ ჩაუტარეს შესაბამისი გამოკვლევები, არ დაუთვალიერეს სხეული ძალადობის კვალის აღმოსაჩენად, არ აუღეს ბიოლოგიური მასალა შესაბამისი ექსპერტიზისთვის და ა.შ.“, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „საფარის“ იურისტებმა ისაუბრეს.
მათივე თქმით, ორგანიზაციის ჩართვის შემდეგ გამოძიება დაიწყო და ქალს ექსპერტიზა ჩაუტარდა. თუმცა, როგორც ამბობენ, პოლიციის გულგრილი, არაპროფესიონალური და დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამო, მთელი რიგი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდა.
„მაგალითად, ქალის ტანსაცმელი ამოიღეს დაგვიანებით; არ გამოკითხულან სავარაუდო მოძალადეები, არ ამოღებულა მათი ტანსაცმელი და ჭურჭელი, საიდანაც ქალს, სავარაუდოდ, მოწამლული სასმელი დაალევინეს; პოლიციამ არ შემოსაზღვრა შემთხვევის ადგილი და ყველა მტკიცებულება, რაც ადგილზე შეიძლებოდა ყოფილიყო, გადაითელა.
გარდა ამისა, ქალის ჰყვება, რომ პოლიციელებს მის მიმართ ცინიკური და დისკრიმინაციული დამოკიდებულება ჰქონდათ. ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ვაკე-საბურთალოს მე-4 განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე. ის ქალის ტელეფონში ათვალიერებდა მის ფოტოალბომს, რითაც, თითქოს, ქალის ცხოვრების წესის შესახებ ინფორმაციის მიღებას ცდილობდა. ასევე, ქალს არწმუნებდა, რომ თუ ვერ დაამტკიცებდა გაუპატიურების ფაქტს, შესაძლოა, თავად ის დაეკავებინათ“, – ამბობენ „საფარში“.
ორგანიზაცია, როგორც ქალის ინტერესების დამცველი, მოითხოვს, საქმე გამოსაძიებლად თბილისის საგამოძიებო სამმართველოს გადაეცეს, დაიკითხოს ყველა მოწმე, ამოიღონ ყველა მტკიცებულება, რისი ამოღებაც ამ დრომდეა შესაძლებელი და ჩატარდეს ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედება საქმის ეფექტიანად გამოძიებისთვის.
გარდა ამისა, როგორც იურისტები ამბობენ, „საფარმა“ უკვე შეტანა საჩივარი საქმეში ჩართული პოლიციელების მიერ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულების ფაქტზე და ითხოვს მათ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.