„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - „ქართული ოცნების“ შემომწირველის კომპანიამ შპს „დ-კ ქონსტრაქშენმა“ დაარსებიდან თვენახევარში 214 524 ლარის კონტრაქტი გამარტივებული შესყიდვის გზით მიიღო
„ქართული ოცნების“ შემომწირველის კომპანიამ შპს „დ-კ ქონსტრაქშენმა“ დაარსებიდან თვენახევარში 214,524 ლარის კონტრაქტი გამარტივებული (პირდაპირი) შესყიდვის გზით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, შპს „დ-კ ქონსტრაქშენი“ 2023 წლის 4 აპრილს დაარსდა და თვენახევარში, 18 მაისს, ქუთაისის მერიისგან 214,524 ლარის კონტრაქტი მიიღო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ აცხადებენ, რომ მერიამ პირდაპირი შესყიდვით ხელშეკრულება ბიზნესსაქმიანობის გამოცდილების არმქონე კომპანიას გაუფორმა.
„შპს „დ-კ ქონსტრაქშენის“ 50-50%-ს დავით ყიფიანი და დიმიტრი კუბლაშვილი ფლობენ. დავით ყიფიანმა, რომელიც ამავე დროს კომპანიის დირექტორია, 2020 წლის აგვისტოში „ქართულ ოცნებას“ 5,000 ლარი შესწირა. ნიშანდობლივია, რომ ამ დროს პანდემია იყო და კომპანიებს რთული პერიოდი ჰქონდათ.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დიმიტრი კუბლაშვილს სამეწარმეო გამოცდილება არ გააჩნია, ხოლო დავით ყიფიანი რამდენიმე კომპანიის დირექტორია.
ხელშეკრულების მიხედვით, შპს „დ-კ ქონსტრაქშენს“ ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის არეალში მდებარე ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია განახორციელა.
სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული წესით ჩატარების საფუძვლად გადაუდებელი აუცილებლობაა მითითებული. შენობის რეაბილიტაცია უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე (21 ივნისამდე) უნდა დასრულებულიყო, რადგან ქუთაისის სტადიონი აღნიშნული ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელია. საქართველო რომ უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა იქნებოდა, ეს ცნობილი 2020 წლის 2 დეკემბერს გახდა და ბუნებრივია, მოსამზადებელი სამუშაოების სათანადო დაგეგმვის შემთხვევაში, ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, სასწრაფოდ, გამარტივებული შესყიდვით კონტრაქტის გაფორმება საჭირო არ იქნებოდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.