ჯოზეფ ბორელი - რუსეთი აგრძელებს საკვების იარაღად გამოყენებას - ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ განაახლოს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განხორციელება
ევროკავშირი ცალსახად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შესახებ, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია აღნიშნული.
„რუსეთი თავისი გადაწყვეტილებით კიდევ უფრო ამწვავებს სასურსათო უსაფრთხოების გლობალურ კრიზისს, რომელიც შეიქმნა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გაჩაღებისა და უკრაინის საზღვაო პორტების ბლოკადის შედეგად. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის საზღვაო პორტების უკანონო ბლოკირება და დაუშვას შავ ზღვაზე ნაოსნობის თავისუფლება. რუსეთი აგრძელებს საკვების იარაღად გამოყენებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ჯოზეფ ბორელი ხაზს უსვამს, რომ შეთანხმების შეწყვეტით, რუსეთი ცალმხრივად ბლოკავს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ერთ-ერთ მთავარ გზას და მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი მსოფლიოში მარცვლეულის მიწოდების შეფერხებასა და გლობალურად სურსათის ფასების ინფლაციაზე.
„ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს გადახედოს გადაწყვეტილებას და დაუყოვნებლივ განაახლოს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განხორციელება. ევროკავშირი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა გააგრძელოს ყველა საქონლის, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების დროული და სტაბილური მიწოდების მხარდაჭერა გლობალურ ბაზრებზე ევროკავშირი-უკრაინის „სოლიდარობის გზების“ მეშვეობით. ევროკავშირი გააგრძელებს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განახლებისთვის ყველა მცდელობის მხარდაჭერას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთმა გუშინ განაცხადა, რომ აჩერებს მონაწილეობას შეთანხმებაში, რომელიც ომის ფონზე უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის საშუალებას იძლეოდა. გაერო-ს მონაცემებით, შეთანხმების ფარგლებში, რომელიც თავდაპირველად ერთი წლის წინ თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით გაფორმდა, უკრაინის პორტებით თითქმის 33 მილიონი ტონა საკვების ექსპორტი განხორციელდა.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.